უნაყოფობა sterility
უნაყოფობა - ჩასახვის უუნარობა; უნაყოფობაზე საუბრობენ, როდესაც 1 წლის რეგულარული სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში, ქალი, რომელიც არ ღებულობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, არ ორსულდება. განასხვავებენ აბსოლუტურ უნაყოფობას, როდესაც ქალის ორგანიზმში ადგილი აქვს შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლიან ჩასახვას (საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების არარსებობა), და შედარებით უნაყოფობას, რომლის დროს უნაყოფობის მიზეზების აღკვეთა შესაძლებელია. გარდა ამისა, განასხვავებენ აგრეთვე პირველად უნაყოფობას, როდესაც ქალი, არასოდეს არ ყოფილა ორსულად, და მეორად უნაყოფობას, როდესაც ჩასახვა არ დგება, თუმცა ადრე ორსულობა აღნიშნული იყო.
უნაყოფო ქორწინებების სიხშირე შეადგენს 10-15%-ს. შემთხვევათა 60%-ში უნაყოფობის მიზეზი ქალის ორგანიზმში არსებული ცვლილებებია, ხოლო 40%-ში – ცვლილებები კაცის ორგანიზმში (სპერმის არასრულფასოვნება, ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია). ქალის უნაყოფობის განსაკუთრებულად ხშირი მიზეზია სასქესო ორგანოების ანატომიური და ფუნქციური ცვლილებები: ინფანტილიზმი, საშვილოსნოს მილების, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, საშოს ანთებითი დაავადებები, საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები; საშვილოსნოს სიმსივნეები (მიომა), ენდომეტრიოზი; საკვეცხეების სიმსივნეები; საშვილოსნოს ყელის ტრავმული დაზიანებები მშობიარობისა და აბორტების დროს და სხვ. მეორადი უნაყოფობოს ხშირი მიზეზია აბორტები.
უნაყოფობის დროს ქალის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ქმრის შესაბამისი გამოკვლევისა შემდეგ, როცა კაცის უნაყოფობა გამოირიცხება. გინეკოლოგიური გამოკვლევისას ყურადღებას აქცევენ შიგნითა სასქესო ორგანოების მდგომარეობას (საშვილოსნო, დანამატები, ყელი). მნიშვნელოვანია საშოს შიგთავსის მჟავეობის, ყელის სეკრეტის წებოვნების დადგენა (მომატებული მჟავიანობა დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე, ხოლო ცერვიკალური ლორწოს მომატებული წებოვნება აბრკოლებს მათ მოძრაობას). აუცილებელია ჩატარდეს სინჯი ყელის ლორწოსა და სპერმის შეთავსებადობაზე. შეხორცებითი პროცესების გამოსავლენად საშვილოსნოში, მილებში და სხვ. იყენებენ პერტუბაციას, მეტროსალპინგოგრაფიას, ბიკონტრასტულ გინეკოგრაფიას, კიმოგრაფულ ჰიდროტუბაციას. უნაყოფობის ენდოკრინული ფორმების დროს ტარდება საკვერცხეების ფუნქციის გამოკვლევა ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტების დახმარებით, ტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია. საშვილოსნოს მილებში არსებული პათოლოგიებით გამოწვეული უნაყოფობის დროს გამოიყენება ლაპარასკოპია.
უნაყოფობის მკურნალობას განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაცია და ხასიათი. მილების გაუვალობის დროს ქრონიკული ანთების ნიადაგზე ეფექტურია ულტრაბგერა უწყვეტ ან იმპულსურ რეჟიმში. გამოიყენება აგრეთვე ინდუქტოთერმია, ელექტროფორეზი, სამკურნალო ჰიდროტუბაციები. სასქესო ორგანოების განუვითარებლობის დროს ნაჩვენებია საშვილოსნოს ყელის ელექტროსტიმულაცია, ინდუქტოთერმია, ტალახით მკურნალობა, გინეკოლოგიური მასაჟი. ჰორმონოთერაპია გამოიყენება ჰორმონული დარღვევების დროს; ენდომეტრიოზის დროს ნაჩვენებია კონსერვატული ან ოპერაციული მკურნალობა. მილისმიერი უნაყოფობის ქირურგიული მკურნალობა (სალპინგოლიზისი, სალპინგოსტომია, სალპინგოპლასტიკა) ნაჩვენებია კონსერვატული თერაპიის არაეფექტურობის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988







