მხედველობის განვითარება ბავშვებში

მხედველობის განვითარება ბავშვებში

ბავშვის მხედველობის სისტემა უკვე დაბადებისას ფლობს ზოგიერთ უპირობო რეფლექსს – ეს არის გუგის რეაქცია სინათლეზე, სინათლისაკენ თვალებისა და თავის მიტრიალების რეფლექსი, მოძრავ ობიექტზე თვალის მიდევნების მცდელობა. ზრდასთან ერთად ვითარდება და ხდება სხვა მხედველობითი ფუნქციების სრულყოფა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

სინათლეზე მგრძნობელობა

პირველივე დღეებიდანვე სინათლე ახდენს მასტიმულირებელ გავლენას   მხედველობის სისტემის განვითარებაზე, მისი ძირითადი ფუნქციების ჩამოყალიბებაზე, თუმცა სინათლის ზემოქმედებით ახალშობილებში არ აღიქმება მხედველობითი ხატი, არამედ ძირითადად ხდება არაადექვატური დაცვითი რეაქციების გამოწვევა. სინათლის მგრძნობელობა  ერთი წლის ასაკისათვის მოზრდილის  სინათლის მგრძნობელობის დონის 2/3 -ს შეადგენს და 12-14 წლისათვის აღწევს ნორმალურ დონეს

ცენტრალური მხედველობა

ცენტრალური მხედველობა ყალიბდება  მხოლოდ 2-3 თვეზე,  მარტივი საგნების გარჩევის უნარი უზრუნველყოფილია მხედველობის სისტემის განვითარების დონის მიხედვით. რთული ობიექტების აღქმა კი უკვე დაკავშირებულია ინტელექტის განვითარებასთან.
4-6 თვის ბავშვი ცნობს დედას, რეაგირებას ახდენს ახლო მყოფ სახეებზე, უფრო ადრე კი 2-3 თვეზე კი ამჩნევს დედის ძუძუს. 7-10 თვეზე აღიქვამს გეომეტრიული ფიგურებს (კუბი, პირამიდა, კონუსი, ბურთი), 2-3 წლის ასაკში კი დახატულ საგნებს არჩევს. საგნის ფორმის სრული აღქმა და მხედველობის ნორმალური სიმახვილის ჩამოყალიბება სრულად ხდება მხოლოდ სკოლის ასაკში სწავლების პერიოდში.

ფერების აღქმა

მხედველობის სიმახვილის განვითარებასთან ერთად მიმდინარეობს ფერების აღქმის განვითარებაც. დასაწყისში პატარები მხოლოდ კონტრასტულ ფერებს არჩევენ, 2-4 თვის ასაკიდან კი მსგავის ფერების გარჩევასაც სწავლობენ. ამ პერიოდში სასურველია აჩვენოთ პატარას ნათელი სურათები, ფოტოები, წიგნები და სათამაშოები დიდი დეტალებით. 4-5 წლისათვის ფერების აღქმა კარგად არის განვითარებული.

ბინოკულარული მხედველობა

მხედველობის განვითარება ბავშვებშიბინოკულარული მხედველობა ვითარდება სხვა მხედველობის ფუნქციებთან შედარებით მოგვიანებით. ბინოკულარული მხედველობის მეშვეობით ხდება სივრცის და სიღრმის აღქმა. 5-6 თვემდე, სანამ ბინოკულარული კავშირები ჩამოყალიბდება და ორივე თვალი შეთანხმებულად დაიწყებს მოქმედებას, შესაძლოა აღინიშნებოდეს სიელმე. თუმცა უკვე 1-2 თვის შემდეგ პატარას შეუძლია თვალი მიადევნოს მოძრავ საგანს. სწორედ ამიტომ ამ პერიოდში პატარები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს თქვენს მოძრაობას.

დაბადებისას ბავშვს შეგნებული მხედველობა არ აქვს. მკვეთრი განათების ზემოქმედებით ხდება გუგის შევიწროება, იხურება ქუთუთოები, თავი ბიძგისებურად გადადის უკან, მაგრამ ამ დროს თვალები უმიზნოდ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოძრაობენ. 2-5 კვირის შემდეგ მკვეთრი განათებისას ბავშვი ახერხებს თვალების შედარებით უძრავად გაჩერებას.

ოთხი-ხუთი თვის ასაკში ვითარდება მხედველობის სიღრმე და სიმკვეთრე, რაც პატარას საშუალებას აძლევს შეაფასოს საგნებს შორის მანძილი, ასევე უკეთ აკონტროლოს  საკუთარი ხელების მოძრაობა, რის გამოც წარმატებით სტაცებს ხელს სხვადასხვა ნივთებს. ამ ასაკში ბავშვს უკვე გააჩნია უნარი გაარჩიოს ძალზედ პატარა საგნები და მარტივად მიადევნოს თვალი მოძრავ საგნებს, ამოიცნოს საგანი მისი პატარა დეტალის დანახვისას, გაარჩიოს მსგავის ფერები და პასტელური ტონები.

რვა თვის ასაკში  პატარას მხედველობა სიმკვეთრითა და სიღრმით არ ჩამოუვარდება მოზრდილი ადამიანის მხედველობას,  თუმცა უკეთაა განვითარებული ახლომხედველობა შორსმხედველობასთან შედარებით. ამ ასაკში პატარები ცნობენ ახლობელ ადამიანებს და საგნებს ოთახის ფარგლებში. ამ პერიოდისათვის საბოლოოდ ყალიბდება თვალის ფერი, თუმცა მცირედი ელფერი შეიძლება შეიცვალოს შედარებით მოზრდილ ასაკში.

როგორ შევუწყოთ ხელი პატარას მხედველობის განვითარებას

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ პატარები  უფრო ყურადღებით აკვირდებიან ადამიანების სახეებს, ვიდრე რაიმე საგანს ან სათამაშოს, ამიტომ ხშირად მიუახლოვეთ  სახე პატარას სახეს, განსაკუთრებით ახალშობილს, რომ მან თქვენი სახის ნაკვთები შეისწავლოს. დაახლოებით ერთი თვის ასაკში  ნებისმიერი საგანი გამოიწვევს მის ინტერესს, თუნდაც ეს მკვეთრად მოელვარე კოვზი იყოს, სცადეთ მისი მოძრაობა ზევიდან ქვევით, ერთი მხრიდან მეორე მხარეს. დასაწყისში ყურადღება მიაქციეთ კონტრასტულ ფერებს, მოგვიანებით კი შეგიძლიათ მსგავსი ფერის სათამაშოებიც გამოიყენოთ.

მხედველობის განვითარება ბავშვებში – როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ბავშვის მხედველობის შემოწმება უნდა მოხდეს რეგულარულად, თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

  • – 3-4 თვის ასაკში ბავშვი ვერ ახდენს ფოკუსირებას საგნებზე ან ვერ ადევნებს თვალს მოძრავ საგნებს
  • – თუ ბავშვს არ შეუძლია ერთი ან ორივე თვალი სხვადასხვა მიმართულებით მიატრიალოს
  • – უმეტესწილად აღინიშნება თვალების დაელმება
  • – აღინიშნება ერთი ან ორივე თვალის კაკლის წინ წამოწევა (გადმოკარკვლა)
  • – დღენაკლული ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მხედველობის პრობლემებისაკენ, როგორიცაა ასტიგმატიზმი, მიოპია, სიელმე და სხვა, ამიტომ მათ შემთხვევაში მხედველობის შემოწმება უფრო მეტი სიხშირით უნდა მოხდეს. გადასვლა >>> ბავშვი; ოფთალმოლოგია

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.