ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლასტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითარების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება. მოგვიანებით მათში ვლინდება ემბრიონული ნერგები, რომლებიც ორგანოთა და ქსოვილთა წარმოქმნის წყაროა. არაერთდროული ზრდისა და გადაადგილების გამო ნერგები კანონზომიერად განლაგდება და ქმნის ღერძულ კომპლექსს. ამავე დროს, მიმდინარეობს ნერგების მასალის დეტერმინაცია. ხერხემლიანთა სხვადასხვა წარმომადგენელში გასტრულაციის მექანიზმს ახასიათებს თავისებურებანი – (იხ.ინვაგინაცია, ეპიბოლია, დელამინაცია, იმიგრაცია). ა.გ.კნორეს მიხედვით, ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის გასტრულაციის დამახასიათებელი თავისებურებაა ორი პირველადი ჩანასახოვანი ფურცლის – (ექტოდერმის, ენდოდერმის) წარმოქმნა. უმაღლეს ხერხემლიანებში კი გასტრულაციის პროცესში წარმოიქმნება გასტრულა, რომელიც შედგება ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან. ადამიანში გასტრულაცია მიმდინარეობს ორ ფაზად: პირველ ფაზაში – (მე – 7 – დან მე – 13 – 14 დღე – ღამემდე) წარმოიქმნება ორშრიანი გასტრულა. გასტრულაციის მეორე ფაზას მე – 14 – 15 – დან მე – 18 დღე – ღამემდე) ახასიათებს სამშრიანი ჩანასახისა და ნერგების ღერძული კომპლექსის ჩამოყალიბება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა