ვიტამინ D უკმარისობა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვიტამინ D უკმარისობა – განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება D2 (ერგოკალციფეროლის) და D3 (ქოლეკალციფეროლის) ვიტამინების უკმარისობას. ვიტამინი D ძირითადი რაოდენობა წარმოიქმნება კანში, მასზე სინათლის (ულტრაიისფერი სხივების) ზემოქმედებისას, შედარებით მცირე ნაწილი ორგანიზმში ხვდება კვების პროდუქტებით. ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი, შედის მცირე რაოდენობით ნაღების კარაქში, რძეში, კვერცხის გულში; განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის ვირთევზას ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილში, ასევე ზოგიერთი სხვა თევზისა და ზღვის ცხოველის. ორგანიზმში მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლაში. საკვებში D ვიტამინის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი რაოდენობის დროს, ასევე კანზე მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედების დროს წარმოიქმნება ამ ვიტამინის დეფიციტის კლინიკური სურათი. დამატებითი ფაქტორებია: დღენაკლულობა, მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის გადახრა აციდოზის მხარეზე (კერძოდ ზოგიერთი ინფექციური დაავადებების დროს). მოზრდილი ადამიანის დღიური მოთხოვნილება D ვიტამინზე შეადგენს 100 სე, ბავშვისთვის  –  500 – 1000 სე. კლინიკური სურათი. ბავშვებში  –  რაქიტი, მოზრდილებში  –  არამოტივირებული სისუსტე, დაღლილობა, კბილების დემინერალიზაცია, კარიესის სწრაფი პროგრესირებით, ოსტეოპოროზი, ტკივილი ძვლებში, კუნთებში, პარესთეზიები. დიაგნოზისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოქიმიური გამოკვლევების მონაცემებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა