ლალი დათეშიძე
დამწვრობა – ქსოვილთა ადგილობრივი დაზიანება სითბური, ქიმიური, ელექტრული ან რადიაციული ზემოქმედებით. განსაკუთრებით ხშირია თერმული დამწვრობები. ადგილობრივი თერმული დამწვრობის ხარისხის დადგენა ხდება ავადმყოფის დათვალიერებით. ქსოვილთა გადახურება 520С-ზე ზევით იწვევს ქსოვილთა ცილების შეუქცევად კოაგულაციურ შედედებას. დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია ტემპერატურის მაქსიმუმზე, ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, დაზიანების ფართზე და დამწვრობის ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით მძიმე დამწვრობებს იწვევს ცეცხლის ალი, გამდნარი მეტალი, ორთქლი, მდუღარე ზეთი; ხშირია ხელების, ფეხების, თვალების დამწვრობები.
დამწვრობების ზოგადი შედეგები. შედარებით შემოფარგლული დამწვრობების დროს აღინიშნება ტემპერატურის მომატება. არაიშვიათად ვითარდება შოკი: I ხარისხის დამწვრობის დროს ზიანდება სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი; II-IV ხარისხის დროს – 10%-ზე მეტი. დამწვრობითი შოკი წარმოიქმნება დამწვრობიდან 1-2 საათის შემდეგ. აღინიშნება ძლიერი ტკივილი, წყურვილი, კანის სიფერმკრთალე, დაუზიანებელი უბნების ტემპერატურა დაქვეითებულია. რამდენიმე საათის

შემდეგ გონება იბინდება, შესაძლებელია კლონური კრუნჩხვების განვითარება და დელირიუმი. ცუდი პროგნოზული ნიშნებია ღებინება და ფაღარათი. ხშირად აღინიშნება დიურეზის დაქვეითება ანურიამდე, კოლაფსი. თუკი მკურნალობა არ ჩატარდა ავადმყოფები იღუპებიან პირველი 12 – 48 საათია განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო. დამწვრობითი შოკი განპირობებულია ნეიროვასკულური რეფლექსებით (ტკივილი, შიში) რასაც ახლავს კატექოლამინების გადმოსროლა; კაპილარების თერმული დაზიანება იწვევს ალბუმინების გამოსვლას ქსოვილებში (ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება). გარკვეული მნიშვნელობა აქვს დამწვრობის დროს ჰისტამინის, პროსტაგლანდინისა და ანთების სხვა მედიატორების გამომუშავებას. მე-3 დღეზე შოკის მოვლენები კუპირდება. მწვავე დამწვრობითი ინტოქსიკაცია იწყება შოკური ფაზის შემდეგ მძიმე დამწვრობის დროს (მაღალი ტემპერატურა, ტაქიკარდია, მადის დაქვეითება, დამწვრობითი ჭრილობების ნელი შეხორცება); იგი განპირბებულია დაზიანებული ქსოვილების დაშლის პროდუქტების შეწოვით; პერიოდი გრძელდება 4 – 12 დღე. დაჩირქების დროს ვითარდება სეპტიკოპიემია.
დამწვრობის ადგილობრივი შედეგები. დამწვრობებს ყოფენ 4 ხარისხად: 1 ხარისხი (ერითემა) – კანის სიწითლე, შეშუპება და ტკივილი. ანთებითი მოვლენები ჩაცხრება 3-6 დღეში, რჩება მხოლოდ კანის აქერცვლა; II ხარისხი – ძლიერი ტკივილი ინტენსიური სიწითლით, ეპიდერმისის აშრევებითა და ბუშტუკების წარმოქმნით, რომლებიც ავსებულია გამჭირვალე ან ოდნავ მღვრიე სითხით. კანის ღრმა შრეების დაზიანება არ აღინიშნება, და თუკი თან არ დაერთო ინფექცია, რამდენიმე კვირის შემდეგ აღდგება კანის ყველა შრე ნაწიბურის გარეშე. სრული გამოჯანმრთელება დგება 10-15 დღეში. დაინფიცირების შემთხვევაში გამოჯანმრთელება ხანგრძლივდება, შეხორცება მიმდინარეობს მეორადი დაჭიმვით; III ხარისხი: ნეკროზი მოიცავს კანის სისქეს მორჩისებრ შრემდე; ბ) კანის მთლიანი სისქის ნეკროზი. წარმოიქმნება მკვრივი სტრუპი, რომლის ქვეშ არის დაზიანებული ქსოვილი. შეხორცება მიდის მეორადი დაჭიმვითა და უხეში ნაწიბური წარმოქმნით; IV ხარისხის დამწვრობა წარმოიქმნება ქსოვილზე ძალიან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით; ზიანდება კუნთები, მყესები, ძვლები. თუკი დაზიანდა ზედა ან ქვედა კიდური, სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ დროული ამპუტაციით. დამწვრობის ფართობის ორიენტირებულად განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი წესით: მოზრდილებში თავისა და კისრის ზედაპირი – 9%, ფეხი – 18%, ხელი – 9%, ტანის წინა და უკანა ზედაპირი – 18%, სასქესო ორგანოები და შორისი – 1%.
პირველი დახმარება დამწვრობის დროს. ცეცხლის მოქმედების ზონიდან მოცილება, საჭიროა ტანსაცმლის გაჭრა (ცივ პეროდში გახდა არ შეიძლება, ვინაიდან გაცივება მკვეთრად აუარესებს ზოგად მდგომარეობას). ასეპტიკური ნახვევები (არანაირი მაზები და მისაფრქვევები). ტარდება ანტიშოკური ღონისძიებები; ვრცელი დამწვრობების დროს აუცილებელია ავადმყოფის სტერილურ ზეწარში გახვევა და სტაციონარში გადაყვანა; ნაჩვენებია მასიური პლაზმაფარეზი, ახლადგაყინული პლაზმის ჩანაცვლებით, ალბუმინი. I და II ხარისხის ყველა დამწვრობას მკურნალობენ ამბულატორიულად (გარდა სახისა და მტევნების დამწვრობისა). დანარჩენ შემთხვევებში ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების ფართზე და ხარისხზე. ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში 3 წლამდე და მოხუცებში.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 640 times by 369 viewers



