კანის ლეიშმანიოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის ლეიშმანიოზი – ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია ლეიშმანიას განსაკუთრებული სახეობა (Leishmania tropica) – პარაზიტი, რომელიც მიეკუთვნება შოლტოსანთა კლასს. ეპიდემიოლოგია. განასხვავებენ სამხრეთ ლეიშმანიოზის ორ სახეობას: 1) ნაადრევად დაწყლულებადი (სოფლის ტიპის ლეიშმანიოზი) უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდით და 2) გვიან დაწყლულებადი (ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზი) შედარებით ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით. სოფლის ტიპის ლეიშმანიოზის რეზერვუარებია გარეული მღრნელები (თრია, მექვიშია) – უდაბნოების და ნახევარუდაბნოების მაცხოვრებლები. ქალაქის ტიპის რეზერვუარია დაავადებული ადამიანი და ძაღლები; ორივე ტიპის ლეიშმანიოზის გადამტანები – მოსკიტები – ფლებოტომუსები. პათოგენეზი. შეჭრის ადგილას გამომწვევი ხვდება ადგილობრივი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებში, სადაც შეუძლია იპარაზიტოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1 წლამდე). ქსოვილების ნეკროზს მივყავართ წყლულების წარმოქმნამდე. სიმპტომები. ნაადრევად დაწყლულებადი (სოფლის ტიპის) კანის ლეიშმანიოზი. ინკუბაციური პერიოდი – რამდენიმე დღიდან 4 კვირამდე. ორგანიზმში შეჭრის ადგილას ვითარდება 1 სმ დიამეტრის ღია წითელი ფერის კვანძი; მის პერიფერიაზე აღინიშნება კანის შეშუპება. 10 – 20 დღის შემდეგ კვანძის ცენტრალური ნაწილი ნეკროზდება, წარმოიქმნება მოყავისფრო ფუფხი, რომლის ქვეშაც განლაგებულია საკმაოდ ღრმა წყლული. მის გარშემო ვითარდება უფრო პატარა ზომის კვანძები, რომლებიც შემდგომ ასევე განიცდიან დაწყლულებას. დაავადების მე – 4 – 5 თვეზე წყლული იზრდება და აღწევს 2 – 4სმ – ს დიამეტრში; შემდგომი 3 – 7 თვის განმავლობაში მისი ზომები უცვლელია, თუმცა წყლულის კიდეებიდან მისი ცენტრისკენ მიემართება გრანულაციები, წელიწადის ბოლოს ის განიცდის ეპითელიზაციას და მის ადგილზე რჩება მკვრივი ნაწიბური. გვიან დაწყლულებადი (ქალაქის ტიპის) კანის ლეიშმანიოზი. ინკუბაციური პერიოდი 3 – 8 თვე. კანზე, შეჭრის ადგილას წარმოიქმნება 3მმ დიამეტრის უჯრედული ინფილტრატი; მის ცენტრში არის კრატერისმაგვარი (კონუსური) ჩაღრმავება, რომლის კედლებიც დაფარულია წვრილი ქერცლით; დაავადების მე – 4 – 5 თვეზე აღნიშნული ხვრელი იფარება ნეკროზული ქერქით, ხოლო უფრო მოგვიანებით ჩნდება 3 მმ სიღრმის წყლული. წყლული შენარჩუნებულია 1 – 1,5 წლის განმავლობაში, შემდეგ ის განიცდის ეპითელიზაციას ზედაპირული ფუფხის წარმოქმნით. დიაგნოზი. დაავადების ამოცნობა ხდება ეპიდემიური მონაცემების, ანამნეზის, კლინიკური სურათის საფუძველზე. გრანულაციის უბნიდან აღებული, გიმზა – რომანოვსკის მეთოდით შეღებილი ანაფხეკის მიკროსკოპიისას შეიძლება აღმოვაჩინოთ უჯრედშიგნით განლაგებული ლეიშმანიები. დიფერენცირებული დიაგნოზი ტარდება ფურუნკულოზთან, ტულარემიის წყლულოვან – ბუბონურ ფორმასთან, სიფილისთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა