თავის ტვინის შერყევა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავის ტვინის შერყევა – (commotio cerebri; სინ.: თავის ტვინის კომოცია) ტვინის დახურული ტრავმა, რომელიც ხასიათდება კლინიკური სიმპტომების შექცევადობით. თავის ტვინის შერყევა ვითარდება თავის ტვინზე მექანიკური ენერგიის ერთმომენტიანი ხანმოკლე ზემოქმედებით. ამასთან, ტვინის ქსოვილზე კინეტიკური ენერგიის ზემოქმედება შერწყმულია მასზე ჰიდროდინამიკურ ზემოქმედებასთან, რაც განპირობებულია ქალაშიდა წნევის მკვეთრი ცვლილებით და ცერებროსპინური სითხის გადანაცვლებით ქალას ღრუსა და ტვინის პერკუჭებში, ასევე სისხლისა მის სისხლძარღვოვან სისტემაში. თავის ტვინის შერყევის ერთ – ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია გონების დაკარგვა. ის შეიძლება იყოს ელვისებური, გაგრძელდეს რამდენიმე წუთს ან წამს. გონების დაკარგვა 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ნიშანია უფრო მძიმე ტრავმისა, რომელსაც აძლევენ ტვინის დაჟეჟილობის კვალიფიკაციას. იშვიათად ტვინის შერყევას არ ახლავს გონების დაკარგვა. ასეთ დროს დიაგნოზს სვამენ სიმპტომთკომპლექსის საფუძველზე, რომელიც მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, სპონტანურ ნისტაგმს, ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევებს და სხვ.. დამახასიათებელია ამნეზია, რომელიც ქრება პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ყველაზე მედმივი ნიშანია თავის ტკივილი, რომელიც შესაძლოა შენარჩუნდეს ტრავმიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე. გულისრევა, რომელიც აღენიშნება ავადმყოფთა უმრავლესობას წყდება პირველი ორი დღის განმავლობაში. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები გამოხატულია უმნიშვნელოდ. კლინიკურ გამოვლინებებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვეგეტატიურ დარღვევებს; დამახასიათებელია მცირედ გამოხატული ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, სუბფებრილური ტემპერატურა ტრავმის პირველ დღეებში. ავადმყოფისათვის აუცილებელია სიმშვიდე, წოლითი რეჟიმი 7 დღის მანძლზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა