ქუნთრუშა

ქუნთრუშა Scarlatina (Scarlet fever)

ქუნთრუშა – მწვავე ჰაერ-წვეთოვანი ანთროპონოზი; ავადდებიან უპირატესად 10 წლამდე ასაკის  ბავშვები; მიმდინარეობს ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ანგინითა და წვრილწერტილოვანი გამონაყრით. დაავადება მატულობს შემოდგომა-ზამთრის თვეებში.

ქუნთრუშა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური ტოქსიკოგენური სტრეპტოკოკი, რომელიც იბუდებს ცხვირ-ხახაში, იშვიათად კანში და იწვევს ადგილობრივ ანთებით ცვლილებებს (ანგინა, რეგიონალური ლიმფადენიტი). პროდუცირებული ეგზოტოქსინი იწვევს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებსა და ეგზანთემას.  პათოლოგიური პროცესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ალერგიული მექანიზმები. გართულებები ხშირად უკავშირდება სტრეპტოკოკურ სუპერინფექციას ან რეინფექციას.

ქუნთრუშა – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 5-7 დღე. დაავადება იწყება მწვავედ; მატულობს სხეულის ტემპერატურა, ვლინდება სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი ყლაპვის დროს. პატარა ბავშვებში, არც თუ იშვიათად, ვლინდება ერთჯერადი ან განმეორებითი ღებინება.  ბავშვები უარს ამბობენ საკვების მიღებაზე და ჭირვეულობენ. ტიპიური და მუდმივი სიმპტომია ანგინა, რომელიც ვლინდება რბილი სასის მკვეთრი ჰიპერემიით, ნუშურების გადიდებით, რომელთა ლაკუნებში ან ზედაპირზე არაიშვიათად წარმოიქმნება ნადები. ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. ხშირია ღებინება, ზოგჯერ მრავალჯერადი. პირველ, იშვიათად, მეორე დღეს მთლიან სხეულზე ჩნდება მკვეთრი ვარდისფერი ან წითელი წვრილწერტილოვანი გამონაყარი. ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი ფერმკრთალია (,,ქუნთრუშისებრი სამკუთხედი”) (ფილატოვის სიმპტომი); აღინიშნება თეთრი დერმოგრაფიზმი; კიდურების მომხრელებში ხშირია წერტილოვანი სისხლჩაქცევები.

გამონაყარი რჩება 2-დან 5 დღემდე, შემდეგში კი ფერმკრთალდება;  სხეულის ტემპერატურა თანდათანობით ქვეითდება. დაავადების მეორე კვირას იწყება კანის აქერცვლა; ენა თავდაპირველად ნადებითაა დაფარული, მე – 3 – მე – 4 დღეს ნადები ქრება და ენა ღებულობს ძალიან დამახასიათებელ შესახედაობას. მის წვერზე ჩანს ამობურცული დვრილები, ხოლო თვითონ ენა ღებულობს ღია წითელ ფერს (,,ჟოლოსებრი ენა”). გამოხატული ინტოქსიკაციის დროს ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები  (აგზნება, ბოდვები, ცნობიერების დაბინდვა). დაავადების დასაწყისში თავდაპირველად  აღინიშნება სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის მატება, ხოლო მე-4-5 დღიდან – პარასიმპათიკური ნერვული სისტემისა.

