ტროფიკული წყლული

ტროფიკული წყლული (ბერძ. trophē საკვები, კვება) – კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც გამოწვეულია ნეკროზული კანის მოცილების შედეგად და გამოიხასიათდება ტორპიდული მომდინარეობით, შეხორცებისადმი მცირედი ტენდენციით და რეციდივირებისკენ მიდრეკილებით.

ტროფიკული წყლული ვითარდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ან ინერვაციის მოშლის საპასუხოდ, რის შედეგადაც ქვეითდება კანის კვება.

ყველაზე ხშირად ტროფიკული წყლული ვითარდება ქრონიკული ვენური, არტერიული და ლიმფური მიმოქცევის ქრონიკული პათოლოგიების დროს, როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი, კიდურების სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაზიანებები, სპილოვნობა, სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკები – ჰემანგიომები, პარკს-ვებერის დაავადება, ასევე ნერვული სისტემის პათოლოგიებისას (სირინგომიელია, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაზიანება და სხვ.).

ტროფიკული წყლულის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს კანის მექანიკურმა დაზიანებებმა (ჭრილობები, ნაწოლები), დამწვრობებმა, მოყინვამ, ქიმიურმა და სხივურმა დაზიანებებმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებმა (შაქრიანი დიაბეტი, შემაერთებელი ქსობილების დიფუზურმა დაზიანებებმა, სისხლის დაავადებებმა, არასპეციფიკურმა ან სპეციფიკურმა ინფექციებმა (ტუბერკულოზი, სიფილისი, კეთრი).

წამყვანი რგოლი ტროფიკული წყლულის პათოგენეზის განვითარებაში არის მიკროცირკულაციური სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელიც იწვევს პროგრესირებად იშემიას, ნეკრობიოზს და ქსოვილების ნეკროზს. ქრონიკული ვენური უკმარისობისას ეს გამოწვეულია სისხლის დინების გაძნელებითა და სისხლძარღვების სპაზმით, არტერიოლებისა და ვენულების თრომბოზითა და ჰიალინიზაციით, კაპილარებში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი გაუარესებით.

პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის დაავადებებისა და დაზიანების დროს ტროფიკული წყლულების განვითარების მიზეზია ნერვული სისტემის ტროფიკული ფუნქციის მოშლა.

დამწვრობების, მოყინვების, ფართო ჭრილობები დროს ტროფიკული წყლულები ვითარდება ნაწიბუროვანი კანის განვითარების შედეგად, რადგანაც მას აღარ ძალუძს ეპითელური საფარველის სათანადო რეგენერაცია.

შაქრიანი დიაბეტის დროს ტროფიკის დარღვევას და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას საფუძვლად უდევს ვასკულიტი. მიკროცირკულაციის სისტემაში ცვლილებები იწვევს ჟანგვა-აღდგენითი და ცვლის პროცესების დარღვევას იმ ქსოვილებში, რომლებშიც მიმდინარეობს ანაერობული და კატაბოლური ბროცესები. კანის ნეკროზის უბანში მიკრობის შეჭრა იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას და ალერგიულ რეაქციას.

მორფოლოგიური კვლევებისას აღინიშნება კანის დეფექტი (ზოგჯერ კი უფრო ღრმად მდებარე ქსოვილისა), რომლის ფსკერიც სავსეა გრანულაციური ქსოვილით და ზედაპირი დაფარულია დეტრიტისა და ფიბრინის შრით. გრანულაციური ქსოვილის ქვემოთ განლაგებულია მკვრივი ფიბროზული ქსოვილის შრე, რომელშიც შეინიშნება ვასკულიტის, ფიბრინოიდული ნეკროზის, თრომბოზისა და სისხლძარღვების ჰიალინოზის ნიშნები. ტროფიკული წყლულის ზედაპირზე შეინიშნება პათოგენური (ძირითადად ასოცირებული) მიკროფლორა: სტაფილოკოკები, ლურჯ-მწვანე ჩხირი, პარაზიტის ჩხირი, სოკოები და სხვ.

ტროფიკული წყლულისათვის დამახასიათებელია ქრონიკული, პროგრესირედადი მიმდინარეობა ხშირი გამწვავებებით, რეციდივებითა და მკურნალობისადმი რეზისტენტობით. ზოგიერთი დაავადების დროს ტროფიკულ წყლულს აქვს დამახასიათებელი გარეგნული შესახედაობა და ლოკალიზაცია. მაგალითად, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ტროფიკული წყლული არის მცირე ან საშუალო ზომის, განთავსებულია კოჭის შიგნითა ზედაპირზე, აქვს მრგვალი ან ოვალური ფორმა, მის გარშემო კანი ჰიპერემიულია. პოსტთრომბოზული დაავადებისას – წყლულები არასწორი ფორმისაა. წყლულის კიდეები გასქელებულია, მტკივნეული, კანი წვივების მიდამოში წყლულის გარშემო ციანოზურია, ინდურირებული. ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება რამდენიმე წყლული, ზოგჯერ იკავებენ ცირკულარულად მთელ წვივს მანჟეტის სახით.

არტერიების მაობლიტირებელი დაავადებებისას განვითარებული წყლულები ლოკალიზდება ტერფის თითებზე და გამოირჩევა მნიშვნელოვანი მტკივნეულობით. ჰიპერტონული დაავადებისას (მარტორელის სინდრომი) წყლულები განლაგებულია წვივების წინა ან გარეთა ზედაპირებზე და მკვეთრად მტკივნეულია.

ნეიროტროფული წყლულები ლოკალიზდება ტერფის ძირის მხარეს, უხშირესად თითების მხარეს, აქვს მომრგვალებული ფორმა, მტკივნეულია, და ახასიათებს წყლულების ირგვლის ანთების მინიმალური ნიშნების განვითარება.

დიფუზური დაავადებებისას შემაერთებელი ქსოვილების წყლულები განლაგდებიან წვივებზე სიმეტრიულად, შაქრიანი დიაბეტისას – ტერფის პირველ თითზე და თითების მიდამოში.

პოსტტრავმული ტროფიკული წყლულები ლოკალიზდება კანის დაზიანებული უბნების მიდამოში.

ანთებითი პროცესის განვითარებას ახლავს წყლულის გარშემო არსებული ქსოვილების მტკივნეულობის გაძლიერება. ჩნდება იქოროზული სუნი და სისხლიანი გამონადენი წყლულუდან, რომელიც ახასიათებს მის ხელმეორედ, ავთვისებიან განვითარებას (ბრტყელუჯრედოვანი კიბო, იშვიათად სარკომა).

ტროფიკული წყლულის მიმდინარეობას ხშირად თან ახლავს დერმატიტის განვითარება, მათ შორის წამლისმიერი ეგზემისაც. წამლისმიერი ალერგია ხშირად ატარებს პიოალერგიის ხასიათს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების მიმართ. იშვიათად ტროფიკული წყლული შესაძლოა გახდეს სეფსისის, ფლეგმონის განვითარების მიზეზი. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს ტროფიკული წყლული ხშირად ურთულდებათ ტერფის განგრენით, რომელიც საჭიროებს ამპუტაციას.

ავადმყოფის ყოველმხრივი გამოკვლევებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიდურების სისხლძარღვების კვლევას (ღრმა და ზედაპირული ვენებისა და არტერიების), მათ შორის ფუნქციონალურ კვლევებს (რეოვაზოგრაფია, რეოპლეტიზმოგრაფია), ულტრაბგერით (დოპლეროგრაფია) მეთოდებს, ინფრაწითელ ტომოგრაფიას, ანგიოგრაფიას (ფლებო და არტერიოგრაფიას). ტარდება გამოკვლევები სისხლში გლუკოზის შემცველობაზე, ვასერმანის რეაქცია, ასევე ციტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები. ბიოფსიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია წყლულის კიდეები და ფსკერი. ნიმუშს იღებენ რამდენიმე ადგილიდან, ზოგჯერ განმეორებითაც. ნეიროტროფიკული წყლულის მქონე პაციენტისათვის აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

ტროფიკული წყლულის პროგნოზი

არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში ყოველთვის არასახარბიელოა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტთა მდგომარეობა კიდურების არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების ქირურგიული მეთოდებით კორექციის შემთხვევაში.

ტროფიკული წყლულის პროფილაქტიკა

მდგომარეობს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაში და რადიკალურ მკურნალობაში (ქრონიკული ვენური და არტერიული უკმარისობა), ტრავმების თავიდან აცილებაში, განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა, აუცილებელია სპეციალური ფეხსაცმლის ტარება, ელასტიკური სახვევები (ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მქონე პაციენტთათვის), შრომის რაციონალიზება.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..