ბავშვები ჰგვანან სარკეს. ისინი უფრო ირეკლავენ სიყვარულს, ვიდრე ასხივებენ. თუ მათ მიეცა სიყვარული, ისინი მას აბრუნებენ. თუ ისინი სიყვარულს არ გრძნობენ, მაშინ საპასუხოდ-არაფრის, ან თითქმის არაფრის მოცემა არ შეუძლიათ.
ბავშვები საკუთარ თავს თქვენი სიყვარულის სარკეში ჩახედვით შეიცნობენ. ზოგიერთი სარკე იძლევა მკვეთრ და სრულ ანარეკლს, მაშინ, როცა სხვა, გაბზარული სარკეები ამახინჯებენ ბავშვის უმანკო გამოსახულებას.
როდესაც შვილები დაბადებიდან მშობლების უპირობო და უცვლელ სიყვარულს გრძნობენ, მათ ამ სარკეში ჩახედვით შეიძლება დაინახონ, თუ როგორები არიან ახლა და როგორები უნდათ რომ იყვნენ მომავალში.
თუ მშობლები სიყვარულს გასცემენ არა მუდმივად, არამედ მხოლოდ რაღაცა პირობების შესრულების შემთხვევაში, მაშინ ბავშვებს შფოთვისა და საკუთარ ძალებში ურწმუნობის გრძნობა ეუფლებათ. მათ არ შეუძლიათ გამოიმუშაონ ის სულიერი სიმრთელე, რომლისკენაც ისწრაფვიან. მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე ხდება მერყევი. ისინი ყოველდღე უსვამენ თავს შეკითხვას: “ვინ ვარ მე?”
მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ არასრულყოფილად, თითქოს ვიხედებოდეთ მკრთალი ანარეკლის მქონე სარკეში. მაგრამ ერთხელ თვალს გავახელთ და სრულ მხედველობას მოვიპოვებთ. მაშინ ღმერთს დავინახავთ პირისპირ. სანამ ეს მოხდება, საკუთარ თავს მხოლოდ ნაწილობრივ ვიცნობთ, მერე კი სრულად შევიცნობთ, ისევე, როგორც სრულად ვართ შეცნობილები მის მიერ.
ბავშვის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მისი ცოდნა და აღქმა- ნაწილობრივია. უფრო სრული, “პირისპირ” გაგება მიიღწევა უფრო მოწიფული სიყვარულის მეშვეობით. ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და მისი გაგება ძირითადად ყალიბდება ოჯახის წევრების (პირველ რიგში) ჩვენდამი დამოკიდებულებით, რომელსაც ისინი გადმოგვცემენ სახის გამომეტყველებით, ხმის ტონით და საქციელით. სხვანაირად, ისინი გამოდიან სარკის როლში, სადაც ჩვენს გამოსახულებას ვხედავთ.
თავის წიგნში “დაჭრილი გრძნობების განკურნება” დევიდ სიმენდსი გასართობი პარკების მრუდე სარკეებზე წერს. ასეთ სარკეებში ჩახედვისას ჩვენ საკუთარი თავის დამახინჯებულ და კარიკატურულ გამოსახულებას ვხედავთ. ზუსტად ასევე ამრუდებს ბავშვის განვითარებად წარმოდგენას საკუთარ თავზე “პირობითი სიყვარული”.
ვიღაცამ თქვა: ”ბავშვობა-ესაა თქვენი ცხოვრების ის პერიოდი, რომლის განმავლობაში ღმერთს სურს ააშენოს ტაძარში ოთახები, სადაც იგი იცხოვრებს, როცა თქვენ გაიზრდებით”.
მშობლებს აქვთ უდიდესი პრივილეგია და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა: შეუქმნან ბავშვს ტაძრის საძირკველი, საფუძველი ჩაუყარონ მის მართებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე.
თუ ბავშვს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ის, რომ ის არაფერს არ წარმოადგენს, მაშინ ის არც იმას მიანიჭებს მნიშვნელობას, თუ რას ამბობს ან რას და როგორ აკეთებს.. თუ ადამიანში შეყვანილი იქნა ასეთი დაბალი თვითშეფასების პროგრამა, მაშინ მისთვის ძნელი იქნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელიც, იგრძნოს ღმერთის სიყვარული. ის ვერ იჯერებს, რომ მნიშვენლოვანია ღმერთისთვის.
თუმცა ბავშვებს არ შეუძლიათ ამის მკაფიოდ გამოხატვა, მაგრამ მათ იციან, რომ მათთვის აუცილებელია, რომ უფროსებს უყვარდეთ ისინი ისეთები, როგორიც არიან. ამის გარეშე ისინი სწორად ვერ განვითარდებიან.
როცა ბავშვებს არ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორიც წარმოუდგენიათ გულის სიღრმეში, როცა არ შეუძლიათ მოიპოვონ საკუთარი თავი, როცა ცხოვრება მათთვის მრუდე სარკეთა მწკრივია, მაშინ მათ გულში ნეგატიური გრძნობები იბუდებს.
ჩვენ, უფროსებმა კარგად ვიცით, რამდენი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს მოგვეპოვებინა საკუთარი თავი და ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ნეგატიურ გრძნობებს განვიცდიდით მათ მიმართ, ვისაც უნდა ვყვარებოდით და მივეღეთ ისეთები, როგორიც ვიყავით.
მიუხედავად ამისა, ხშირად მშობლები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი, იგივეს იმეორებენ და საკუთარ შვილებს აკლებენ უპირობო სიყვარულს. თუ თქვენი ურთიერთობა შვილებთან “პირობით სიყვარულზეა” დამყარებული, მაშინ ძალიან გაგიჭირდებათ მათი გაგება და სწორად ხელმძღვანელობა.
როდესაც შვილებთან ურთიერთობა უპირობო სიყვარულზეა აგებული, ამ შემთხვევაში თქვენ ზრდით ჰარმონიულ და გაწონასწორებულ პიროვნებებს.
თქვენი თანამდევი ვარსკვლავი-სიყვარული- მიგასწავლით თქვენი შვილების გულებისკენ სავალ გზას.
ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge. გადასვლა საიტზე >> ბავშვი