თირკმლების პოლიკისტოზი

თირკმლების პოლიკისტოზი polycystic kidney

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

თირკმელების პოლიკისტოზი თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ორივე თირკმელში ხდება კისტების თანდათანობითი წარმოქმნა და ზრდა, რაც იწვევს ფუნქციური პარენქიმის ატროფიას; მიეკუთვნება განვითარების მემკვიდრულ ანომალიებს და ხშირად გვხვდება ერთი ოჯახის წევრებს შორის. დაავადებას ახასიათებს პროგრესირება, უფრო ხშირად ვლინდება და დიაგნოსტირდება 20 – 40 წლის ასაკში, მაგრამ ზოგჯერ მისი აღმოჩენა ხდება ბავშვობის, ან მოხუცებულობით ასაკში.

 თირკმლის პოლიკისტოზი

თირკმელების პოლიკისტოზი ეტიოლოგია, პათოგენეზი. ანომალიის განვითარების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზი განპირობებულია მილაკების ემბრიონული განვითარების მანკით, რომელთა ერთი ნაწილი ტრანსფორმირდება კისტებად. ავადმყოფთა უმრავლესობაში თირკმელები გადიდებულია, შეიცავს სხვადასხვა ზომის მრავლობით კისტებს. ფიალები და მენჯი გაჭყლეტილი და დეფორმირებულია. კისტები შესაძლებელია დაჩირქდეს.

პოლიკისტოზითირკმელების პოლიკისტოზი სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. პოლიკისტოზი შესაძლებელია გამოვლინდეს შემთხვევით გამოკვლევისას, ოპერაციის დროს ან გაკვეთისას. ეს აიხსნება დაავადების ადრეულ სტადიებზე მისი ნაკლები სიმპტომატიკით. როდესაც ფუნქციონირებადი პარენქიმის მასა მნიშვნელოვნად მცირდება, ირღვევა თირკმელების კონცეტრაციული უნარი, ავადმყოფები აღნიშნავენ პიურიასა და წყურვილს, შემდეგში მადის დაქვეითებას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ჩნდება ყრუ ტკივილები და სიმძიმის გრძნობა წელის არეში, თავის ტკივილი; ეს არის ყველაზე უფრო ხშირი სუბიექტური ნიშნები თირკმელების პოლიკისტოზისა, რასაც ემატება ობიექტური მონაცემები. პოლიურია ზოგჯერ აღწევს 3 – 4 ლ/დღეში. შარდი უფეროა, დაბალი ხვედრითი წონით; აღინიშნება ნიქტურია და იზოსტენურია. პროტეინურია და ცილის დღიური დანაკარგი მინიმალურია; ნაკლებადაა გამოხატული ცილინდრურია; შარდის ნალექში მუდმივად ვლინდება ერითროციტები, აღინიშნება მაკროჰემატურიაც. ზოგჯერ მაკროჰემატურია ატარებს პროფუზულ ხასიათს, სიცოცხლისათვის საშიშ თირკმლისმიერ სისხლდენას. ლეიკოციტურია ხშირად მოწმობს თანმხლები ინფექციის არსებობას, რომელიც ზოგჯერ იწვევს პიელონეფრიტის შეტევასა და კისტის დაჩირქებას. ასეთ შემთხვევაში მატულობს სხეულის ტემპერატურა, ძლიერდება ტკივილი თირკმლის არეში, მატულობს ინტოქსიკაცია. პალპაციით შეიგრძნობა გადიდებული, ხორკლიანი, მკვრივი და მტკივნეული თირკმელი. პოლიურია ხელს უწყობს ცვლის პროდუქტების გამოყოფას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში აზოტემია შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში თირკმელების აზოტგამომყოფი ფუნქცია ირღვევა და ვითარდება აზოტემია. ამ პერიოდში ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, ვლინდება უსიამოვნო გემო პირში, გულისრევა. ჩვეულებრივ აზოტემია პოლიკისტოზის დროს პროგრესირებს ნელა, მაგრამ თირკმლისმიერი სისხლდენა, კისტების დაჩირქება, ასევე ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ორსულობა და მშობიარობა ხშირად აჩქარებს აზოტემიის განვითარებას. დაავადების პროგრესირებას ხელს უწყობს ასევე არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში ზომიერია, მაგრამ ზოგჯერ მიმდინარეობს ავთვისებიანად. არტერიული ჰიპერტენზია მიმდინარეობს კარდიოჰემოდინამიკური დარღვევებით და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. დაავადების გვიან სტადიებში აღინიშნება ანემია და თირკმლის უკმარისობის სხვა ნიშნები. თირკმელების პოლიკისტოზის დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს, პალპაციის მონაცემებსა და თირკმლის ფუნქციის გამოკვლევას. პოლიკისტოზის დროს შედარებით ადრე ირღვევა თირკმლის კონცენტრაციული ფუნქცია და ვლინდება ჰიპოიზოსტენურია. გორგლოვანი ფილტრაცია ქვეითდება შედარებით ნელა. დაავადების გამოცნობის ყველაზე უტყუარი მეთოდია რენტგენოდიაგნოსტიკა. თირკმელების პოლიკისტოზის დროს დიფერენციალური დიაგოზი ტარდება ქრონიკულ გლომერულონეფრიტთან და ქრონიკულ პიელონეფრიტთან, როდესაც პირველ პლანზე გამოდის თირკმლის უკმარისობის სიმპტომები, და თირკმელების სიმსივნესთან, თუკი დაავადება ვლინდება უსიმპტომო ჰემატურიით. განსხვავებით გლომერულონეფრიტისა და პიელონეფრიტისაგან, თირკმელების პოლიკისტოზის დროს თირკმელები გადიდებულია ზომებში და იძლევა დამახასიათებელ რენტგენოლოგიურ სურათს. განსხვავებით თირკმლის სიმსივნისაგან დაავადება ყოველთვის ორმხრივია და მიმდინარეობს ორივე თირკმლის ფუნქციის მოშლით.

თირკმელების პოლიკისტოზი მკურნალობა მხოლოდ სიმპტომატურია. ავადმყოფები უნდა ერიდონ დატვირთვებს, დიდხანს სიარულსა და ჯანჯღარს, ინფექციებს, გაცივებას, ყურადღება მიაქციონ ცხვირ – ხახისა და კბილების მდგომარეობას. მაკროჰემატურიის გამოვლინებისას ავადმყოფი უნდა იცავდეს წოლით რეჟიმს, რაც უმრავლეს შემთხვევაში უზრუნვეყოფს სისხლდენის შეჩერებას, ჰემოსტატიკური წამლების დანიშვნის გარეშე. თანდართული პიელონეფრიტის შეტევის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები და უროანესთეტიკები, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების გათვალისწინებით. საჭიროა დიეტის დაცვა ცილისა და სუფრის მარილის შეზღუდვით, ამასთან საკვები უნდა იყოს საკმაოდ კალორიული და ვიტამინებით მდიდარი. გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის დროს იყენებენ ჰიპოტენზულ საშუალებებს. ხოლო დიურეზის დაქვეითებისას შარდმდენებს. ქირურგიული ჩარევა – კისტების გახსნა – მიზანშეწონილია მხოლოდ მათი დაჩირქებისას. თირკმელების უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ჰემოდიალიზი და თირკმელების გადანერგვა.

თირკმელების პოლიკისტოზი პროგნოზი. ხშირად დაავადება იწვევს თირკმლის უკმარისობის გავითარებას სხვადასხვა ვადებში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები