Mycobacterium tuberculosis

Mycobacterium tuberculosis (ლათ.) – კოხის ჩხირი, მიკობაქტერიების სახეობა. ოჯახი Mycobacteriaceae. შედის ახლონათესაური სახეობების ჯგუფში – MTBC (ინგლ. Mycobacterium tuberculosis complex), (M. tuberculosis, M. bovis, M. africanum, M. microti, M. pinnipedii და M. caprae), რომლებიც იწვევს ტუბერკულოზს ადამიანებსა და ცხოველებში. წარმოადგენს ჯგუფში ყველაზე მეტად შესწავლილ სახეობას. MTBC მიეკუთვნება პროკარიოტებს (მათ ციტოპლაზმაში არ არის მაღალორგანიზებული ორგანელები: გოლჯის აპარატი, ლიზოსომა). ასევე არ გვხვდება მათ უჯრედში პროკარიოტებისათვის დამახასიათებელი და სხვა მიკობაქტერიებში არსებული – პლაზმიდები. უჯრედების ფორმა ოდნავ ჩაზნექილია ან სწორი ჩხირია. ბაქტერიები არიან აეროფილები და მეზოფილები (ტემპერატურული დიაპაზონი 37-42°C), თუმცა არახელსაყრელი პირობების დადგომისას, შესაძლებელია მათი მეტაბოლიზმის ცვლილება. უჯრედები ტრანსფორმირდება და მიკროაეროფილები ანაერობებიც კი ხდებიან. ჟანგბადის მოხმარების და ოქსიდაზური სისტემის განვითარების მხრივ, ემსგავსებიან ნამდვილ სოკოებს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიები მიეკუთვნება შიდაუჯრედულ ინფექციებს, რასაც უკავშირებენ მის მაღალ პერსისტენციას. პირველადად მიკობაქტერიები ინფიცირებენ მასპინძლის მაკროფაგებს და მრავლდება მასში, რაც წარმოადგენს მასპინძელ ორგანიზმში, მათი გადარჩენის განსაკუთრებულ მექანიზმს. მანოზური რეცეპტორების და კომპლემენტის სისტემის (CR1, CR3 და CR4) რეცეპტორების არსებობის საშუალებით, მიკობაქტერიები უკავშირდება მაკროფაგის მემბრანას და ფაგოციტირდება უჯრედის შიგნით. ფაგოსომის შიგნით, მიკობაქტერიები აწარმოებენ რემოდელინგს, რაც არღვევს მაკროფაგის მომწიფების სტადიებს და მის შემდგომ მიერთებას ლიზოსომასთან, შედეგად არ მიიღება ფაგოლიზოსომები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.