საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი – საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის გადმობრუნება საშოს ნაწილზე. პათოლოგია წარმოიქმნება ყელის ცირკულარული კუნთოვანი ბოჭკოების გაწყვეტის შედეგად. საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის გადმობრუნება  ჩვეულებრივ შემოისაზღვრება მისი ქვედა განყოფილებით, მაგრამ უფრო გამოკვეთილიც შეიძლება იყოს.

აუცილებელია ექტროპიონის დიფერენცირება საშვილოსნოს ყელის ეროზიასთან, რადგან მას განვითარების სხვა მიზეზი გააჩნია. >>>>

რისკის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ექტროპიონის განვითარებას:

• ორსულობა

• სამშობიარო ტრავმები: საშვილოსნოს ყელის ჩახევა, განსაკუთრებით ორმხრივი. წარმოიქმნება თვითნებური მშობიარობის დროს (დიდი ნაყოფი, ნაყოფის გაშლილი  მდებარეობა, საშვილოსნოს ყელის ქსოვილების რიგიდობა და სხვ.), ასევე სამშობიარო ოპერაციების შემდეგაც(ნაყოფის ვაკუუმ-ექსტრაქცია).

საშვილოსნოს ყელის დაზიანებულ ქსოვილებზე ნაკერების არასწორი დადება.

საშვილოსნოს ყელის ტრავმული გაფართოვება აბორტის შემდეგ, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სტადიაზე.

საშვილოსნოს ყელის ნებისმიერ ტრავმას თან სდევს მისი ქსოვილების მთლიანობის დარღვევა, ცირკულარული კუნთების ჩათვლით. ამ დროს დაუზიანებელი  განივი კუნთები, რომლებიც განლაგებულია საშვილოსნოს წინა და უკანა ბაგეებს შორის მიდამოში, იკუმშებიან ცირკულარული კუნთების უკუქმედების გარეშე.  შედეგად წარმოიქმნება ღიაობა, რაც გადადის საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის გადმობრუნებაში.

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონის  სიმპტომატიკა

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონის დროს ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსი იმყოფება არაფიზიოლოგიურ პირობებში. ნორმაში ცერვიკალური არხის ჯირკვლების სეკრეტი ტუტე რეაქციისაა, ექტროპიონის დროს კი ლორწოვან გარსზე მოქმედებს საშოში არსებული მჟავე არე. ეს იწვევს საშვილოსნოს ყელის ჯირკვლების სეკრეციის დარღვევას, რომელსაც მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციული ფუნქციისთვის და აღმავალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად.  საშვილოსნოს ყელის ბარიერული ფუნქციის ცვლილება იწვევს გადმობრუნებული  ლორწოვანი გარსის მიკროორგანიზმებით მოთესვას, რომლებიც ჩვეულებრივ საშოში არიან,  და ანთებითი პროცესის განვითარებას. ექტროპიონის ხანგრძლივი არსებობისას შეიძლება განვითარდეს მფარავი ეპითელიუმის ატროფია. ექტროპიონი შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ანთებითი, ტრავმული, ტროფიკული, ონკოლოგიური.

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი – თანმდევი პათოლოგია

ექტროპიონს თითქმის ყოველთვის თან სდევს ენდოცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება) და შემდგომი ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანთება). ტროფიკის დარღვევა და ქრონიკული ანთებითი პროცესი იწვევს სხვა პათოლოგიურ პროცესებს საშვილოსნოს ყელზე (ფსევდოეროზია, ლეიკოპლაკია, დისპლაზია და სხვ.)

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი – დიაგნოსტიკა

• გინეკოლოგიური დათვალიერება;

• ფართო კოლპოსკოპია;

• ბიოფსია (მინიშნებების მიხედვით)

საშვილოსნოს ყელის ექტროპიონის მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის დეფორმაციის ხარისხის, ასევე ქალის ასაკისა და  რეპროდუქციული ფუნქციის გათვალისწინებით, ექიმი ირჩევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს:

• კრიოდესტრუქცია;

• ლაზერული კოაგულაცია;

• რადიოქირურგიული ზემოქმედება-დიათერმოელექტროკონიზაცია;

• ოპერაციული მკურნალობა-საშვილოსნოს ყელის პლასტიკა.

მნიშვნელოვანი ნაწიბურებისა  და საშვილოსნოს ყელის გამოკვეთილი დეფორმაციის დროს ატარებენ რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ ოპერაციას ყველა პათოლოგიური პროცესების განკურნების შემდეგ (ენდოცერვიციტი, ფსევდოეროზია და სხვ.)

ექტროპიონის ფონზე დისპლაზიისა და სხვა კიბოსწინა პროცესების არსებობა ყელის კონიზაციისა და უფრო რადიკალური ჩარევის მაჩვენებელია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები