ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვილების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილოვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერმინაციის ხარისხის მომატება, რის გამოც ისინი კარგავენ ურთიერთგარდაქმნის უნარს. ქსოვილთა დეტერმინაციის შესახებ მოძღვრება შეიმუშავეს ა.ა.ზავარზინმა, ნ.გ.ხლოპინმა, ს.ი.შჩელკუნოვმა, მათმა მოსწავლეებმა და მიმდევრებმა. სხვადასხვა ქსოვილის სპეციფიკურობა დეტერმინირდება შედარებით ადრე, მაშინ, როდესაც მომავალი ქსოვილები ჯერ კიდევ წარმოდგენილია ემბრიონული ნერგებით, თითოეული ქსოვილოვანი ნერგის დეტერმინაცია აღინიშნება მხოლოდ გარე და შინაგანი პირობების გარკვეული შეხამების დროს (ა.გ.კნორე, 1971). ქსოვილთა, ისევე როგორც უჯრედთა დეტერმინირებაში იგულისხმება მათი ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნება, განმტკიცებული მემკვიდრეობით ფილოგენეზური განვითარების პროცესში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა