პროსტატის კიბოს რისკის შეფასება
ეროვნულ სკრინინგ ცენტრი ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით, პროსტატის კიბოს რისკის მართვის (შეფასების) პროგრამას. პროგრამაში მონაწილეობა ხელმისაწვდომია თბილისში რეგისტრირებული, 45-დან 70 წლამდე მამაკაცისთვის. თუ ეკუთვნით ამ ასაკობრივ ჯგუფს, დარეკეთ ნომრებზე: 20 35 35.
რა არის PSA ტესტი
• პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) ტესტის განსაზღვრას სისხლში.
• PSA წინამდებარე ჯირკვალში გამომუშავდება და განსაზღვრული ოდენობით ცირკულირებს სისხლში
• PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შეიძლება მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა, ანტიგენის დონის მომატება სისხლში სხვა ფაქტორბითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის: პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატით და საშარდე გზების ინფექციით. თუ PSA-ს დონე მომატებულია, თქვენ დაგჭირდებათ კონსულტაცია უროლოგთან.
როგორ მოვემზადოთ PSA ტესტისთვის?
• არ უნდა გქონდეთ საშარდე გზების ინფექცია
• ტესტამდე 48 საათის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი
• ტესტამდე 48 საათის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ მიღებული ალკოჰოლი
• ტესტამდე 48 საათის განმავლობაში თავი უნდა აარიდოთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას
• ტესტამდე ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული პროსტატის რექტალური გამოკვლევა
• ტესტამდე 6 კვირის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული პროსტატის ბიოფსია
სამედიცინო გაზეთი ,,მედი”, N13, დეკემბერი, 2010