Chlamydophila psittaci

Chlamydophila psittaci (ლათ.) – ვრცელდება ფრინველებს შორის ან ფრინველებიდან გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ძუძუმწოვრებს. დაავადება ყველა ცხოველში იწყება გრიპისმაგვარი სიმპტომებით და სწრაფად გადადის პნევმონიაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ფრინველის ორგანიზმში მრავალი შტამი, იმყოფება ლატენტურ მდგომარეობაში და შეიძლება გააქტიურდნენ სტრესის დროს. ვინაიდან ფრინველები ძალზე მოძრავი არსებებია, დაავადებას სწრაფად ავრცელებენ. გრამის მეთოდით Chlamydophila psittaci იღებება ცუდად, გამოიყენება შეღებვის რომანოვსკი-გიმზას (იისფერი შეფერილობა) მეთოდი. C. psittaci შიდაუჯრედული პარაზიტია. აქვს 8 სეროტიპი, მრავლდება მხოლოდ ცოცხალ უჯრედში. ორნითოზის გამომწვევს ლაბორატორიაში ამრავლებენ ქათმის ემბრიონზე. ბაქტერია მდგრადია გარემო პირობებისადმი. კარგად იტანენ დაბალ ტემპერატურას, თუმცა სწრაფად ინაქტივირდებიან მაღალ ტემპერატურასა და დეზინფექციის დროს. ფრინველების ორგანიზმში დაავადება სხვადასხვაგვრად ვლინდება, მათ შორის უსიმპტომოდაც (სუბკლინიკური მიმდინარეობა) ამ მწვავე და ქრონიკული ფორმებით. Chlamydophila psittaci აზიანებს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს და მაკროფაგებს. შედეგად ვითარდება სეფსისი. ბაქტერია ლოკალიზდება სხვადასხვა ორგანოების მაკროფაგებში და ეპითელურ უჯრედებში, კონიუნქტივაში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ხშირად ხვდება კვერცხის შიგნით. ბაქტერიის ფრინველის ორგანიზმში პერსისტენციისას, სტრესი ხშირად იწვევს დაავადების მანიფესტირებას, რაც ფრინველის სიკვდილით მთავრდება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.