ურეთრიტი

ურეთრიტი urethritis

ურეთრიტი შარდსადენის კედლის ანთებითი დაავადება. განასხვავებენ გონორეულ და არაგონორეულ ურეთრიტს. არაგონორეული ურეთრიტი შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური. არაინფექციური ურეთრიტი წარმოიქმნება შარდსადენის დაზიანებისას დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების დროს (ტრავმული ურეთრიტი), ასევე კვებითი და მედიკამენტოზური ალერგენების ზემოქმედებით (ალერგიული), ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს (ფოსფატურია, ოქსალურია, შაქრიანი დიაბეტი). კონგესტიური ურეთრიტი წარმოიქმნება პროსტატოვეზიკულურ სისხლძარღვოვან ქსელში ვენური შეგუბების შედეგად.  განასხვავებენ წინა, უკანა და ტოტალურ ურეთრიტს.

ურეთრიტი სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ურეტრიტის დროს  – ტკივილი, წვა, ქავილი შარდვის დასაწყისში, გამონადენი ურეთრის გარეთა ხვრელიდან. შარდსადენის გარეთა ხვრელის არეში აღინიშნება ჰიპერემია და შეშუპება, უხვი ჩირქოვანი ან სეროზულ – ჩირქოვანი გამონადენი; შარდსადენის  უკანა კედელი პალპაციით მტკივნეულია. შემდეგში ტკივილი და შეშუპება მცირდება, გამონადენი კლებულობს ან საერთოდ წყდება. ზოგჯერ გამონადენი აღინიშნება მხოლოდ დილაობით, ქერქის სახით, რომელიც აწებებს შარდსადენის გარეთა ხვრელს; შარდი გამჭირვალეა, შეიცავს ერთეულ ჩირქოვან ძაფებს. გახანაგრძლივებული ურეთრიტის დროს ანთება ვრცელდება ურეთრის უკანა ნაწილზე და შარდის ბუშტის ყელზე (ტოტალური ურეთრიტი). მწვავე ტოტალური ურეთრიტი ხასიათდება ხშირი შეუკავებელი მოშარდვის ნდომით, ტკივილით, პიურიით, ზოგჯერ ტერმინალური ჰემატურიით. არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში  ურეთრიტი იძენს ქრონიკულ ხასიათს. ჩივილები უკავშირდება გართულებებსა და ნევროლოგიურ მოვლენებს. ხშირად ეს არის მცირე გამონადენი შარდსადენიდან, რომლის რაოდენობაც მატულობს მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების დროს, ესენია: ალკოჰოლი, გაცივება, სქესობრივი აგზნება და სხვ.

ურეთრიტი გართულებები: პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი. დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკის მონაცემებს, სამი ჭიქის სინჯის ჩატარების, შარდსადინრის გამონადენის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული გამოკვლევების, ზოგჯერ ურეთროსკოპიის მონაცემებს.

ურეთრიტი მკურნალობა. სამკურნალო საშუალებების არჩევა დამოკიდებულია დაავადების ეტიოლოგიაზე. ტარდება შარდსადენის გამორეცხვა ანტისეპტიკებით ან ანტიბიოტიკებით.

ურეთრიტი პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: პირადი ჰიგიენის დაცვა, ენდურეთრული გამოკვლევების ჩატარება ასეპტიკის მკაცრი დაცვითა და ტრავმული მანიპულაციების შეზღუდვით.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.