პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზი
პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი, პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი – ეტიოლოგია და პათოგენეზი, პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი – კლინიკური სურათი, პოსტრანსფუზიური ნეფრონეკროზი – მიმდინარეობა და პროგნოზი >>>
პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზი ინფუზიურ – ტრანსფუზიური თერაპიის გართულებას წარმოადგენს, შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას, რაც განაპირობებს „შოკური თირკმლისა“ და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებას.
პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზი – ეტიოლოგია და პათოგენეზი
პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზის მიზეზი ხდება დონორისა და რეციპიენტს სისხლის ჯგუფისა და რეზუსის არასწორი განსაზღვრა. შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას, როგორც ABO ფაქტორების, ისე რეზუსის მხრივ, ვითარდება იმუნოლოგიური კონფლიქტი, ჰემოლიზი და ჰემოლიზური შოკი. გართულება როგორც წესი ვითარდება განმეორებითი ჰემოტრანსფუზიისას, თუმცა მოსალოდნელია სისხლის პირველად გადასხმისასაც.
შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას განვითარებული, მასიური ჰემოლიზი შოკის განვითარებას განაპირობებს, რის გამოც ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური ძვრები მიმდინარეობს, ყოველივე ეს აისახება თირკმლის ჰემოდინამიკაზეც, რაც თავის მხრივ ხდება ე.წ ჰემოლიზური თირკმლის წარმოქმნისა და შემდგომში თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზი. გარდა ამისა შეუთავსებელი სისხლის გადასხმა იწვევს თირკმლის მილაკების ეპითელიუმის დაზიანებასა და ჰემოგლობინური ცილინდრებით დახშობას.
პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზი – კლინიკური სურათი
შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას მძიმე რეაქცია ძალზედ სწრაფად ვითარდება, ზოგჯერ 10-15 მლ სისხლის შეყვანისას. ვითარდება ძლიერი შემცივნება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, წელისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ბრონქოსპაზმი. კანის საფარველი საწყის ეტაპზე ჰიპერემიული, შემდეგ ფერმკრთალდება, იფარება ოფლით, სწრაფად იმატებს სხეულის ტემპერატურა, მკვეთრად ეცემა არტერიული წნევა. აღინიშნება გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები, უნებლიე შარდვა და კუჭის მოქმედება. შარდი იღებს მოწითალო, მოგვიანებით კი ყავისფერს. შოკიდან გამოყვანიდან 18-20 საათის შემდეგ, ზოგჯერ უფრო ადრე ვლინდება მზარდი სიყვითლე და ოლიგურია, რომელიც გადაის ანურიაში, დიდდება ელენთა და ღვიძლი.
სისხლის მხრივ აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერკალიემია. დარღვეულია ჰემოკოაგულაცია. მე-2-3 დღეს მოსალოდნელია შოკური ფილტვის განვითარება, მძიმე სუნთქვის უკმარისობისა და ჰიპოქსემიის თანხლებით. არაკეთილსასურველი მიმდინარეობისას ადგილი აქვს აზოტემიას.
რეზუს კონფლიქტის დროს ჰემოლიზი როგორც წესი, შედარებით მოგვიანებით ვითარდება და არ ახასიათებს ისეთი მკვეთრი გამოვლინება,. როგორც ABO ფაქტორების მხრივ შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას. თუმცა განვითარებული სიყვითლე და თირკმლის მწვავე უკმარისობა იძენს უფრო მყარ ხასიათს. პოსტტრანსფუზიური გართულებების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს ე.წ. ჰემოლიზური სისხლის სინდრომი, რაც ვლინდება დისემინირებული სისხლძარღვშიდა ჰემოლიზით, შოკური ფილტვისა და შოკური თირკმლის განვითარებით და სხვა პარენქიმული ორგანოების უკმარისობით, ვითარდება ხანმოკლე დროის განმავლობაში დიდი მოცულობის სხვადასხვა დონორის სისხლის გადასხმისას.
პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზი – მიმდინარეობა და პროგნოზი
პოსტტრანსფუზიული ნეფრონეკროზის დროს შესაძლებელია გამოვყოთ ოთხი პერიოდი:
- ჰემოტრანსფუზიური შოკი;
- ოლიგოანურია;
- დიურეზის აღდგენა;
- გამოჯანმრთელება
არასწორი მკურნალობისას ჰემოტრანსფუზიური შოკის პერიოდი შეიძლება დასრულდეს ლეტალურად. მეორე, ოლიგოანურიის პერიოდში თირკმლის ფუნქციის პროგრესირებადი დარღვევა სრულდება თირკმლის მწვავე უკმარისობით, რაც ასევე ხშირად ავადმყოფის სიკვდილით მთავრდება. ამ პერიოდის ხანგრძლივობა ორიდან სამ კვირამდეა, დამოკიდებულია თირკმლის დაზიანების სიმძიმეზე. სიცოცხლისათვის შედარებით ნაკლებ საშიშია დიურეზის აღდგენის პერიოდი, გამოჯანმრთელებისას კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება ანემიზაცია. პოსტტრანსფუზიური ნეფრონეკროზის პროგნოზი დღეისათვის კეთილსაიმედოა თანამედროვე მკურნალობის მეთოდების, პირველ რიგში კი ჰემოდიალიზის წყალობით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები