ცისტიტი

ცისტიტი cystitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთება. აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირად ხანში შესულ ქალებში.

ცისტიტი ეტიოლოგია. წამყვანი როლი ეკუთვნის ინფექციას. შარდის ბუშტში პათოგენური ბაქტერიების შეღწევა განპირობებულია შარდსასქესო აპარატის აგებულების თავისებურებით: მოკლე და ფართო ურეთრა, საშოსა და სწორი ნაწლავის სიახლოვე. ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს შარდის გამოდენის დარღვევა შარდის ბუშტიდან, დეფლორაცია, ორსულობა, მშობიარობა, სასქესო ორგანოების ანთება, გაცივება, შეკრულობა, საკვები ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს, შარდის ბუშტის დასხივება მცირე მენჯის სხივური თერაპიისას. დავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის რეაქტიულობასა და შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას. სისხლმიმოქცევის ადგილობრივი დარღვევები, ბაქტერიების მაღალი ვირულენტობა და მათი ხანგრძლივი არსებობა შარდის ბუშტში ხელს უწყობენ ცისტიტის განვითარებას. უმრავლეს შემთხვევაში ცისტიტის განვითარება ქალებში დაკავშირებულია სქესობრივ ცხოვრებასთან. მამაკაცებში ცისტიტის განვითარება შესაძლებელია განპირობებული იყოს პროსტატიტით (მწვავე და ქრონიკული), ურეთრის სტრიქტურით, ადენომით, კენჭით ან წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებებით. ქრონიკული ცისტიტის მიზეზები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში შესაძლებელია იყოს კენჭი, სიმსივნე, ლეიკოპლაკია და ტუბერკულოზი, მაგრამ ამგვარი ,,ქრონიკული ცისტიტი” წარმოადგენს მეორადს, მას საფუძვლად უდევს შარდის ბუშტის სხვა დაავადებები, რომელიც დროულად უნდა იქნას დადგენილი ექიმის მიერ. პირველადი ქრონიკული ცისტიტები პრაქტიკულად არ არსებობს, მის ნიღბის ქვეშ იფარება ჩვეულებრივ სხვა უროლოგიური დაავადებები. ბავშვებში ცისტიტის ეტიოლოგიაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს შარდგამომყოფი არხის განვითარების ანომალიები, მისი შევიწროება, სარქველები და სხვ. შესაძლებელია აგრეთვე ინფექციის ჰემატოგენური შეღწევა შარდის ბუშტში.

ცისტიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. შარდის ბუშტიანთება შესაძლებელია წარმოიქმნას უეცრად, მაგრამ უფრო ხშირად ცისტიტის მოვლენები მატულობს თანდათანობით; იგი ვლინდება დისკომფორტით, წვითა და ქავილით ურეთრისა და შორისის მიდამოში შარდვის დროს. დისკომფორტი და ტკივილი ბოქვენზედა, ან შორისის არეში შესაძლებელია გაგრძელდეს მოშარდვის შემდეგაც. შარდვა გახშირებული, მტკივნეულია, შარდის რაოდენობა ყოველ შემდგომი მოშარდვისას მცირდება. მოშარდვის ბოლოს ზოგჯერ შარდი იფერება სისხლით. მოშარდვის სურვილი შესაძლოა იყოს იმპერატიული, ზოგჯერ კი აღინიშნება შარდის შეუკავებლობა. უმრავლეს შემთხვევაში მწვავე ცისტიტის დროს სხეულის ტემპერატურა რჩება ნორმის ფარგლებში, იშვიათად აღინიშნება სუბფებრილიტეტი. ტემპერატურის მომატება ცისტიტის დროს ადასტურებს, რომ ინფექცია გასცდა შარდის ბუშტის საზღვრებს და გავრცელდა უფრო ხშირად ზედა საშარდე გზებზე. ცისტიტის დროს ბოქვენზედა მიდამოს პალპაციასა და პერკუსიას შესაძლებელია თან ახლდეს მტკივნეულობა. მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა ძირითადად აღინიშნება ბავშვებში. შარდი მწვავე ცისტიტის დროს შეიცავს ბევრ ლეიკოციტსა და ერითროციტებს, რაც განაპირობებს მასში ცილის მცირე რაოდენობას. ბაქტერიურია ვლინდება ინფექციური ცისტიტის დროს. ცისტიტის დროს მნიშვნელოვანია ბაქტერიურიის ხარისხის დადგენა. 1 მლ შარდში 100 000 მიკრობული სხეულის აღმოჩენა მოწმობს მწვავე პროცესის არსებობას. სისხლში აღინიშნება მხოლოდ ზომიერი ლეიკოციტოზი და ედს – ის მომატება. კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდია შარდის დათესვა და ფლორის გამოკვლევა ანტიბიოტიკებისადმი და ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი მგრძნობელობაზე. აღნიშნული გამოკვლევები საშუალებას იძლევა ჩატარდეს რაციონალური ანტობაქტერიული თერაპია, მაგრამ სჭირდება დაახლოებით 48 საათი. ცისტიტი სტერილური შარდის არსებობისას წარმოადგენს საშარდე სისტემის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ჩატარების საფუძველს.

ცისტიტი – მკურნალობა. საჭიროა მოსვენებითი მდგომარეობა, სითბო, სასურველია წოლითი რეჟიმი. ინიშნება დიეტა მარინადების, კონსერვანტებისა და სანელებლების შემცველი პროდუქტების გარეშე;  ძირითადია ანტიბაქტერიული პრეპარატები.

ცისტიტი – პროფილაქტიკა. პირადი ჰიგიენის დაცვა, სასქესო ორგანოებისა და შორისის სისუფთავე, ყაბზობისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა.

ცისტიტი – პროგნოზი. დროულად ჩატარებული მკურნალობისას კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები