სიმსუქნე ბავშვებში

სიმსუქნე ბავშვებში

წონა და მისი დინამიკა, ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. ნებისმიერი დედა თუ ბებია ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებოს თავისი თვალისჩინი. ზედმეტი კილოგრამები კი ლამის ეპიდემიად იქცეს და მსოფლიო წალეკოს.
სიმსუქნე, როგორც სოციალური პრობლემა, ბრიტანელებს ყოველწლიურად 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ, ხოლო ამერიკელებს – 75 მილიარდი დოლარი. ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა.
ჭარბი წონა ისეთ საშიშ დაავადებებს უკავშირდება, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ონკოლოგიური პათოლოგიები… სულ ცოტა ხნის წინ ისინი მხოლოდ მოზრდილთა სნეულებებად მიიჩნეოდა, დღეს კი პედიატრიულ პრაქტიკაშიც გამოჩნდა და თანდათან ხშირდება. გარდა ამისა, სიმსუქნე არღვევს სქესობრივი მომწიფების პროცესს – გოგონებში აჩქარებს მას, ხოლო ვაჟებში ანელებს.
სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკებიდან გასაკუთრებით საშიშია შაქრიანი დიაბეტი,მძიმე ქრონიკულ დაავადებები ისეთი საშიში გართულებებით, როგორიც არის თირკმლის დაზიანება მის სრულ უკმარისობამდე, მხედველობის დაკარგვა, ქვედა კიდურების განგრენა, ინფარქტი, ინსულტი…შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საერთო პოპულაციასთან შედარებით 20-27 წლით ნაკლებია. ამავე დროს უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური აქტივობითა და დიეტით შესაძლებელია მეორე ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება ან გადავადება.

დიეტა ბავშვებისთვის

ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას დიეტოთერაპიით მკურნალობენ. დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან გამორიცხვა, თუმცა კარგიიქნება, თუ უარს ვიტყვით რაფინირებულ ნახშირწყლებზე – შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, მურაბებზე… დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში – კალციუმის პრეპარატების მიღება. ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობს, ჭარბ წონასთან მიმართებითაც სწორია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმის ფარგლებში დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად უნდა იქცეს.

აღებულია: http://bavshviszrdaganvitareba.blogspot.com/p/blog-page_2815.html

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..