სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/
ცოლქმრული კომუნიკაციის პოზიტიური ფორმები
ცოლქმრულ ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ფორმის შერჩევა. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არ დაგროვდეს წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება და სხვა ნეგატიური ემოციები.
წინასწარი მოლოდინი-მოულოდნელობის წინააღმდეგ
თქვენ შეიძლება იმის შიშით, რომ არ იცით რა რეაქცია ექნება თქვენს საყვარელ ადამიანს დამალოთ თქვენი გეგმები. მაგალითად, ის, რომ საღამოს წასასვლელი ხართ სამსახურეობრივ შეხვედრაზე, რამდენიმე საათით ადრე უთხრათ თქვენს პარტნიორს. რცა ეს თქვენთვის უკვე მთელი კვირაა ცნობილია. რეაქცია კი რისიც გეშიოდათ, ბევრად უფრო მძაფრი ხდება.
სავარაუდოდ რას გრძნობს პარტნიორი? – შეურაწყხოფილია, რადგან თვლის, რომ არაფრად აგდებთ. იმედგაცრუებულია, რადგან მას შეიძლება სხვანაირად წარმოედგინა ეს საღამო. ან შეიძლება რაიმე სურპრიზის მოწყობაც კი უნდოდა თქვენთვის.
წინასწარი თქმის და სწორი მოლოდინის შემთხვევაში თავიდან აირიდებთ უარყოფით ემოციებს. შეიძლება მას მაინც არ ესიამოვნოს თქვენი რაიმე გეგმა, მაგრამ მიხვდება, რომ პატივს სცემთ მის აზრს და უზიარებთ თქვენი ცხოვრების დეტალებს.
მისი აზრის გაგება – უყურადღებობის წინააღმდეგ
თქვენ შეიძლება არაჩვეულებრივად იცით, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს არ უყვარს წვნიანი, მაგრამ მოგიწიათ წვნიანის მომზადება. თქვენ ისიც იცით, რომ სახლში მოსულს, მას უარყოფითი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. მიმართეთ შემდეგ ხერხს. შეეხმიანეთ მას და უთხარით, რომ უგემრიელესი წვნიანი გაქვთ მომზადებული. ამასთან ჰკითხეთ, კიდევ რაიმე ხომ არ მოამზადოთ მისთვის განსაკუთრებული.
ეს ფორმა თავიდან აგაცილებთ სახლში მოსული პარტნიორის ნეგატიურ ემოციებს. ეს იქნება ბრაზი, უპატივცემულობის შეგრძნება თუ წყენა. ამის მაგივრად პარტნიორი იგრძნობს თქვენ ზრუნვას და იმას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი.
გაზიარება-დუმილის წინააღმდეგ
თქვენი მიზნები და სურვილები სასურველია ცნობილი იყოს თქვენი პარტნიორისთვის, მაგრამ არა მხოლოდ შესრულების მომენტში, არამედ ზოგადად. ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე, მიზნებზე, გეგმებსა და ემოციებზე. იყავით გახსნილი და მიიტანეთ ეს ყველაფერი თქვენს პარტნიორამდე. ეს გააღრმავებს ნდობას თქვენს შორის და გაუჩენს პარტნიორს სურვილს დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ თქვენი გეგმების შესრულებაში.
დაიმახსოვრეთ, თქვენს მიზნებზე საუბარი სასურველია პოზიტიურ ჭრილში მიმდინარეობდეს, თუნდც ამ მიზნების შესრულება თქვენი პარტნიორის პირდაპირ ვალდებულებად მიგაჩნდეთ.
კითხვითი ფორმა – მტკიცებითის წინააღმდეგ
პარტნიორის რაიმე ქცევამ, გადაწყვეტილებამ ან გეგმამ შესაძლოა გაგაღიზიანოთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში მოერიდეთ ბრძანებით განცხადებებს. იყავით გამჭრიახი. ესაუბრეთ მას კითხვითი ფორმით და არა მტკიცებით. მაგ-ად: თუ არ მოგეწონათ სად დაკიდა თავისი ტანსაცმელი, ჰკითხეთ:
– ეს ტანსაცმელი ხომ არ სჯობს იქ დაკიდო? ან
– ამ ტანსაცმლისთვის უკეთესი ხომ არ არის კარადაში ეკიდოს?
და არა – ეს სად დაგიკიდებია ტანსაცმელი. დაკიდე სადაც საჭიროა!
ამ ორ ფორმას შორის განსხვავება არა მხოლოდ კითხვით და მტკიცებით ფორმებშია. პირველ შემთხვევაში აქცენტი ტანსაცმელზეა, მეორე შემთხვევაში კი “შენ”-ზე. ანუ პარტნიორის დადანაშაულებაზე. ასევე მნიშვნელობა აქვს თქმის ტონს. ის არ უნდა იყოს პრეტენზიული ან ირონიული. გამოიყენეთ გაწონასწორებული ტონი.
თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან სჯობს მეტად დაფიქრებულად იმოქმედოთ და ისაუბროთ. ამ მოქმედებებს და სიტყვებს კი ფონად ყოველთვის უნდა გასდევდეს მის მიმართ პატივისცემის გრძნობა. გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”