ენტეროვირუსული დაავადებები

ენტეროვირუსული დაავადებები enterovirus diseases

ენტეროვირუსული დაავადებები მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებსაც იწვევენ ნაწლავური ვირუსები; მიმდინარეობს კუნთების, ცენტრალური ნერვული სისტემისა და კანის საფარველის დაზიანებით. გადაეცემა უპირატესად ჰაერ-წვეთოვანი გზით.

ენტეროვირუსული დაავადებები – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ენტეროვირუსებს გარდა პოლიომიელიტის ვირუსებისა, მიეკუთვნება კოკსაკის А ვირუსის 23 ტიპი, კოკსაკის В ვირუსის 6 ტიპი, ECHO ვირუსების 32 ტიპი და კიდევ ადამიანის 4 ენტეროვირუსი. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული და საჭმლის მონელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსები. შეღწევის ადგილზე შესაძლებელია ანთებითი ცვლილებების განვითარება. ვირუსები სწრაფად აღწევენ სისხლში, ვრცელდებიან მთელს ორგანიზმში, ფიქსირდებიან უპირატესად ნერვულ სისტემაში, კუნთებსა და ეპითელურ უჯრედებში, იწვევენ მათ ცვლილებებს.

ენტეროვირუსული დაავადებები – სიმპტომები, მიმდინარეობა. ნკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-დან 10 დღემდე. ენტეროვირუსული ინფექცია განაპირობებს მრავალფეროვან კლინიკურ გამოვლინებებს. განსაკუთრებით ხშირია მწვავე რესპირატორული დაავადებები, სეროზული მენინგიტი, ჰერპანგინა, ეპიდემიური მიალგია; ჰემორაგიული კონიუნქტივიტი, იშვიათად აღინიშნება მიელიტები დამბლით, ენცეფალიტები, პერიკარდიტები, მიოკარდიტები, ინფექციური ეგზანთემები, ენტეროვირუსული დიარეა. დაავადება იწყება მწვავედ. მწვავე რესპირატორული დაავადება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ნებისმიერი ენტეროვირუსით. სეროზული ენტეროვირუსული მენინგიტი იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებითა და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. პირველი დღის ბოლოსა და მეორე დღის დასაწყისში ვლინდება მკვეთრად გამოხატული მენინგეალური სიმპტომები (თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა, კერინგის სიმპტომი და სხვ.); ზოგჯერ ვლინდება ეგზანთემა. ცერებროსპინალური სითხე გამჭირვალეა, ციტოზი შეადგენს 200-300 – ს 1 მკლ-ში, ნეიტროფილები დაახლოებით 50%-ია, შაქრისა და ქლორიდების რაოდენობა ნორმალურია. ჰერპანგინას იწვევს კოკსაკის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, სხეულის ტემპერატურის მომატებით 39-400 C-მდე, თუმცა ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი. ცხელება გრძელდება 3-5 დღე. ტკივილი ყელში ზომიერია ან არ აღინიშნება. ჰიპერემიულ ლორწოვანზე ვლინდება ერთეული პაპულები, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნებიან ბუშტუკებად, დიამეტრით დაახლოებით 5 მმ. მალე ბუშტუკების ადგილზე წარმოიქმნება ზედაპირული დაწყლულებები, რომლებიც დაფარულია მორუხო ნადებითა და გარშემორტყმულია ჰიპერემიული ლორწოვანი გარსით. ცალკეული წყლულები შესაძლებელია შეერწყნენ ერთმანეთს. ისინი განლაგებული არიან წინა რკალებზე. ეპიდემიური მიალგია (პლევროდინია) ასევე გამოწვეულია კოკსაკის ვირუსებით. დაავადება იწყება უეცრად შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 39-400 C-მდე, და უძლიერესი ტკივილებით მუცლის ან გულმკერდის ქვედა ნაწილის კუნთებში. ტკივილი ძლიერდება მოძრაობის, ხველის დროს. მიალგიის შეტევები გრძელდება 5-10 წუთი და მეორდება 50-60 წუთის შემდეგ, ზოგჯერ გრძელდება 2 დღემდე. ცხელება გრძელდება 2-3 დღე; შესაძლებელია ცხელების მეორე ტალღა, ტკივილების განმეორებით. საჭიროა დაავადების ამ ფორმის დიფერენცირება მწვავე ქირურგიული დაავადებებისაგან. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ვირუსის გამოყოფა და სეროლოგიური რეაქციები.

ენტეროვირუსული დაავადებები – მკურნალობა. ტარდება სიმპტომატური და პათოგენეტიკური თერაპია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. მძიმედ მიმდინარეობს ენტეროვირუსული ენცეფალომიოკარდიტები ახალშობილებში.

ენტეროვირუსული დაავადებები – პროფილაქტიკა. ავადმყოფთა გამოვლენა და იზოლაცია. ბავშვთა კოლექტივებში ყველა კონტაქტირებულ პირებში შეჰყავთ ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენტეროვირუსული დაავადებები – მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებსაც იწვევენ ნაწლავური ვირუსები; მიმდინარეობს კუნთების, ცენტრალური ნერვული სისტემისა და კანის საფარველის დაზიანებით. გადაეცემა უპირატესად ჰაერ – წვეთოვანი გზით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ენტეროვირუსებს გარდა პოლიომიელიტის ვირუსებისა, მიეკუთვნება კოკსაკის А ვირუსის 23 ტიპი, კოკსაკის В ვირუსის 6 ტიპი, ECHO ვირუსების 32 ტიპი და კიდევ ადამიანის 4 ენტეროვირუსი. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული და საჭმლის მონელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსები. შეღწევის ადგილზე შესაძლებელია ანთებითი ცვლილებების განვითარება. ვირუსები სწრაფად აღწევენ სისხლში, ვრცელდებიან მთელს ორგანიზმში, ფიქსირდებიან უპირატესად ნერვულ სისტემაში, კუნთებში და ეპითელურ უჯრედებში, იწვევენ მათ ცვლილებებს.

.