რაზე ოცნებობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

“მე სიყვარულზე ვოცნებობ” – ამ სიტყვებით გაგვეცნო გოგონა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში სწავლობს. უფრო მარტივად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სკოლაში. ამ გოგონამ, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, შეძლო გადმოეცა საკუთარი გრძნობები და ოცნებები.

საინტერესოა, როგორ ცხოვრებენ ის და მისი მეგობრები. ისინი თბილისის #200-ე პანსიონარული მომსახურეობის სკოლაში სწავლობენ. ამ სკოლაში სულ 137 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სწავლობს, 27 გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდება, 110 კი პანსიონსში რჩება. სკოლის შემდეგ მეცადინეობენ ან რაიმე ხელსაქმით არიან დაკავებულები, თავისუფალ დროს უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ რადიოს. ცდილობენ იცხოვრონ ისე, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები ცხოვრობენ.

მათი დილა 9 საათზე სკოლაში წასვლით იწყება. გაკვეთილები დაიწყო… მათთვის ყველაზე სახალისო და საყვარელი საგნები შრომა და ხატვაა. ხატვის გაკვეთილზე სწავლობენ ფერებს და ხატავენ ისე როგორც შეუძლიათ. რაც შეეხება შრომის გაკვეთილებს – ისინი სწავლობენ კერვას, ქარგვას გობელინზე და თექაზე მუშაობას. სწავლება ხანგრძლივი და რთული პროცესია. მათ დამოუკიდებლად უჭირთ მუშაობა, მაგრამ ის, რომ გამოფენა-გაყიდვებს აკეთებენ და ცდილობენ, საზოგადოებაში ინტეგრირებულები იყვნენ, მასწავლებლის და ბავშვების მონდომების შედეგია.

აღსანიშნავია, მათი მონაწილეობა სპეციალურ ოლიმპიურ კომიტეტში, რომელიც ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აწყობს ყოველკვირეულ საფეხბურთო, საკალათბურთო და ა.შ შეჯიბრებებს, რის შედეგადაც სკოლაში მედლით დაჯილდოებულები ბრუნდებიან.

შრომისა და ხატვის გარდა, ცხრილში საკმაოდ რთულ საგნებს წავაწყდით: ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, მათემატიკას და ა.შ.

ნანა მამამთავრიშვილი (თბილისის #200-ე სკოლის ბიოლოგია-ფიზიკის მასწავლებელი): “ასეთ ბავშვებთან მუშაობა რთულია, ვცდილობთ, პროგრამა ისე შევადგინოთ, რომ მათთვის მარტივი იყოს. ყველა სხვადასხვანაირად ითვისებს და ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. სწავლის დროს, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ასეთი ბავშვებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო არ არსებობს. მასწავლებლებს გვიწევს სხვადასხვა კლასის წიგნებიდან მასალის ამოღება და გამარტივებულად მიწოდება. ჩემი აზრით, სპეციალური საგნობრივი წიგნები აუცილებელია.

სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის ყველა საგნობრივი პროგრამა გამარტივებულია, მაგრამ დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ანუ ბავშვები გადიან ყველა იმ საგანს, რასაც ჩვეულებრივი ბავშვი”.

საინტერესოა, იგეგმება თუ არა სპეციალური სახელმძღვანელოების გამოშვება და როგორია სასწავლო სტრატეგია.

თათია პაჭკორია (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ინკლუზიური განათლების კოორდინატორი): “ბავშვთა კონვენციის თანახმად“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი (იგულისხმება, როგორც გონებრივი და ასევე ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა) სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მას ღირსების გრძნობას, ეხმარება მისი თვითრწმენის ჩამოყალიბებას და ამსუბუქებს მის აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში”.

ინკლუზიური განათლება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი და მიმართულებაა. ინკლუზიური განათლება ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების თანატოლებთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლას. ამ ტიპის განათლების ძირითადი პრინციპია, რომ ყველა მოსწავლე, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა და თავისებურებების, სკოლაში ერთად უნდა სწავლობდეს”.

– როგორია სასწავლო სტრატეგიები?

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის სწავლას და აკადემიურ წინსვლას სკოლის მხრიდან ინდივიდუალური სასწავლო სტრატეგიის შემუშავება განაპირობებს. ამ მიზნით სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ადგენს. ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართული მოსწავლეები ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობენ.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აღწერს, თუ როგორ უნდა ჩაერთოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კონკრეტული მოსწავლე საერთო სასწავლო გეგმაში და განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რომელიც მოსწავლის შესაძლებლობების ფარგლებში მოიაზრება.

– გამოიცემა თუ არა სპეციალურად გამარტივებული სასწავლო წიგნები ასეთი ბავშვებისთვის?

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწვლობენ. მათთვის არც სპეციალური პროგრამები და არც სპეციალურად შედგენილი სახელმძღვანელოები არ არსებობს. მათი სწავლების სტრატეგია, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სკოლამ, მასწავლებელმა სათანადოდ მოახდინოს ადაპტაცია და მოდიფიკაცია იმ სასწავლო მასალის, რომელიც ყველა მოსწავლისათვის არის განკუთვნილი. ამ შემთხვევაში, პედაგოგის ამოცანაა, მოსწავლისთვის უზრუნველყოს ხარისხიანი და ეფექტური განათლება და საგაკვეთილო პროცესი, ოღონდ მისი შესაძლებლობების, ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. ამ დროს, პედაგოგი უფლებამოსილია დასახოს ამ კონკრეტული მოსწავლისთვის ინდივიდუალური მიზანი, ამოცანა და სასწავლო შედეგი. გამოცემულია სპეციალური დამხმარე წიგნები მასწავლებლებისთვის: “ინკლუზიური განათლება – გზამკვლევი მასწავლებლებისთვის” და “ინკლუზიური განთლება – ვისწავლოთ ერთად“, ეს წიგნები დარიგებულია ყველა სკოლასა და რესურს ცენტრში.

რაც შეეხება პედაგოგებს, მათი ანაზღაურება მსგავსია სხვა ჩვეულებრივი სკოლის პედაგოგების ანაზღაურებისა, საინტერესოა ამ მხრივ იგეგმება თუ არა ცვლილება.

– მოხდება თუ არა პედაგოგების ანაზღაურების გაზრდა?

– სკოლას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, შეუძლია სპეციალური განათლების პედაგოგი დაიქირავოს. ამ შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს დახმარებას აღმოუჩენს მათ პრობლემებზე ორიენტირებული მასწავლებელი. სკოლამ საჭიროების მიხედვით თავად უნდა გადაწყვეტოს მასწავლებლის დამატებითი ანაზღაურებისა თუ სპეციალური მასწავლებლის ან დამხმარე მასწავლებლის დაქირავების საკითხი.

ზოგადად, ყველა მასწავლებლის მოვალეობაა გარკვეული დრო დაუთმოს მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და დახმარება გაუწიოს მათ პრობლემების გადაჭრაში.

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლებისათვის განსხვავებული დაფინანსების მექანიზმის აუცილებლობა დღის წესრიგში დგას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაფინანსების ადეკვატური სტრუქტურის უახლოეს მომავალში შემუშავებას ითვალისწინებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ისევე სრულფასოვნად უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები, ამაში მათ საზოგადოებაში ინტეგრირება დაეხმარებათ, სწორედ საზოგადოებას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მათი ცხოვრების გალამაზებასა და გაუმჯობესებაში.

წყარო: http://icode.ge/2011/02/11/რაზე-ოცნებობენ-შეზღუდული/

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”