ეგზემა

ეგზემა eczema

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეგზემა – კანის ზედაპირული შრეების ნერვულ – ალერგიული ხასიათის ანთება, რომელიც წარმოიქმნება გარეგანი ან შინაგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად; გამოირჩევა გამონაყრის პოლიმორფიზმით, ქავილითა და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით.

ეგზემაეტიოლოგია ცნობილი არ არის.

ეგზემაპათოგენეზი

კანის პოლივალენტური სენსიბილიზაცია, რის გამოც იგი არაადეკვატურად რეაგირებს სხვადასხვა ეგზოგენურ და ენდოგენურ ზემოქმედებებზე. სენსიბილიზაციას ხელს უწყობს სტრესული განცდები ენდოკრინოპათიები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები, ასევე ტერფების მიკოზი, ქრონიკული პიოკოკური პროცესები და ალერგიული დაავადებები. ბავშვთა ასაკში ეგზემა პათოგენეტიკურად დაკავშირებულია ექსუდაციურ დიათეზთან.

ეგზემაკლინიკური სურათი

ეგზემა აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე (ხშირად სახეზე და ზედა კიდურებზე). განასხვავებენ ჭეშმარიტ, მიკრობულ, სებორეულ და პროფესიონალურ ეგზემას. ჭეშმარიტი ეგზემა მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად. მწვავე ეგზემა ხასიათდება მკაფიო შეშუპებული ერითემით

 

მრავლობითი წვრილი ბუშტუკებით, რომელთა გახსნისას წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები უხვი სისველით, ქერქებისა და ქერცლების წარმოქმნით. სუბიექტრად აღინიშნება ქავილი. მწვავე ეგზემა გრძელდება 1,5 – 2 თვე. ქვემწვავე მიმდინარეობის დროს ანთებითი მოვლენები ნაკლებადაა გამოხატული: კერების შეფერილობა ხდება მოლურჯო – ვარდისფერი, შეშუპება და სისველე ზომიერია, ცხრება ქავილი და წვა; თან ერთვის ინფილტრაცია. პროცესის ხანგრძლივობა ნახევარ წლამდეა. ქრონიკული მიმდინარეობისას კლინიკურ სურათში სჭარბობს კანის ინფილტრაცია, ბუშტუკები და სველი ეროზიები ძნელად ვლინდება, სუბიექტურად – აღინიშნება ქავილი. მიმდინარეობა გაურკვევლად ხანგრძლივია, მორეციდივე. ჭეშმარიტი ეგზემის სახესხვაობას წარმოადგენს დისჰიდროზული ეგზემა, რომელიც ლოკალიზდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე და ვლინდება უხვი, ბუშტუკების და მრავალკამერიანი ბუშტების კერებით, მკვრივი სახურავით, რომელთა გახსნისას შიშვლდება  რქოვანი შრით გარშემორტყმული სველი უბნები. მიკრობული ეგზემა, რომლის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიკროორგანიზმებისადმი სენსიბილიზაცია, გამოირჩევა განლაგების ასიმეტრულობით, (ხშირად კიდურებზე) მრგვალი მოხაზულობით, აშრევებული რქოვანი შრის მკაფიო საზღვრებით, ჩირქგროვების არსებობით, ხანგრძლივად შეურხორცებადი ჭრილობებით, ტროფიკული წყლულებით.

 

სებორეული ეგზემა პათოგენტიკურად დაკავშირებულია სებორეასთან. გვხვდება ჩვილ ბავშვთა ასაკში და პუბერტატული პერიოდის შემდეგ. ლოკალიზდება თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებს უკან, სახეზე, გულმკერდზე და ბეჭებს შორის. მისი დამახასიათებელი თავისებურებაა მოყვითალო შეფერვა, ცხიმიანი ქერცლები, გამოხატული სისველის არარსებობა, არამკვეთრი ინფილტრაცია, კერების მიდრეკილება რეგრესისაკენ ცენტრში და ერთდროული ზრდით პერიფერიაზე. პროფესიონალური ეგზემა მორფოლოგიურად მსგავსია ჭეშმარიტი ეგზემისა, აზიანებს კანის ღია ნაწილებს; პირველ რიგში ექვემდებარება ქიმიური გამაღიზიანებლების მავნე ზემოქმედებას საწარმოო პირობებში და არ ხასიათდება მყარი მიმდინარეობით, ვინაიდან სენსიბილიზაცია ატარებს არა იმდენად პოლივალენტურ, არამედ მონოვალენტურ ხასიათს.

ეგზემა  – მკურნალობა

ითვალისწინებს გამაღიზიანებელი ფაქტორების გამოვლინებასა და მოხსნას, თანმხლები დაავადების თერაპიას; საჭიროა კანის მაქსიმალური დაცვა, განსაკუთრებით დაზიანებული უბნების. ინიშნება ანტიჰისტამინური და სედატიური საშუალებები, მათ შორის ტრანკვილიზატორები;  გამოიყენება კორტიოსტეროიდული მაზები.

ეგზემაპროფილაქტიკა, პროგნოზი

ნევროგენული გადახრებისა და თანმხლები დაავადებების კორექცია, განსაკუთრებით ტერფების მიკოზებისა და პიოკოკური დაზიანებების; ექსუდაციური დიათეზის და სებორეული მდგომარეობების დროული მკურნალობა; ქიმიურ გამაღიზიანებელთან კონტაქტის გამორიცხვა წარმოებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროგნოზი ჭეშმარიტი ეგზემის დროს სრული განკურნების თვალსაზრისით საეჭვოა, სხვა ფორმების დროს – შედარებით კეთილსაიმედოა.

____________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები

……