დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი

დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი

დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი განვითარების ამ მანკის დროს ჯერ კიდევ მუცელშიგა პერიოდში ხდება მუცლის ღრუს ორგანოების გადანაცვლება გულმკერდის ღრუში, დიაფრაგმაში არსებული დეფექტიდან. განასხვავებენ დიაფრაგმის ჭეშმარიტ და ცრუ თიაქრებს. ჭეშმარიტი თიაქარის დროს არსებობს თიაქრის პარკი, რომლის კედელს წარმოადგენს თხელი, კუნთოვან ბოჭკოებს მოკლებული დიაფრაგმის ნაწილი.

ცრუ თიაქრის დროს თიაქრის პარკი არ არსებობს. ახალშობილებში გვხვდება ასევე დიაფრაგმის რელაქსაცია, რომლიც ვითარდება დიაფრგამის ნერვის დაზიანების შედეგად მშობიარობის დროს. დიაფრაგმის საყლაპავისეული  ხვრელის თიაქარი შედარებით იშვიათად ვლინდება ახალშობილობის პერიოდში, თუმცა მძიმე შემთხვევებში ადგილი აქვს კუჭ-საყლაპავის რეფლუქსის გამოხატულ სიმპტომებს, რომელიც როგორც წესი, იწვევს პეპტიკურ ეზოფაგიტსა და ასპირაციულ პნევმონიას, საბოლოოდ ბავშვის ჰიპოტროფიას. დიაფრაგმის თიაქრის სიმპტომები (განსაკუთრებით ცრუ) ვლინდება დაბადებისთანავე, მათი წარმოქმნა უკავშირდება გულმკერდშიგა დაძაბვის სინდრომს. დამახასიათებელია ქოშინი, გავრცელებული ციანოზი, ნეკნთაშუა შუალედების ჩაზნექა, ტაქიკარდია. დათვალიერებით ვლინდება ჩავარდნილი მუცელი, გულმკერდის რამდენადმე გადიდება მოცულობაში, ხშირად ასიმეტრიული. ნაწლავის გაზებით ავსების მიხედვით ვლინდება კოლოფისებრი ხმიანობა. იმასთან დაკავშირებით, რომ ცრუ და ჭეშმარიტი თიაქრებს ძირითადად აქვთ მარცხენამხრივი მდებარეობა, გული გადანაცვლებულია მარჯვნივ და მისი ტონები უკეთ მოისმინება გულმკერდის მარჯვენა ნახევარზე. ზოგჯერ გულმკერდის ზედაპირზე შესაძლებელია ნაწლავის პერისტალტიკური ხმიანობის მოსმენა, რომელიც მკვეთრად ძლიერდება კვების შემდეგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევა კუჭში ზონდის შეყვანით საშუალებას იძლევა დადგინდეს დიაგნოზი. საეჭვო შემთხვევებში მიმართავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევას საკონტრასტო ნივთიერებით. დიაფრაგმის რელაქსაციის დროს რენტგენოსკოპიით ვლინდება მისი მაღლა დგომა. აღინიშნება მისი პარადოქსული მოძრაობა, რაც უკავშირდება ტონუსის დაკარგვას.

დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი – მკურნალობა. გულმკედშიგა დაძაბვის სინდრომის დროს ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია.

დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი – პროგნოზი დამოკიდებულია ფილტვების ჰიპოპლაზიის ხარისხზე, სისხლმიმოქცევის მცირე წრეში ჰიპერტენზიის გამოხატულებაზე, ასევე განვითარების სხვა მანკების არსებობაზე და დროულად ჩატარებულ ოპერაციულ მკურნალობაზე.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.