მშობელთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა: დედისა და მამის ჯანმრთელი კბილები
მზადება ორსულობისთვის
ორსულობის დაგეგმვისას მრავალი მშობელი ჩაფიქრდება ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მავნე ჩვევებზე უარის თქმაზე და მივიწყებული სტომატოლოგიური პრობლემების მკურნალობაზე. ეს სწორია!
დედამ, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, უნდა ჩაიტაროს ჰიგიენური გაწმენდა და უმკურნალოს არსებულ დაავადებებს.
მცდარია მოსაზრება, რომ ორსულობის დროს არ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. პირიქით, სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია ორსულობის მე-14-16 და 30-32-ე კვირებზე. ეს მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვისთვისაც.
სწორედ დედის სტომატოლოგიური ჯანმრთელობა მოქმედებს ნაყოფის კბილების ჩამოყალიბებაზე, ამიტომ კარიესის პროფილაქტიკა დედაში – ეს არის კარიესის პროფილაქტიკა მომავალ ბავშვში.
თუ თქვენ უკვე გაქვთ სტომატოლოგიური დაავადებები – მით უმეტეს უნდა მიმართოთ ექიმს. საქმე იმაშია, რომ კბილების ჩასახვა და მინერალიზაცია ხდება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდის მე-6-7 კვირაზე. თუ ეს ეტაპი დაემთხვა მომავალი დედის დაავადებას, მომავალში ძალიან მაღალია სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობა ბავშვში.
გარდა ამისა, დედის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ზრდის პათოლოგიის განვითარების რისკს ორსულობის პერიოდში – კბილის ნადებში არსებული ბაქტერიები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ხვდებიან დედისა და ბავშვის ორგანიზმში.
დედისა და მამის მემკვიდრეობითობა
ცნობილია, რომ არსებობს კარიესის განვითარებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა. საქმე ეხება ნერწყვის შემადგენლობაში შემავალ განსაკუთრებულ მოლეკულებს – ოლოგისაქარიდებს. სწორედ ისინი ზოგიერთ ადამიანში ხელს უშლიან კბილებზე კარიესის გამომწვევი ბაქტერიების დალექვას. ზოგიერთში კი, პირიქით, ხელს უწყობენ ბაქტერიების მიმაგრებას კბილების ზედაპირზე. ეს გენეტიკურად არის განპირობებული.
კარიესის პირდაპირ გადაცემა მშობლებიდან შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ კარიესისადმი წინასწარგანწყობის გადაცემა. თუ თქვენ ხშირად გაქვთ კარიესი, მაშინ იმის ალბათობა, რომ ბავშვსაც ექნება კარიესი, მაღალია. მაგრამ არ იდარდოთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90% აქვს კარიესი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ სტომატოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, მთავარია გახსოვდეთ: ბევრი რამ დამოკიდებულია ქცევაზე, სწორ კვებაზე, კბილებისა და პირის ღრუს ჰიგიენასა და მოვლაზე.
მშობიარობის შემდეგ
როდესაც ბავშვი დაიბადება, მშობლებს, ძირითადად, ცოტა თავისუფალი დრო რჩებათ. მაგრამ თუ თქვენ შეგაწუხათ კარიესმა, მაშინვე დაიწყეთ მისი მკურნალობა. არ დაუშვათ კარიესის განვითარება მშობიარობის შემდგომ პერიოდში – ეს საშიშია როგორც დედისა და მამისთვის, ასევე ბავშვისთვისაც, რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება გარემოს მიკროორგანიზმებს. მშობლების კოცნაც კი ბავშვში მიკრობების შეღწევის პოტენციური წყაროა. დაიცავით ბავშვი – დროულად იზრუნეთ პირის ღრუს ხარისხიან მოვლაზე.
მშობლების ჰიგიენური ჩვევები
როგორც უკვე ვთქვით, დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ ზრუნავენ მშობლები თავიანთ კბილებზე. როდესაც ბავშვი უკვე წამოიზრდება, იგი იღებს მშობლების ქცევებს, მათ შორის, მათ ჩვევებსაც. შესაბამისად, მშობლების ჰიგიენური ჩვევები ნიმუშია ბავშვების ქცევისთვის.
სამწუხაროდ, მშობლები ყოველთვის სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ თემას. არიან დედები და მამები, რომლებიც არა თუ თვითონ არ ზრუნავენ თავიანთი პირის ღრუს ჰიგიენაზე, არამედ ბავშვებსაც არ აიძულებენ კბილების გაწმენდას.
კვლევებით დადასტურდა, რომ მხოლოდ იმ ბავშვებს აქვთ პირის ღრუს კარგი ჰიგიენური მდგომარეობა, რომლებსაც მშობლები რეგულარულად, სულ მცირე დღეში ორჯერ უწმენდენ კბილებს კბილის პასტით. თუ ბავშვი კბილებს თვითონ იწმენდს, დღეში ერთხელ ან ორ დღეში ერთხელ, ადრეული კარიესის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.
მშობლების დამოკიდებულება ბავშვების სტომატოლოგიური ჯანმრთელობისადმი
მშობლების უმრავლესობას ესმის, რომ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობაზე, ქცევებსა და ჩვევებზე. ამჟამად მშობლებს უფრო ხშირად მიყავთ ბავშვები რეგულარულ ვიზიტებზე. პრაქტიკულად გაქრა აზრი, რომ სარძევე კბილების კარიესს შეიძლება არ ვუმკურნალოთ. ნათელია, რომ მშობლებს შორის ადრეული კარიესის პრობლემების შესახებ ინფორმაციის დონე გაიზარდა და დედებისა და მამების დამოკიდებულება ბავშვების სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მიმართ უფრო სერიოზული გახდა.
აღებულია dentalcafe.ge –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.
______________________________________
გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ორსულობა და მშობიარობა, მეანობა”