ვირუსული დაავადებები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვირუსული დაავადებები – ადამიანის, ძუძუმწოვრების, ფრინველის, თევზის, მწერის, მცენარის, უმარტივესთა და თვით ბაქტერიების ფართოდ გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც ვირუსები იწვევენ; ვითარდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრისა და მისი უჯრედშიგა გამრავლების შედეგად. ადამიანის, ცხოველის და მცენარის ინფექციურ დაავადებათა უმეტესობას ვირუსი იწვევს. გარდა ამისა, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ლეიკოზი და თანდაყოლილი სიმახინჯეც, რაც უჯრედის გენეტიკური აპარატის დარღვევით არის გამოწვეული. ადამიანის ვირუსული დაავადებებია გრიპი, ჰეპატიტი ვირუსული, წითელა, ყვავილი, პოლიომიელიტი, ენცეფალიტი ვირუსული, ჰერპესი, პაროტიტი ეპიდემიური, მენინგიტი, ტრაქომა, სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადება და სხვ. დასენიანება ხდება ჰაერით, საკვებით, წყლით, სხვადასხვა ნივთით, მწერის კბენით. ზოგი ვირუსული დაავადებები გადაეცემა ნაყოფს მუცლად ყოფნის დროს. ვირუსული დაავადებების საინკუბაციო პერიოდია 2 – 3 დღიდან (გრიპი, ზოგიერთი ენცეფალიტი და სხვ.) 30 და მეტ დღემდე (ცოფი, ეპიდემიური ჰეპატიტი და სხვ.); მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად და ლატენტურად (ფარულად). ზოგჯერ ვირუსი იწვევს უმძიმეს დაავადებას, ე. წ. «ნელ ინფექციას» (გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, კურუ და სხვ.) რომლის საინკუბაციო პერიოდია 5 – 7 წელი, ხოლო 2 – 3 წელიწადში ავადმყოფი კვდება. ზოგი ვირუსული დაავადებების გადატანის შემდეგ ორგანიზმი მყარ იმუნიტეტს იძენს, რაც ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის საშუალებას გვაძლევს. ვაქცინაციის შედეგად თითქმის მოისპო ყვავილი, მკვეთრად შემცირდა პოლიომიელიტი, მცირდება წითელას შემთხვევები. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. ვირუსული დაავადებების წამლით მკურნალობა მეტად ძნელია, რადგან ვირუსებზე არ მოქმედებს არც ერთი დღეისათვის ცნობილი ქიმიური პრეპარატი და ანტიბიოტიკი. მათ სამკურნალოდ იყენებენ ინტერფერონს, ანტივირუსულ შრატებს, რიბონუკლეაზისა და დეზოქსირიბონუკლეაზის პრეპარატებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის საერთო მასტიმულირებელი საშუალებებით მკურნალობას (რაციონალური რეჟიმი და კვება), ინტოქსიკაციის შემამცირებელი პრეპარატები და პროცედურები და სხვ.). ანტიბიოტიკებს მიმართავენ მხოლოდ ვირუსული დაავადებების ბაქტერიული ინფექციით გართულების დროს. პროფილაქტიკა: დაავადებულთა დროულად გამოვლენა და ჰოსპიტალიზაცის, ინფექციის წყაროს გაუვნებლობა ან განადგურება. სპეციფიკური ვაქცინაცია. ვ. ბოჭორიშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა