ფლებოთრომბოზი

ფლებოთრომბოზი phlebothrombosis

ფლებოთრომბოზი ვენის სანათურში თრომბის წარმოქმნა, რომელიც ფიქსირებულია ვენის კედელთან და მთლიანად ან ნაწილობრივ იწვევს სისხლძარღვის ობლიტერაციას. მნიშვნელობა აქვს: სისხლძარღვის შიგნითა კედლის ცვლილებას, სისხლის შედედების მომატებასა და სისხლდინების შენელებას. ეს ფაქტორები ხშირად წარმოიქმნება ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქვედა კიდურების ღრმა ვენებში, მენჯის ვენებში. პირველი 4-5 დღის განმავლობაში თრომბი სუსტადაა ფიქსირებული სისხლძარღვის კედელთან, რის გამოც შესაძლებელია თრომბის მოწყვეტა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის განვითარება.

მე-5 დღიდან ლაპარაკი შეიძლება თრომბოფლებიტზე. ზედაპირული ვენების თრომბოზის დროს პროცესს ხშირად უერთდება ანთებითი ცვლილებები, რაც გამოწვეულია კანის მიკროტრავმებით. პირველადი თრომბოფლებიტი წარმოიქმნება სხვადასხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებების ვენაში მოხვედრით, ტრავმით ან სისხლძარღვის კედელთან ახლოს ინფექციური პროცესის არსებობით. კიდურის ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი ვლინდება ტკივილით, კანის ჰიპერემიითა და პალპაციისას მტკივნეულობით. სეპტიკური თრომბოფლებიტის დროს შესაძლებელია ფლუქტუაცია გამკვრივების ზონაში, მაღალი ტემპერატურა, სეპტიკური მდგომარეობა.

ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე. წვივზე ლოკალიზაციის დროს მიზანშეწონილია კონსერვატიული თერაპია: ჰეპარინის მაზი, კიდურის შეხვევა ელასტიკური ბინდით; ინიშნება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, დეზაგრეგანტები. თრომბოფლებიტის პროგრესირებისას, მისი ბარძაყზე გადასვლის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. ღრმა ვენების ფლებოთრომბოზი ხშირად აზიანებს ქვედა კიდურებს. საწყის სტადიაში კლინიკური სურათი მინიმალურია, დიაგნოსტიკა რთულია. ამ სტადიაში ხშირად ადგილი არა აქვს სისხლძარღვის სრულ ოკლუზიას, სისხლმიმოქცევა შენარჩუნებულია, აღინიშნება მხოლოდ მტკივნეულობა სისხლძარღვოვანი კონის გაყოლებაზე. თრომბოზის პროგრესირებისას კიდურში ირღვევა სისხლმიმოქცევა: ვლინდება შეშუპება, კანი ციანოზური  და მარმარილოსებრია. მენჯის ვენების თრომბოზის დროს შესაძლებლია განვითარდეს მსუბუქი პერიტონული მოვლენები და ნაწლავთა დინამიური გაუვალობა. აღინიშნება საერთო სისუსტე, დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია. განასხვავებენ ღრმა ვენების ფლებოთრომბოზის შემდეგ კლინიკურ ვარიანტებს: თეთრი მტკივნეული ფლეგმაზია: დაავადება, რომელიც მიმდინარეობს არტერიული სისხლძარღვების მკვეთრი სპაზმით. გამოხატულია ტკივილის სინდრომი, კიდური ფერმკრთალი და ცივია, პერიფერიული სისხლძარღვების პულსაცია არ არსებობს ან მკვეთრად შესუსტებულია. ლურჯი მტკივნეული ფლეგმაზია: წარმოადგენს ფლებოთრომბოზის ყველაზე მძიმე ფორმას. დაზიანებულია კიდურის თითქმის ყველა ვენური სისხლძარღვი; აღინიშნება ვენური სისხლმიმოქცევის მკვეთრი მოშლა, ვითარდება განგრენა. ღრმა ვენების ფლებოთრომბოზის დროს ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია სპეციალიზირებულ განყოფილებაში.

გართულებები: ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოგლობინურია, ჰიპოვოლემიური შოკი, ჰიპერკალიემია, კოაგულოპათია. მოგვიანებით ვითარდება პოსტთრომბოფლებური სინდრომი.

პოსტთრომბოფლებური სინდრომი: კიდურის ღრმა ვენების გადატანილი ფლებოთრომბოზის შემდეგ ხდება თრომბული მასების რეკანალიზაცია და სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ აღდგება, თუმცა ვენების სარქვლოვანი აპარატის გაქრობა იწვევს მნიშვნელოვან ჰემოდინამიკურ დარღვევებს კიდურში. ღრმა ვენებში სისხლდინების ცვლილებები განაპირობებენ პათოლოგიური ვენო-ვენური შუნტების ჩართვას: სისხლის გადასროლა იწვევს მეორადი ვარიკოზული გაფართოების წარმოქმნას. წვივის კუნთის შეკუმშვის დროს წნევა ღრმა ვენებში მნიშვნელოვნად მატულობს, ნაწილი სისხლისა გადადის ზედაპირულ სისტემაში, რაც იწვევს წნევის მნიშვნელოვან ზრდას, სისხლის თხიერი ნაწილისა და ერითროციტების გასვლას პარავაზალურ ქსოვილში (კანის ინდურაცია და პიგმენტაცია), არტერიულ-ვენური შუნტების გახსნას, ქსოვილთა ჰიპოქსიის გაძლიერებითა და წყლულოვანი დეფექტების განვითარებით, რომლებიც ლოკალიზებულია წვივებზე. ვარიკოზულ წყლულებს აქვთ ნეკროზული ფსკერი, ჩირქოვანი გამონადენი; მათი შეხორცებისადმი მიდრეკილება უმნიშვნელოა.

მკურნალობა. ამჟამად არ არსებობს ქვედა კიდურების პოსტთრომბოფლებური სინდრომის მკურნალობის რადიკალური მეთოდები. მკურნალობის ხასიათი, მისი ეფექტურობა დამოკიდებულია სისხლძარღვის დაზიანების სახეზე, ლოკალიზაციაზე, ხანგრძლივობაზე.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.