ნაფლეთოვანი ოპერაციები: ჩვენებები, უკუჩვენებები, მეთოდი

ნაფლეთოვანი ოპერაციები: ჩვენებები, უკუჩვენებები, მეთოდი

ნაფლეთოვან ოპერაციებს უწოდებენ ქირურგიულ მანიპულაციებს პაროდონტის ქსოვილებზე, როდესაც ღრძილის პათოლოგიური ჯიბეების შიგთავსის მოცილება ხდება სკალპელის (ან პაროდონტოლოგიური დანის) საშუალებით. ოპერაციის დროს იკვეთება ღრძილის ჯიბის კედლის შიგნითა მხარე, შემდეგ ღრძილის დანარჩენ ნაწილს მოათავსებენ ფესვების ზედაპირებზე და მათ შორის შუალედებში. შედეგად, ოპერაციის შემდეგ ჩნდება ახალი მიმაგრება.

ნაფლეთოვანი ოპერაციები ტარდება 2 შემთხვევაში: 1. როდესაც არის პატარა და საშუალო ზომის ჯიბეები (5 მმ ნაკლები) და კერატინიზებული ღრძილის მიდამო საკმარისი სისქისა და სიგანისაა. 2. კბილების ფრონტალურ ნაწილში, სადაც აუცილებელია ესთეტიკის შენარჩუნება და ამავდროულად ფესვის ზედაპირის გასწორება (რისთვისაც ის მისაწვდომი უნდა დარჩეს).

ნაფლეთოვანი ოპერაციების ძირითადი ამოცანაა პათოლოგიური ჯიბეების შემცირება ოპერაციის შედეგად შექმნილი ახალი კბილ-ღრძილოვანი მიმაგრების წყალობით. ოპერაციამ შეიძლება ოდნავ შეამციროს ღრძილის მოცულობა, მაგრამ არსებული გამოცდილება მოწმობს, რომ ღრძილის ქსოვილებს აღდგენის დიდი პოტენციალი გააჩნიათ და ხშირად ღრზილის ესტეტიკა არ ზარალდება.

ნაფლეთოვანი ოპერაციის დაწყების წინ აუცილებელია კბილების გაწმენდა ნადებისგან. შემდეგ ტარდება გაუტკივარება და დახრილი განაკვეთი ღრძილის კიდიდან ალვეოლური ძვლის ქედამდე. შემდეგ განაკვეთი კეთდება ღრძილის ორივე მხრიდან ინტერპროქსიმალურად, მაგრამ ისე, რომ კბილთაშორისი დვრილები მაქსიმალურად მთელი დარჩეს. აუცილებელია ღრძილის კედლის შიგნითა ზედაპირის ამოკვეთა მთელი კბილის ირგვლივ.

შემდეგ კეთდება კიდევ ერთი განაკვეთი – ღრძილის ჯიბის ფუძიდან ალვეოლური ძვლის ქედამდე და ამოკვეთილი ქსოვილი მოცილდება კიურეტით. მთლიანად უნდა მოიფხიკოს ცემენტი, რომელიც ეხებოდა ღრძილის ჯიბის შიგთავსს, რადგან ის შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. კბილის ფესვის ზედაპირი უნდა გაიწმინდოს სხვადასხვა დანალექისგან (ნადებისა და კბილის ქვისგან). ქირურგიული ჩარევის მთელი მიდამო ირეცხება წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით, რაც საბოლოოდ მოაცილებს ოპერაციის მიდამოს ნადების ნარჩენებს და სისხლის კოლტებს.

შემდეგ აუცილებელია განაკვეთის კიდეების გასწორება. თუ ეს შეუძლებელია გარკვეული დაჭიმვის გარეშე, ტარდება ძვლის რეკონტურირება. კბილებს შორის შუალედებში ედება ნაკერები. შემდეგ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ფილთით 2-3 წუთის განმავლობაში აწვებიან ნაფლეთებს ღრძილის ორივე მხრიდან, რომ სისხლის კოლტი ნაფლეთის ქვეშ მინიმალური იყოს.

ოპერაციის ბოლოს, ქირურგიული ჩარევის მიდამოში ედება პაროდონტოლოგიური ნახვევი ისე, რომ ის არ აღმოჩნდეს კბილის ზედაპირსა და ნაფლეთებს შორის. ნახვევი იხსნება მე-7-10 დღეს, ნაკერები სცილდება, კბილის მინანქრის ზედაპირი პრიალდება.

ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის სწორი რჩევების მიცემა ოპერაციის შემდეგ ჭრილობის მოვლისა და პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ. ოპერაციული ჩარევის მიდამო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიწმინდოს. ოპერაციიდან პირველი თვის განმავლობაში საჭიროა კბილის მინანქრის გაპრიალება ყოველ კვირას. ჩატარებული ოპერაციის შედეგიანობა დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენაზე ქირურგიული ჩარევიდან 1 თვის განმავლობაში.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.