დღენაკლულთა რეტინოპათია
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
დღენაკლულთა რეტინოპათია დაკავშირებულია ბადურის განვითარების დარღვევასთან. ჩვეულებრივ რეტინოპათია ვითარდება
სიცოცხლის მეოთხე კვირაზე, დაავადება პიკს კი სიცოცხლის მერვე კვირაზე აღწევს. ხშირად რეტინოპათია აღინიშნება ორივე თვალზე ერთდროულად.
დღენაკლულთა რეტინოპათია – რისკფაქტორები
ექიმების ვარაუდით დღენაკლულთა რეტინოპათიის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
- ნაადრევი მშობიარობა (26-28 კვირა)
- დღენაკლული ბავშვების სხეულის მცირე მასა (1.4 კგ და ნაკლები)
- დაბადების შემდეგ ხელოვნური ვენტილაცია, რომელიც სამ დღეზე მეტ ხანს გრძელდება
- ოქსიგენოთერაპია ერთ თვეზე მეტ ხანს
- სასუნთქი, სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის ცვლილებები
- მძიმე ინფექციები მუცლადყოფნის პერიოდში
დღენაკლულთა რეტინოპათია – დიაგნოსტიკა
დღენაკლული ბავშვის გამოკვლევა უნდა მოხდეს დაბადებიდან 1-2 კვირაზე. შემდგომში კი აუცილებელია ექიმი-ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა კვირაში ერთხელ. რეტინოპათიაზე ეჭვის მიტანისას ტარდება თვალის ფსკერის დათვალიერება გაფართოებული გუგის ფონზე.
დღენაკლულთა რეტინოპათია – მკურნალობა
უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში რეტინოპათიის დროს I-II სტადიის დროს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე აღინიშნება გაუმჯობესება, თუმცა III სტადია მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას, IV-V სტადიის დროს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა ვითარდება.
მკურნალობის ერთერთ მეთოდს წარმოადგენს კრიორეტინოპექსია, რაც ეწინააღმდეგება ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების ჩაზრდას ბადურის პერიფერიულ უბნებში, ასევე გამოიყენება ბადურის ლაზერული კოაგულაცია.
აღნიშნული მეთოდები მიმართულია ცენტრალური მხედველობის შენარჩუნებისაკენ.
_______________________________________
- გადასვლა>>> ,,ბავშვი”
- გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”
…