ქუნთრუშას მსუბუქი ფორმის დროს ინტოქსიკაცია სუსტადაა გამოხატული, ცხელება და დაავადების ყველა დანარჩენი გამოვლინებები ქრება მე-4-5 დღეზე. ეს არის ქუნთრუშას თანამედროვე მიმდინარების ყველაზე ხშირი ვარიანტი. საშუალო სიმძიმის ფორმა ხასიათდება ყველა სიმპტომის უფრო ძლიერი გამოხატულებით, მათ შორის ინტოქსიკაციის მოვლენების; ცხელების პერიოდი გრძელდება 5-7 დღე. მძიმე ფორმა ამჟამად ძალზე იშვიათია და გვხვდება ორ ძირითად ვარიანტად: ტოქსიკური ქუნთრუშა ინტოქსიკაციის მკვეთრად გამოხატული მოვლენებით (მაღალი ცხელება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება – გონების დაბინდვა, ხოლო ადრეული ასაკის ბავშვებში კრუნჩხვები, მენინგეალური ნიშნები), ხახისა და კანის მხრივ ყველა სიმპტომები მკაფიოდაა გამოხატული; მძიმე სეპტიკური ქუნთრუშა ნეკროზული ანგინით, რეგიონალური ლიმფური კვანძების მძაფრი რეაქციითა და ხშირი სეპტიკური გართულებებით; ხახაში ნეკროზები შესაძლებელია განლაგებული იყოს არა მხოლოდ ნუშურებზე, არამედ რბილი სასისა და ხახის ლორწოვან გარსზეც. ტოქსიკურ-სეპტიკური ქუნთრუშა ხასიათდება მძიმე ფორმის ამ ორი ვარიანტის სიმპტომების შერწყმით. დაავადების ატიპურ ფორმას მიეკუთვნება წაშლილი ქუნთრუშა, რომლის დროსაც ყველა სიმპტომი გამოხატულია სუსტად, ზოგიერთი  კი საერთოდ არ ვლინდება.

თუკი ინფექციის შეჭრის კარი კანია (დამწვრობა, ჭრილობა), მაშინ წარმოიქმნება ექსტრაფარინგული, ან ექსტრაბუკური ფორმა, რომლის დროსაც ისეთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, როგორიცაა ანგინა, არ აღინიშნება. მსუბუქი და წაშლილი ფორმების დროს ცვლილებები პერიფერიულ სისხლში მცირეა, ან საერთოდ არ არის. საშუალო და მძიმე ფორმების დროს აღინიშნება ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი მარცხნივ გადახრითა და ედსის მნიშვნელოვანი მატებით. დაავადების მე-3 დღიდან მატულობს ეოზინოფილია, თუმცა მძიმე სეპტიკური ფორმის დროს შესაძლებელია შემცირება, ან სრული გაქრობა.

ქუნთრუშა – გართულებები. გლომერულონეფრიტი (ძირითადად მე-3 კვირაზე), სინოვიტი, ე. წ. ინფექციური გული, იშვიათად მიოკარდიტი. სეპტიკური კომპონენტის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას ჩირქოვანი გართულებები: ლიმფადენიტი, ადენოფლეგმონა, ოტიტი, მასტოიდიტი, სინუსიტი, სეპტიკოპიემია. შესაძლებელია პნევმონიის გავითარება. ქუნთრუშას და ანგინის რეციდივები უკავშირდება სტრეპტოკოკურ რეინფექციას. უკანასკნელ ათწლეულში გართულებების სიხშირემ საგრძნობლად იკლო. ქუნთრუშის გადატანის შემდეგ, როგორც წესი, ყალიბდება იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუმცა უკანასკნელ წლებში განმეორებითი დაავადებების სიხშირე რამდენადმე გაიზარდა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წითელასთან, წითურასთან, წამლისმიერ გამონაყართან, ფსევდოტუბერკულოზის ქუნთრუშისებრ ფორმასთან.

ქუნთრუშა – მკურნალობა. შესაბამისი პირობების არსებობისას თერაპია ტარდება ბინაზე. ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია საჭიროა მძიმე და გართულებული ფორმების დროს, ასევე ეპიდემიოლოგიური ჩვენებით. წოლითი რეჟიმი 5-6 დღის განმავლობაში. ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია: სეპტტიკური ფორმის დროს ნაჩვენებია ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპია. გართულებების მკურნალობა ტარდება ჩვეულებრივი მეთოდებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია ბინის პირობებში ან მისი ჰოსპიტალიზაცია. რეკონვალესცენტებს სტაციონარიდან გამოწერენ  (გართულებების არარსებობისას) დაავადების მე-10 დღეზე.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.