პულპიტი და პერიოდონტიტი – ძირითადი ენდოდონტიური დაავადებები

პულპიტი და პერიოდონტიტი – ძირითადი ენდოდონტიური დაავადებები

 

ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს სტომატოლოგიურ მანიპულაციებს კბილის პულპასა და ფესვის არხებში. ასეთი ჩარევა ყველაზე ხშირად საჭირო ხდება მაშინ, როდესაც კბილი ძალიან არის დაზიანებული კარიესის შედეგად და ანთებით პროცესში უკვე ჩათრეულია პულპა (ნერვი). ამ დროს ენდოდონტიური მკურნალობის წყალობით ჩვენ თავიდან ავიცილებთ კბილის დაკარგვასა და შემდგომში პროთეზის ან იმპლანტატის ჩადგმას.

ძირითადი ენდოდონტიური დაავადებებია პულპიტი და პერიოდონტიტი. მათი ძირითადი მიზეზია ღრმა კარიესი და პაროდონტოლოგიური დაავადებები. თუმცა, ზოგჯერ პულპიტისა და პერიოდონტიტის მიზეზი შეიძლება გახდეს კბილის ან ღრძილის ტრავმა, არასწორად ჩატარებული პაროდონტოლოგიური ოპერაცია, ცუდად დადებული ბჟენი ან კბილის უხეში პრეპარირება ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების წინ.

პულპიტი იყოფა მწვავე (ჩირქოვან, სეროზულ, ტრავმულ და სხვ.) და ქრონიკულ (ფიბროზულ, განგრენულ და ჰიპერტროფიულ) ფორმებად. სეროზული პულპიტი შექცევადი დაავადებაა: ანტიბიოტიკების და კალციუმის შემცველი ნახვევების  გამოყენების შედეგად პულპის ანტებითი უბანი შეიძლება დაცხრეს და მის ადგილას ჩამოყალიბდეს მეორადი დენტინი. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პაციენტი 30 წლამდე ასაკისაა, არ აქვს ზოგადი ქრონიკული დაავადებები და თუ მისი კბილის ქსოვილები საკმაოდ მდგრადია კარიესის მიმართ.

თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, პულპიტის დროს საჭირო ხდება კბილიდან მთლიანად პულპის მოცილება. ამ მიზნით სტომატოლოგი ტურბინული ბორის საშუალებით შექმნის მისადგომს პულპასთან და ფესვის არხებთან, ამოიღებს პულპას (ნერვს), პულპის საკანას დაამუშავებს ანტისეპტიკური საშუალებებით და შემდეგ არხს დაბჟენს. ნერვის ამოღებას და არხების დაბჟენას შეიძლება ერთი ან ორი ვიზიტი დასჭირდეს. ენდოდონტიური მკურნალობის აუცილებელი პირობაა კბილზე  რენტგენის სურათის გადაღება მკურნალობამდე (კბილის არხების შესასწავლად) და მკურნალობის შემდეგ (არხების სწორად დაბჟენის დასადასტურებლად).

პერიოდონტიტი ხასიათდება ანთებითი პროცესით პერიოდონტში ანუ კბილის საყრდენ აპარატში – იქ, სადაც კბილი ემაგრება ყბის ძვალს. პერიოდონტიტი, ისევე როგორც პულპიტი, იყოფამწვავე (ჩირქოვან და სეროზულ) და ქრონიკულ(ფიბროზულ, გრანულირებად და გრანულომატოზურ) ფორმებად.

პერიოდონტიტის ყველაზე ხშირი მიზეზია არანამკურნალები კარიესი. თუმცა, დაავადების გამომწვევი მიკრობები კბილის არხსა და პერიოდონტში შეიძლება მოხვდნენ არა მხოლოდ კარიესული ღრუდან, არამედ მაგალითად ჰაიმორიტის ან ოსტეომიელიტის, ანუ კბილთან მიმდებარე ქსოვილებში არსებული ანთების დროს, კბილის ტრავმის ან არასწორად ნამკურნალები პულპიტის შედეგად. გარდა ამისა, პერიოდონტიტი შეიძლება გამოიწვიონ არხის დასამუშავებლად გამოყენებულმა ძლიერმოქმედმა მედიკამენტურმა პრეპარატებმა.

მწვავე პერიოდონტიტის ერთერთი პირველი და უტყუარი სიმპტომია მკვეთრი ტკივილი კბილზე ზეწოლისას. დასაწყისში ვითარდება მწვავე სეროზული პერიოდონტიტი, რომელიც შემდეგ გადადის ჩირქოვანში. დაავდების ამ სტადიაზე პაციენტს უკვე შეიძლება შეუსივდეს კბილთან ახლოს მდებარე რბილი ქსოვილები (ღრძილი, ლოყა, ტუჩი). ზოგჯერ ხდება ისე, რომ პერიოდონტში მიდინარე ანთების შედეგად დაგროვილი ჩირქი ამოედინება ფესვის არხებიდან, რის შედეგადაც მწვავე მოვლენები თანდათან ცხრება და პერიოდონტიტი გადადის ქრონიკულ ფორმაში.

პერიოდონტიტის მკურნალობას იწყებენ დიაგნოსტიკით. ამისათვის დაზიანებულ კბილს უღებენ რენტგენის სურათს ან იკვლევენ ვიზიოგრაფის საშუალებით. შემდეგ აყალიბებენ მისადგომს პულპასა და ფესვის არხებთან, ფესვის არხებიდან იღებენ მკვდარ ქსოვილებს, არხს გულდასმით აფართოებენ, რათა ანთებითი უბნიდან გამოვიდეს ჩირქოვანი ან სეროზული სითხე, შემდეგ ფესვის არხს ამუშავებენ ანტისეპტიკური საშუალებებით და არხში ტოვებენ ანტიბაქტერიულ პასტას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამ პასტას იღებენ, ხოლო არხებსა და კბილს ბჟენენ. თუ სწორად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ,  კბილი მაინც არაჰერმეტული რჩება (კბილის დახურვის შემდეგ ანთება კვლავ მწვავდება), მას ამოიღებენ.

პულპიტისა და პერიოდონტიტის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია კარიესის და ღრძილების დაავადებების რაც შეიძლება დროული მკურნალობა, ტრავმის შედეგების გამოსწორება, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.