შარდის ბუშტის კიბო

შარდის ბუშტის კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარდის ბუშტი კიბო– სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბო საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. დაავადების რისკი მაღალია იმ ადამიანებში, რომლებსაც მუშაობა უხდებათ არომატულ ამინებთან, ასევე ქრონიკული ცისტიტით დაავადებულებში. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება გარდამავალუჯრედოვანი კიბო, შედარებით იშვიათად – ბრტყელ-უჯრედოვანი კიბო და ადენოკარცინომა. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს პაპილარული წანაზარდების სახით, რომლებიც მიდრეკილნი არიან მალიგნიზაციისაკენ, ან სოლიდური, დაწყლულებადი, ინვაზიური სიმსივნით. განასხვავებენ შარდის ბუშტიკიბო in situ, ზედაპირულ კიბო (Т1-2) და კიბოს, რომელიც ახდენს კუნთოვანი შრისა და გარემომცველი ქსოვილების ინვაზიას (ТЗ-4). შარდის ბუშტიკიბო პაპილარული ფორმის დროს ხშირად აღინიშნება სიმსივნის მულტიცენტრული ზრდა.

შარდის ბუშტის ზედაპირული კიბო იშვიათად წარმოქმნის მეტასტაზებს. სიმსივნის შემდგომი განვითარებისას ზიანდება მენჯის (N1-2), პერიტონეუმსგარე ლიმფური კვანძები (N3-4), ასევე ფილტვები, ღვიძლი, ძვლები. შემთხვევათა 75%-ში დაავადების პირველი სიმპტომია ჰემატურია, რომლის მიზეზი აუცილებლად უნდა დადგენდეს. დაავადების სხვა სიმპტომებია – ხშირი შარდვა, ჰიდრონეფროზი, ანთებითი გართულებები (ცისტიტი, პიელონეფრიტი). დიაგნოზი. დიაგნოსტიკურ მეთოდებს შორის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ცისტოსკოპიას ბიოფსიასთან ერთად. დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდებია ექსკრეტორული უროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ა. შ. მკურნალობაში შედის სხვადასხვა ოპერაციული ჩარევები, სხივური და წამლისმიერი თერაპია. შარდის ბუშტის in situ  და ზედაპირული კიბო დროს, Т1 სტადიაში ატარებენ შარდის ბუშტის ტრანსურეთრულ რეზექციას, ხოლო Т2 სტადიის დროს – შარდის ბუშტის ნაწილობრივ რეზექციას. ინვაზიური სიმსივნის მნიშვნელოვანი ზომების დროს (ТЗ) რეკომენდებულია ცისტექტომია, მენჯის ლიმფადენექტომიასთან ერთად ან მის გარეშე. ზოგჯერ ამგვარი ოპერაციის ჩატარებას, ამჯობინებენ ქიმიო – და სხივურ თერაპიას, შემდეგ კი, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ოპერაცია. შარდის ბუშტიკიბო Т4 სტადიის დროს, როდესაც პროცესში ჩართულია პერიტონეუმგარე ლიმფური კვანძები (МЗ) და ვლინდება დაშორებული მეტასტაზები, ძირითადი მნიშვნელობა აქვს ქიმიოთერაპიას. ხშირად ბუშტშიგა ქიმიოთერაპია მიზანშეწონილია ჩატარდეს დაავადების ადრეულ სტადიებზე, მულტიცენტრულად ზრდადი კიბო დროს, ამასთან, ქიმიოთერაპია ტარდება ოპერაციის შემდეგ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები