საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები dysfunctional uterine bleeding

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სისხლდენები, რომლებიც წარმოიქმნება საკვერცხეების მიერ სასქესო ჰორმონების რიტმული პროდუქციის დარღვევის შედეგად. განასხვავებენ სისხლდენას იუვენილურ ასაკში, შვილოსნობისა და კლიმაქტერულ პერიოდში. გოგონებში სისხლდენა დაკავშირებულია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ფუნქციის დარღვევებთან. შვილოსნობის პერიოდში დისფუნქციური სისხლდენები ხშირად განპირობებულია სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესებით, ხოლო კლიმაქტერულ პერიოდში – მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებით.

 საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების პათოგენეზს საფუძვლად უდევს ოვულაციის პროცესის დარღვევები, როგორც ფოლიკულების პერსისტეციის ან ატრეზიის შედეგი. ამის შედეგად, ყვითელი სხეული არ წარმოიქმნება, არ ხდება ენდომეტრიუმის სეკრეტორული ტრანსფორმაცია. ესტროგენების ხანგრძლივი ზემოქმედება (ფოლიკულების ატრეზიის დროს) ან მათი მომატებული პროდუქცია (ფოლიკულის პერსისტეციის დროს) იწვევს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას. ეს ვლინდება პოლიპოზის განვითარებით ან ჯირკვლოვან-ცისტური ჰიპერპლაზიით. ორგანიზმში ესტროგენების კონცენტრაციის შემდგომი დაცემის გამო, ხდება ჰიპერპლაზიური ენდომეტრიუმის ჩამოშლა, რასაც თან ახლავს აციკლური სისხლდენები. სისხლდენა გრძელდება მანამ, სანამ მთელი ენდომეტრიუმი არ ჩამოიფრცქვნება (ზოგჯერ მრავალი დღისა და კვირის განმავლობაში).

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხასიათდება მენსტრუაციის შეჩერებისა და სისხლდენების მონაცვლეობით. სისხლდენა სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობისაა. ხანგრძლივი და ძლიერი სისხლდენის დროს ვითარდება პოსტჰემორაგიული ანემია. გინეკოლოგიური გამოკვლევისას სისხლდენის გარეშე საშვილოსნო ჩვეულებრივი ზომის ან რამდენადმე უფრო დიდია; არაიშვიათად ვლინდება ერთი საკვერცხის ცისტური ცვლილებები. სისხლდენის გარეშე პერიოდში (დროებითი ამენორეის ფაზა) დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტებს. ანოვულატორული ციკლისათვის დამახასიათებელია ესტროგენების მომატებული სეკრეციის ნიშნები; აღინიშნება მონოფაზური ბაზალური ტემპერატურა.

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება დაწყებით ან არასრულ აბორტთან, საშვილოსნოსგარე ორსულობასთან, საშვილოსნოს დანამატების ანთებასთან, საშვილოსნოს მიომასთან, საშვილოსნოს ენდომეტრიოზთან, სიმსივნურ დაავადებებთან (საშვილოსნოს ყელის, სხეულის) საკვერცხის ჰორმონურ-აქტიურ სიმსივნეებთან, სისხლის დაავადებებთან.

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების მკურნალობა ითვალისწინებს ორ ძირითად ამოცანას: სისხლდენის შეჩერება და განმეორებითი სისხლდენების პროფილაქტიკა. სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია საშვილოსნოს გამოფხეკით და ჰორმონული პრეპარატების შეყვანით (ესტროგენები, პროგესტერონი, კომბინირებული ესტროგენულ-გესტაგენური პრეპარატები, ანდროგენები). კლიმაქსის დროს, თუკი საშვილოსნოს გამოფხეკა ადრე არ ჩატარებულა, საჭიროა დავიწყოთ სწორედ ამ ოპერაციით, რათა გამოირიცხოს პირველ რიგში საშვილოსნოს კიბო. გოგონებში საშვილოსნოს გამოფხეკა ტარდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, ძირითადად სასიცოცხლო ჩვენებისას. შვილოსნობის პერიოდში გამოფხეკა ტარდება კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით (დაავადების ხანგრძლივობა, სისხლდენის ძალა, ჰორმონული ჰემოსტაზის ეფექტურობა).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები