კარიესის მკურნალობა ორსულობის დროს

ორსულობა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელმაც არანაირი უარყოფთი გავლენა არ უნდა მოახდინოს ქალის ორგანიზმზე. თუმცა, სამეცნიერო პროგრესისა და მედიცინის განვითარების მიუხედავად, ქალები კვლავ კარგავენ კბილებს ორსულობის დროს. გულისრევა და ხშირი ღებინება, საკვების სურვილის მკვეთრი შეცვლა, მადის გაუარესება და ქალისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში, გავლენას ახდენს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობაზე.

ნაყოფში კალციუმის დეფიციტი იწვევს ამ ნივთიერების „გამოწოვას” დედის ძვლებიდან და კბილებიდან, რის შედეგადაც კბილები კარიესით ზიანდება უკვე ორსულობის პირველივე თვეებში. და აქ მრავალი ქალის წინაშე დგება საკითხი: უმკურნალოს კარიესს ორსულობის დროს თუ უმჯობესია მოიცადოს მშობიარობამდე?

სპეციალისტების აზრი 

სტომატოლოგების აზრით, ორსულმა არ უნდა დაუშვას კბილების დაშლა. კარიესულ კბილებში შეიძლება ბუდობდეს ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს ახალშობილისთვის და შეიძლება გახდეს უკიდურესად მძიმე დაავადებების მიზეზი.

ასეთი საშიშროების მიუხედავად, დღემდე არსებობს ფართოდ გავრცელებული მცდარი აზრი, რომ ორსულისთვის არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი და კბილების მკურნალობა ადგილობრივი ნარკოზის ქვეშ. თუმცა, ნებისმიერი სტომატოლოგი გეტყვით, რომ ორსულობის დროს კბილების მკურნალობა აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც შედის დედის ჯანმრთელობისა და ნაყოფის სწორი განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების კომპლექსში. ორსულობის დროს მიშვებული კარიესი პროგრესირებს, ამიტომ არ უნდა დავაყოვნოთ მკურნალობა.

სპეციალისტების აზრით, ორსულობის დროს კბილის ამოღებისა და კარიესის მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო და რეკომენდებული ვადაა 16-24 კვირა. ორსულობის სხვა პერიოდები ხასიათდება სტომატოლოგის მიერ დანიშნული სამკურნალო პრეპარატების მიმართ ბავშვისა და დედის განსაკუთრებული მგრძნობელობით.

არანამკურნალები კარიესის დროს შესაძლებელია გართულებები – პულპიტი და პერიოდონტიტი. როგორც ცნობილია, პულპიტი არასოდეს არ ჩნდება თავისთავად, იგი  არანამკურნალები კარიესის შედეგია და მომავალმა დედებმა ეს უნდა იცოდნენ. თუ კარიესი კბილის დაკარგვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, პულპიტი უკვე მეორეა.

პირის ღრუში ნებისმიერი დისკომფორტის დროს, გამოცდილი ექიმი დაათვალიერებს კბილებს და ეტყვის ყველა შესაძლო რისკზე, ასევე დაუნიშნავს ორსულს კარიესის მკურნალობის ოპტიმალურ ვადას. გახსოვდეთ, რომ თანამედროვე კლინიკებში კარიესის მკურნალობა ორსულობის დროს საშიში არ არის ორსულისა და ჯანმრთელი ნაყოფისთვის.

რენტგენის გადაღება შეიძლება რადიოვიზიოგრაფით, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე გამოსხივების ზემოქმედებას. დაცვის თანამედროვე საშუალებები ტყვიის ჩანართებით, საიმედოდ იცავენ ნაყოფსაც და მომავალ დედასაც.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”;  გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.