ბიოშეთავსებადი მასალები

ბიოშეთავსებადი მასალები

დენტალური იმპლანტაცია კბილის პროთეზებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას წყვეტს. იმპლანტაციის არსი და მთავარი უპირატესობაა მჭიდრო კავშირის წარმოქმნა იმპლანტატსა და ძვლოვან ქსოვილს შორის, ე.წ. ოსტეოინტეგრაცია. იმპლანტატი ღეჭვით ზეწოლას გადასცემს ძვალს და ახდენს საკუთარი კბილების დატვირთვის იმიტაციას. შედეგად, ძვალი აგრძელებს მუშაობას და არ ატროფირდება. ძვლისა და იმპლანტატის შესაზრდელად საჭიროა 3-6 თვე. ამასთანავე ღრძლილიც მჭიდროდ ეკვრის გარშემო იმპლანტატს, რაც იცავს მას პირის ღრუდან მიკროორგანიზმების შეღწევისგან.

წარმატებული ოსტეოინტეგრაციის ის მასალა, რომლისგანაც დამზადებულია იმპლანტატი, უნდა იყოს სრულად ინერტული და არ უნდა იწვევდეს ორგანიზმის იმუნოლოგიურ პასუხს. ამჟამად, ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული მასალებია ტიტანი, ოქრო და ნიკელ-ქრომ-ვანადიუმის შენადნობები. ახალი ბიოშეთავსებადი მასალების აქტიური ძიება კვლავაც გრძელდება.

დრესდღეობით, ყველაზე კარგი ბიოშეთაცსებით გამოირჩევა ბიოლოგიურად აქტიური ფოროვან-ფხვნილოვანი საფარის მქონე იმპლანტატები. მათი განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით ძვალი ჩაიზრდება საფარის ფორებში, რაც უზრუნველყოფს იმპლანტატის საუკეთესო ფიქსაციას ადამიანის ორგანიზმში. ასეთი ეფექტის მისაღწევად, ტიტანის ფუძე იფარება ტიტანის ფხვნილით, შემდეგ კი იდება ბიოლოგიურად აქტიური კერამიკის ფენა. ასეთი კონსტრუქცია უზრუნველყოფს საუკეთესო ოსტეოინტეგრაციას და ძვლის უჯრედები ნორმალურად ფუნქციონირებენ კონსტრუქციის შიგნითაც.

იმპლანტაციაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ძვლოვანი ქსოვილის არაორგანული შემადგენლები – ჰიდროქსიაპატიტი და ტრიკალციფოსფატი. ამ მასალებს აქვთ მშვენიერი ბიოშეთავსებადობა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიწოვებიან ძვლოვან ქსოვილში და აქტიურად უწყობენ ხელს ძვალწარმოქმნას.

ისტორიული ექსკურსი

ადამიანები დაკარგული კბილების შეცვლას ცდილობდნენ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე VI ს-ში. მაგალითად, არქეოლოგების მონაცემებით, ძველი ინკები ამ მიზნით იყენებდნენ ზღვის მიდიებს. საფრანგეთის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ლითონის ხელოვნური კბილის მქონე ქალის თავის ქალა. აღმოჩენა მიეკუთვნება ახ.წ.აღ-ით I საუკუნეს.

XVIII ს-ის ბოლოს ექიმები არაერთხელ მიმართავდენენ იმპლანტაციას, მაგრამ თითქმის ყოველთვის უშედეგოდ. მაშინ სტომატოლოგები იშვიათად იყენებდნენ ანტისეპტიკურ საშუალებებს, ჭრილობა ხშირად ინფიცირდებოდა, რაც ამძიმებდა პაციენტის მდგომარეობას. ამის მიუხედავად, მეცნიერები და ექიმები არ ნებდებოდნენ და ეძებდნენ ბიოშეთავსებად მასალას. უკვე 1809 წელს სტომატოლოგიაში დაიწყეს ოქროს გამოყენება. 1888 წელს შეიმუშავეს ბიოშეთავსებადობის პრინციპი. 1891 წელს .. ზნამენსკიმ თავის მოხსნებაში „ხელოვნური კბილების იმპლანტაცია” პირველად აღნიშნა, რომ იმპლანტატის დასამაგრებლად საუკეთესო ადგილია აღდგენილი ძვალი და არა კბილბუდე. ამავდროულად, პროთეზი არ უნდა მოქმედებდეს ძვალში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ამ მომენტიდან სტომატოლოგებმა დაიწყეს სხვადასხვა მასალის აქტიური გამოყენება და შეისწავლიდნენ მათ თვისებებს. შედეგად, მოიძებნა მსუბუქი და კოროზიის გამძლე მასალა – ტიტანი. მხოლოდ 1952 წელს შვედმა ბრონემარკმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა დენტალური იმპლანტაციის პრინციპები: სტერილურობა, სუფთა ზედაპირი, ატრავმულობა, სარეცელისა და კონსტრუქციის გეომეტრიული თანაფარდობა, რაც იწვევს ლითონის ზედაპირის ძვალთან მჭიდროდ შეზრდას. 1960-იან წლებში იწყება ექსპერიმენტების ეპოქა: შემუშავდა იმპლანტატების სხვადასხვა კონსტრუქციები და მოდელები. 1970 წელს .რობერტსმა შემოგვთავაზა კოსტრუქციის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ატროფირებულ ქვედა ყბას შეესაბამებოდა. 1980-იან წლებში შემოთავაზებულ იქნა ბევრი კონსტრუქცია, რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ 1965 წელს შემოთავაზებული Branemark-ის სისტემის იმპლანტატების მოდიფიკაციებს წარმოადგენდა. 1990-იან წლებში ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე დამტკიცდა ოსტეოინტეგრაციის შესაძლებლობა ერთეტაპიანი ხრახნიანი იმპლანტატების გამოყენებისას.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.