ალერგიული რეაქციის ტიპები
განარჩევენ ალერგიული რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის) ოთხ ტიპს.
ალერგიული რეაქციის პირველი ტიპი – ანაფილაქსიური ტიპის რეაქციაა, რომელსაც საფუძვლად უდევს რეაგინული მექანიზმი, ძირითადად იმუნოგლობინ E -ს, იშვიათად კი იმუნოგლობინ G მონაწილეობით, რომლებიც პოხიერი უჯრედების ზედაპირზეა განლაგებული. სისხლში ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამონთავისუფლება (ჰისტამინი, სეროტონინი, ბრადიკინინი, ჰეპარინი და სხვა.), რომლებიც განაპირობებენ სისხლძარღვების განვლადობის მატებას, ინტერსტიციულ შეშუპებას, გლუვი კუნთის შეკუმშვასა და სეკრეციის მატებას. პირველი ტიპის ალერგიული რეაქციის მაგალითს წარმოადგენს ანაფილაქსიური რეაქცია, ატოპიური ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, ცრუ კრუპი, ვაზომოტორული რინიტი.
ალერგიული რეაქციის მეორე ტიპი – მეორე ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ციტოსტატიკური ტიპისაა. მოცირკულირე ანტისხეულები რეაგირებენ უჯრედების მემბრანების ნაწილაკებზე. ალერგიული რეაქციის მეორე ტიპი მიმდინარეობს G და M იმუნოგლობინების მონაწილეობით, ასევე კომპლემენტის აქტივაციით, რაც განაპირობებს უჯრედული მემბრანის დაზიანებას. ასეთი ტიპის რეაქცია ვითარდება წამლისმიერი ალერგიის დროს, თრომბოციტოპენიისას, ჰემოლიზური ანემიისას, რეზუს-კონფლიქტით განპირობებული ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადებისას.
მესამე ტიპის ალერგიული რეაქცია (იმუნოკომპლექსური რეაქცია) – განპირობებულია ანტიგენ-ანტისხეულის პრეციპიტირებადი კომპლექსების წარმოქმნით. იმუნური კომპლექსები ილექება სისხლძარღვის კედლებზე, ააქტივებს კომპლემენტს და იწვეს ანთებით პროცესებს (მაგალითად, შრატისმიერი დაავადება, იმუნოკომპლექსური ნეფრიტი). ალერგიული რეაქციების მესამე ტიპი ვითარდება ასევე ალერგიული კონიუნქტივიტის, ალერგიული დერმატიტების, სისტემური წითელი მგლურას, რევმატოიდული ართრიტის დროს.
მეოთხე ტიპის ალერგიული რეაქცია – ეს არის დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რაც გამოიწვევა T – ლიმფოციტის სპეციფიურ ანტიგენთან კონტაქტით. ალერგენთან განმეორებითი კონტაქტისას ვითარდება T – უჯრედდამოკიდებული დაყოვნებული ტიპის ანთებითი რეაქცია (ადგილობრივი ან გენერალიზებული), მაგ. კონტაქტური ალერგიული დერმატიტი, ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია. პროცესში შეიძლება ჩაერთოს ნებისმიერი ორგანო და ქსოვილი. ყველაზე ხშირად მეოთხე ტიპის ალერგიული რეაქციის განვითარებისას ზიანდება კანის საფარველი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, სასუნთქი ორგანოები. ალერგიული რეაქციის მეოთხე ტიპი დამახასიათებელია ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმის, ბრუცელოზის, ტუბერკულოზისათვის და სხვა.
ყველა ტიპის ალერგიულ რეაქციას პრაქტიკული თვალსაზრისით ყოფენ ორ დიდ ჯგუფად: დაუყოვნებელი და დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები. დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია ვითარდება ალერგენთან კონტაქტიდან 15-20 წუთის შემდეგ და მიეკუთვნება პირველი ტიპის რეაქციები. დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები ვითარდება 24-48 საათის განმავლობაში, ზოგჯერ კი უფრო დიდიხნის შემდეგ, აღინიშნება ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, კონტაქტური დერმატიტის დროს. ფაქტორები რომლებიც იწვევს დაყოვნებული ტიპის ალერგიულ რეაქციებს, შეიძლება იყოს მიკროორგანიზმები (სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, ვირუსები), მცენარეული ფაქტორები და სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალებები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988