ტულარემია

ტულარემია tularemia

ტულარემია მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი  ინტოქსიკაციით, ლიმფური აპარატის, კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ხოლო აეროგენული ინფიცირების შემთხვევაში – ფილტვების დაზიანებით; მიეკუთვნება ზოონოზებს ბუნებრივი კეროვნებით.

ტულარემია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია კოკისებური ჩხირები, გრამუარყოფითი, მდგრადი გარემოში. ტულარემია გამოირჩევა ინფექციის შეჭრის კარის მრავალფეროვნებით. განასხვავებენ შემდეგ გზებს: კანის გავლით (კონტაქტი ინფიცირებულ მღრღნელებთან, ტრანსმისიური გადაცემა სისხლმწოვი მწერებით), საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა (დაინფიცირებული წყლისა და საკვების გამოყენება) და რესპირატორული ტრქტის (დაინფიცირებული მტვრის შესუნთქვა) ლორწოვანი გარსებიდან.დაავადების კლინიკური ფორმები მჭიდროდაა დაკავშირებული ინფექციის შეჭრის კართან. კონტაქტური და ტრანსმისიური დაინფიცირების დროს ვითარდება ბუბონური და კან-ბუბონური ფორმები, ასპირაციულის დროს – პნევმონიური, ხოლო ალიმენტურის დროს – ნაწლავური და ანგინოზურ-ბუბონური ფორმები. კონიუნქტივიდან დაინფიცირების დროს წარმოიქმნება თვალ-ბუბონური ფორმა. გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება იმუნიტეტი.

ტულარემია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 14 დღემდე. დაავადება იწება მწვავედ: წარმოიქმნება შემცივნება, სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-400 C-მდე. ავადმყოფები უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სისუსტეს, ტკივილს კუნთებში, უძილობას, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ღებინებაც; სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია, სკლერის სისხლძარღვები ინიექცირებული. ავადმყოფთა ნაწილს დაავადების მე-3 დღიდან უჩნდება გამონაყარი, არაიშვიათად ერითემატოზული ხასიათის. ბუბონური ფორმებისათვის  დამახასიათებელია რეგიონალური ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება. აბდომინური ფორმების დროს შესაძლებელია მწვავე მეზადენიტის სიმპტომები. ტულარემიული ბუბონების დროს პერიადენიტი არ აღინიშნება, ბუბონების დაჩირქება იშვიათია და ხდება მოგვიანებით პერიოდში (დაავადების მე-3 კვირაზე). ცხელება გრძელდება 5-დან 30 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). რეკონვალესცენციის პერიოდში შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი. თვალ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ლიმფური კვანძების ტიპიური დაზიანებისა, დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპებით, წყლულებით კონიუნქტივაზე; ზიანდება ერთი თვალი. პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, მხედველობა აღდგება სრულად. ანგინოზურ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ტიპიური ბუბონებისა, ვითარდება სპეციფიკური ტონზილიტი. იგი ვლინდება ტკივილით ყლაპვისას, ნუშურების, სასის რკალების ნეკროზული ცვლილებებით, დაზიანებულ უბნებზე ფიბრინული ნადების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს დიფთერიულს. წყლულები ნელა ხორცდება. აბდომინური ფორმისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, შეკრულობა, პალპაციით – მტკივნეულობა მეზენტერული ლიმფური კვანძების მიდამოში. ტულარემიის ფილტვისმიერი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, განმეორებითი შემცივნებებითა და უხვი ოფლდენით. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მკერდის არეში, ხველას, თავდაპირველად მშრალს, შემდეგ კი ლორწოვან-ჩირქოვანს, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის კეროვანი ან წილოვანი ინფილტრაცია. პნევმონია ხასიათდება დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობით, რეციდივებით.

ტულარემიის დიაგნოსტიკა დაავადების პირველ დღეებში საკმაოდ რთულია; ბუბონების წარმოქმნისას იგი იოლდება. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება შავი ჭირის ბუბონურ ფორმასთან, კატის ნაკაწრის დაავადებასთან, ჩირქოვან ლიმფადენიტებთან. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები და კან-ალერგიული სინჯები ტულარინთან.

ტულარემია – მკურნალობა. ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია ტემპერატურის ნირმალიზაციიდან მე-5-7 დღემდე. გახანგრძლივებული მიმდინარეობის დროს გამოიყენება ტულარემიული ვაქცინა. ბუბონების ფლუქტუაციის გაჩენისას ნაჩვენებია მათი გაკვეთა და გათავისუფლება ჩირქისგან. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ტულარემია – პროფილაქტიკა. ბრძოლა მღრღნელებთან, პროდუქტებისა და წყლის დაცვა. ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით – სპეციფიკური პროფილაქტიკა.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.