ლალი დათეშიძე
შარდის ბუშტის კიბო – სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. დაავადების რისკი მაღალია იმ ადამიანებში, რომლებსაც მუშაობა უხდებათ არომატულ ამინებთან, ასევე ქრონიკული ცისტიტით დაავადებულებში. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება გარდამავალუჯრედოვანი კიბო, შედარებით იშვიათად – ბრტყელ-უჯრედოვანი კიბო და ადენოკარცინომა. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს პაპილარული წანაზარდების სახით, რომლებიც მიდრეკილნი არიან მალიგნიზაციისაკენ, ან სოლიდური, დაწყლულებადი, ინვაზიური სიმსივნით. განასხვავებენ შარდის ბუშტის კიბოს in situ, ზედაპირულ კიბოს (Т1-2) და კიბოს, რომელიც ახდენს კუნთოვანი შრისა და გარემომცველი ქსოვილების ინვაზიას (ТЗ-4). შარდის ბუშტის კიბოს პაპილარული ფორმის დროს ხშირად აღინიშნება სიმსივნის მულტიცენტრული ზრდა. შარდის ბუშტის ზედაპირული კიბო იშვიათად წარმოქმნის მეტასტაზებს. სიმსივნის შემდგომი განვითარებისას ზიანდება მენჯის (N1-2), პერიტონეუმსგარე ლიმფური კვანძები (N3-4), ასევე ფილტვები, ღვიძლი, ძვლები.
შემთხვევათა 75%-ში დაავადების პირველი სიმპტომია ჰემატურია, რომლის მიზეზი აუცილებლად უნდა დადგენდეს. დაავადების სხვა სიმპტომებია – ხშირი შარდვა, ჰიდრონეფროზი, ანთებითი გართულებები (ცისტიტი, პიელონეფრიტი).
დიაგნოზი. დიაგნოსტიკურ მეთოდებს შორის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ცისტოსკოპიას ბიოფსიასთან ერთად. დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდებია ექსკრეტორული უროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ა. შ.
მკურნალობაში შედის სხვადასხვა ოპერაციული ჩარევები, სხივური და წამლისმიერი თერაპია. შარდის ბუშტის in situ და ზედაპირული კიბოს დროს, Т1 სტადიაში ატარებენ შარდის ბუშტის ტრანსურეთრულ რეზექციას, ხოლო Т2 სტადიის დროს – შარდის ბუშტის ნაწილობრივ რეზექციას. ინვაზიური სიმსივნის მნიშვნელოვანი ზომების დროს (ТЗ) რეკომენდებულია ცისტექტომია, მენჯის ლიმფადენექტომიასთან ერთად ან მის გარეშე. ზოგჯერ ამგვარი ოპერაციის ჩატარებას, ამჯობინებენ ქიმიო- და სხივურ თერაპიას, შემდეგ კი, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ოპერაცია. შარდის ბუშტის კიბოს Т4 სტადიის დროს, როდესაც პროცესში ჩართულია პერიტონეუმგარე ლიმფური კვანძები (МЗ) და ვლინდება დაშორებული მეტასტაზები, ძირითადი მნიშვნელობა აქვს ქიმიოთერაპიას. ხშირად ბუშტშიგა ქიმიოთერაპია მიზანშეწონილია ჩატარდეს დაავადების ადრეულ სტადიებზე, მულტიცენტრულად ზრდადი კიბოს დროს, ამასთან, ქიმიოთერაპია ტარდება ოპერაციის შემდეგ.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1628 times by 736 viewers


