ხერხემლის რენტგენოგრაფია

ხერხემლის რენტგენოგრაფია

ხერხემლის რენტგენოგრაფია  საშუალებას იძლევა, რომ შეფასდეს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე, აგებულება, ეროზიების არსებობა და მალებს შორის ურთიერთკავშირი, მალთაშუა დისკების სტრუქტურისა და მდებარეობის ცვლილებები, შესაძლო ტრავმების არსებობა. სახსრების რენტგენოგრამაზე შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე სითხის დაგროვება მათ ღრუებში, ოსტეოფიტების არსებობა, სახსრის ნაპრალის შევიწროება და ნორმალური სტრუქტურის ცვლილება. ხერხემლის რენტგენოგრამაზე შესაძლებელია მივიღოთ  მთელი ხერხემლის ან მისი ცალკეული ნაწილის გამოსახულება.

ხერხემლის რენტგენოგრაფიის ჩვენებები:

ხერხემლის რენტგენოგრაფიისას შესაძლებელია გამოვლინდეს სპონდილოლისთეზი (მალის წანაცვლება), მოტეხილობა, მალის ამოვარდნილობა, მალების კომპრესია, კიფოზი, სკოლიოზი, ლორდოზი. ხერხემლის რენტგენოგრაფია  ასევე გამოიყენება სხვა დაავადებების დასადასტურებლად, როგორიცაა მაგალითად განვითარების მანკები – კისერმრუდობა, ხერხემლის საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია, ხერხემლის ნახევრის განუვითარებლობა, კლიპელ – ფეილის სინდრომი; დეგენერაციული ცვლილებები – ოსტეოფიტები, ოსტეოართრიტი, მალთაშუა დისკებს შორის მანძილის შემცირება; ხერხემლის ტუბერკულოზი ან პოტის დაავადება; კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; სისტემური დაავადებებირევმატოიდული ართრიტი, შარკოს დაავადება, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოპოროზი, პეჯეტის დაავადება, თუმცა ასეთ შემთხვევებში აგებულების ანატომიური თავისებურებებისა და მალთაშუა სივრცეების თავისებურებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ანამნეზისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. რენტგენოგრაფიის შედეგების მიხედვით საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, მათ შორის მიელოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია.

შესაძლებელია ასევე ხერხემლის ფუნქციური რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა. ხერხემლის სვეტის შეფასება ხდება მოძრაობისას, პაციენტი ასრულებს ექიმის მითითებით ვარჯიშებს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო ხერხემლის ტრავმული დაზიანების დროს გამოკვლევისას, განსაკუთრებით კისრის მიდამოს დაზიანებისას. მოცემულ შემთხვევაში რენტგენოგრაფია უნდა შესრულდეს ავადმყოფის საკაცეზე წოლისას., რადგანაც პაციენტის გადაადგილებამ შესაძლებელია გამოიწვოს ან გააღრმავოს ზურგის ტვინის დაზიანება.

ხერხემლის რენტგენოგრაფიას გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები, მათ შორის ორსულობა, განსაკუთრებით პირველ სემესტრში, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება ნაყოფის გართულებების რისკს. ასევე ბარიუმით გამოკვლევის ჩატარების შემთხვევაში ხერხემლის რენტგენოგრაფია  უნდა ჩატარდეს კვლევიდან მინიმუმ ოთხი დღის შემდეგ.

განსაკუთრებითი მომზადება ხერხემლის რენტგენოგრაფიას არ სჭირდება, გარდა წელის მიდამოს გამოკვლევისა. ამ შემთხვევაში ინიშნება დიეტა – ხდება აირების წარმომქმნელი პროდუქტების ამოღება და ფერმენტული პრეპარატების მიღება, გამოკვლევის წინა დღეს კი აუცილებელია საკვებისაგან თავის შეკავება და გამწმენდი ოყნის გაკეთება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988