ბავშვი 1 წლისა და 5 თვის ასაკში

ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იგი  რამდენიმე თვეა, დადის და გაცილებით უკეთ დგას ფეხზე; უკვე იშვიათად ვარდება, სიარულის დროს შეუძლია სათამაშოს ხელში დაკავება, მისით გართობა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე  ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ. თქვენს პატარა კლდემსვლელს ნუ მოაკლებთ ამ სიხარულს; მიეცით მეტი მოძრაობის საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ასეთი პრაქტიკა, ამ მცდელობათა ხშირი გამეორება ჩვილებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განამტკიცებენ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ჩვევებს.

ასე რომ, არ გაგიკვირდეთ და არც გაწყრეთ, თუ თქვენი პატარა გამუდმებით სადღაც ცდილობს აბობღებას. თუ მან უკვე ,,დაიპყრო”, მაგალითად, სასტუმრო ოთახის სავარძელი, აუცილებლად ეცდება, იმავეს მიაღწიოს, ვთქვათ, ბებიას სავარძელზე ან სამზარეულოს სკამზეც. არის შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს კარგად შეუძლია თქვენი სახლის კიბეზე დამოუკიდებლად ასვლა; თავისი მიღწევით აღფრთოვანებული შეეცდება, ეს  ,,რეკორდი” მეზობლის კიბეზეც გაიმეოროს.

მომდევნო თვეების მანძილზე კი, თქვენი ბავშვი ითავისებს სხვა, უფრო რთულ მოტორულ ჩვევებს, ისეთებს, როგორიცაა: სირბილი და ხტუნვა. გახსოვდეთ, რომ ყოველი ნაბიჯის შემდეგ ის იკრებს ძალას, თავდაჯერებულობას და სულ უფრო  მეტად აღწევს დამოუკიდებლობას.

საინტერესოა ისიც, რომ ბავშვები პოულობენ ისეთ საგნებს, რომელიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სტრესული სიტუაციის გადატანაში ეხმარებათ. ეს საგანი შესაძლოა იყოს პლუშის სათამაშო თაგუნა, ან მისივე რბილი გადასაფარებელი.  ორ წლამდე პერიოდში, ეს ინსტიქტური კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. სათამაშო დათუნია ან გადასაფარებელი, რომელსაც იგი შეჩვეულია, მისთვის ერთგვარი მორალური საყრდენი ხდება არა მარტო გარდამავალ პერიოდში, არამედ მაშინაც, როდესაც დაღლილია, შეშინებულია ან რაიმე დისკომფორტს გრძნობს.

ბევრ ბავშვს, მაგრამ არა ყველას, ამ ასაკში ამოჩემებული აქვს ე.წ. ,,გარდამავალი საგანი” (საწოვარა, რაიმე რბილი საგანი, გასაფარებელი ან თავისი ცერა თითიც კი), რომელიც მას ეხმარება, თავი იმედიანად იგრძნოს მისთვის ჯერ უცნობ, ახალ და სტრესულ სიტუაციებშიც. ბავშვის განვითარების პროცესში ეს სრულებით ბუნებრივი მოვლენაა, რადგან მისი შინაგანი სამყარო განუწყვეტლად იცვლება და ვითარდება. ლოგიკურად  უჩნდება სურვილი, დარწმუნდეს საკუთარ დამოუკიდებლობაში; ამ მისწრაფებას დაუფარავად გამოხატავს. თუმცა, ბავშვს ასევე სჭირდება, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

ნებისმიერი ნივთი, რომელიც ბავშვისთვის კარგად ნაცნობია და მის მიერ განვლილ პერიოდს უკავშირდება, პატარას აძლევს დაცულობის შეგრძნებას, შინაგან კომფორტს და სიტუაციის კონტროლის უნარს. ასე რომ, გვახსოვდეს: დათუნია – მოგლეჯილი ყურით ან დაძენძილი გადასაფარებელი ბავშვისთვის მხოლოდ წარსული დღეების მოგონებას არ წარმოადგენს; ისინი, უპირველესად, თქვენი პატარას ,,მეგობრები”  არიან დამოუკიდებლობის რთულ გზაზე.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება 1 წლისა და 5 თვის ასაკში

ბოლო წლებში გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ბავშვის ტვინი სამი წლის ასაკამდე ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც, რომ ადეკვატური აღზრდა და წამახალისებელი სავარჯიშოების მიცემა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჯანმრთელი ტვინის განვითარებას. მშობლები, ამ სავარჯიშოების სახით, ხშირად იყენებენ ე.წ. სასიგნალო ბარათებს, ისეთ დოკუმენტურ ფილმებს, როგორიცაა, მაგალითად – ,,მოცარტი ბავშვებისთვის”, საგანმანათლებლო სატელევიზიო პროგრამებს და ა.შ. ამ მხრივ, ძალიან ნუ იწვალებთ: თქვენი პატარას გონების სრულფასოვანი, ნორმალური განვითარებისთვის, უბრალოდ, ხელი უნდა შეუწყოთ მისი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას; ბავშვს სწორედ იმ თემაზე უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, რაც მოცემულ მომენტში აინტერესებს. მაგალითად, სეირნობისას მისი ყურადღება გაამახვილეთ რაიმე საინტერესო საგანზე; ეცადეთ, მისი წარმოსახვის უნარი განავითაროთ. ამ მიზნით, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად წაიკითხავთ რაიმე საბავშვო წიგნს, მოუსმენთ მუსიკას, მოიგონებთ, შეთხზავთ მარტივ ისტორიებს, დახატავთ რაიმეს.

სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმენით და ეცადეთ, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს ბავშვის თანდასწრებით (პედიატრები, მთელ მსოფლიოში, მშობლებს არ ურჩევენ ორ წლამდე ასაკის ბვავშვებთან ერთად ტელევიზორის ყურებას. მათ მიაჩნიათ, რომ ტვინის ემოციური, ნებელობითი და შემეცნებითი განვითარებისთვის, ბავშვებს სჭირდებათ პირდაპირი კონტაქტი როგორც მშობლებთან ისე – სხვა, მათთვის საინტერესო ადამიანებთან).

ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გამოხატოთ თქვენი შვილის მიმართ, ყურადღებით მოუსმინეთ მათ სურვილებს და ინტერესებს, ზოგადად – მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მათ მიმართ, რათა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი სწორი გზით დაიწყოს და თქვენს ძალისხმევას ადეკვატური შედეგი მოჰყვეს.

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..