ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი და მებრძოლი!

როდესაც შევიტყვე , რომ ჩემს შვილს დაუნის სინდრომი ჰქონდა,  ყველაზე დიდი პრობლემა  უცოდინრობა აღმოჩნდა.  არაფერი ვიცოდი ყოველივე ამის შესახებ, ამიტომ დამეწყო  ღელვა, მომავლის შიში, სტრესი…  როცა ვიხსენებ პირველ დღეებს, აღქმა მაქვს სიბნელის და ამ სიბნელეში აფორიაქებული საკუთარი თავის. მთავარი იარაღი  მხოლოდ  ინტუიცია და დედის ინსტიქტი იყო, რომელმაც ჩემი შვილი შესაძლო გართულებებისგან იხსნა, ხოლო სიყვარულმა ბევრი რამ  შეგვაძლებინა.

 მახსოვს, სანამ სისხლის ანალიზით დიაგნოზი  დადასტურდებოდა, არცერთხელ  ამიკრეფია ინტერნეტში სიტყვა დაუნის სინდრომი. ალბათ ამით გავურბოდი რეალობას…

25 დღის იყო თეოდორა, დღე, რომელიც ძალიან მძიმე აღმოჩნდა! პასუხი ჩემმა მშობლებმა წაშლილი სახით მომიტანეს.  მახსოვს მთელი დღე ცრემლების ნაკადი უწყვეტად მდიოდა და ვერ ვაჩერებდი, ამდენი ცრემლი არასდროს მქონია ერთად. ატირებული დავჯექი კომპიუტრეთან და ავკრიფე ჩემთვის საკრალური სიტყვა „დაუნის სინდრომი“ და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ინფორმაციის მოძიებასა და გაცემაში ვარ. ხშრად მითენებია ღამეები კითხვაში, ვეცნობოდი ბავშვების განვითარების თავისებურებებსა და მათთან მუშაობის მეთოდებს. თეორიულ ცოდნას მაშინვე პრაქტიკაში ვახორციელებდი და ბავშვიც შესაბამისად  ვითარდებოდა.  4 თვის იყო თეო,  როცა შევიტყვე  ადრეული განვითარების პროგრამის  არსებობის შესახებ და ჩავრთე ამ პროგრამაში. პარალელურად აღმოვაჩინე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზაცია, შევხვდი ერთ-ერთ დამფუძნებელს თამუნა მარგიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი ძალა და ენერგია მომცა.

აღმოვაჩინე, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში და მით უმეტეს სოციალურ ქსელებში, ამაზე არავინ ლაპარაკობდა , შევქმენი გვერდი, დავიწყე ლაპარკი, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაც იყო. დაახლოებით 6 თვის იყო თეო, როდესაც პირველ პროექტზე დავიწყე მუშაობა, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მოვიძიე და ვიპოვე ბევრი მშობელი მსგავსი პრობლემით. გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებასა და ცოდნას, რაც ძალიან ძვირფასია ყველასათვის. უკან ბევრი პროექტი და უამრავი აქტივობაა მოტოვებული, რაც ემსახურებოდა მშობლების გაძლიერებას და საზოგადოების ინფორმირებულობას. დღემდე ვარ მუდმივი მაძიებელი, ჩემი ძიება არ დასრულებულა.  ყოველდღიურად ვვითარდები, ვსწავლობ, ვერთვები ყველა ჩემთვის საჭირო და საინტერესო ტრენინგებში, პროექტებში, ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ სხვადასხვა არასამთავრობო ორანიზაციასთან. გავიცანი და დავუახლოვდი  დაუნის სინდრომიანსა და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

დღეს თეოდორა უკვე 4 წლისაა,  ყოჩაღი და მიზანდასახული, დამოუკიდებელი და მებრძოლი გოგოა. ერთადერთი პრობლემა რაც აქვს არის მეტყველება, რომელსაც ისევე როგორც სხვა პრობლემებს, მჯერა ჩვენი დიდი ძალისხმევით დავძლევთ.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი,რომ მთავარი ძალა რაც პრობლემების გადაჭრაში ეხმარება ადამიანს არის ინფორმაცია. ხარ ინფორმირებული, ხარ ძლიერი და მებრძოლი!

ლია ტაბატაძე

აღებულია: http://gadzlierdidashecvale.wordpress.com/2014/06/07/ხარ-ინფორმირებული-ხარ-ძლ/

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”
.

Share this...Share on Facebook
Facebook