ჰიდროცელე ბავშვებში

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი ჰიდროცელე პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ობლიტერაციის გამოვლინებაა. ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში სათესლის გარსებში სითხის დაგროვების მიზეზი საზარდულის მიდამოს ლიმფური აპარატის არასრულყოფილება და შენელებული აბსორბციაა. ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ობლიტერაციის დასრულება და მისი გარსების აბსორბციული თვისებების გაზრდა, რაც ბავშვების უმრავლესობაში იწვევს წყალმანკის თავისთავად განკურნებას.

პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ობლიტერაციის დონის მიხედვით ვითარდება სათესლის გარსებისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი ან სათესლე ბაგირაკის ცისტა. სათესლე გარსების წყალმანკი კლინიკურად ვლინდება სათესლე პარკის ნახევრის, ხოლო ორმხრივი დაავადების დროს – მთელი პარკის გადიდებით, ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებით. სათესლის იზოლირებული წყალმანკის დროს წარმონაქმნს აქვს მრგვალი ფორმა, სათესლე ცალკეა ამ წარმონაქმნისაგან და არ პალპირდება; სათესლე ბაგირაკის არაიზოლირებული წყალმანკის დროს წარმონაქმნი ოვალური ფორმისაა და მისი ზედა ნაპირი აღწევს საზარდულის არხის გარეთა ხვრელამდე. სათესლე ჯირკვალი პალპირდება ამ წარმონაქმნიდან ცალკე; მისი ზომები იცვლება დღის განმავლობაში, ბავშვის მოუსვენრობისას იგი დიდება. თუკი წყალმანკი ატარებს სარქვლოვან ხასიათს, სათესლე პარკის გადიდებისას იგი ხდება დაჭიმული.

სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის ცისტას აქვს მრგვალი ან ოვალური ფორმა, მკაფიო კონტურები, შესაძლებელია მისი ზედა და ქვედა კონტურების განსაზღვრა. განსხვავებით თიაქრისაგან იგი არ ჩასწორდება მუცლის ღრუში.

წვავედ განვითარებული სათესლე ბაგირაკის წყალმანკისა და საზარდულის თიაქრის ჩაჭედვის დიფერენციალური დიაგნოზის გატარების შეუძლებლობისას ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია. სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკის დროს საექიმო ტაქტიკა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

ახალშობილობის პერიოდში ოპერაციული მკურნალობა, როგორც წესი, არ ტარდება. თუკი სითხის გაწოვა შედგომში არ ხდება და წყალმანკი კვლავ შენარჩუნებულია, მას მკურნალობენ ოპერაციულად (2-3 წლის ასაკში). >>> ქირურგიული დაავადებები 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.