სიკოზი

სიკოზი

სიკოზი (sycosis-ბერძ. sykosis დაწყლულება) – კანის მწვავე, ან ქრონიკული, ანთებითი დაავადებაა. განარჩევენ ჩვეულებრივ, სტაფილოკოკურ (სტაფილოკოკური პიოდერმიის სახესხვაობა) და პარაზიტარულ (ტრიქოფიტიის ინფილტრაციულ-ჩირქოვან ფორმას) სიკოზს.

ჩვეულებრივი სიკოზი, როგორც წესი გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, იშვიათად თეთრი სტაფილოკოკით; შესაძლებელია სტაფილოკოკით ინფიცირების შერწყმა სხვა ბაქტერიებთან. პათოგენეზი საბოლოოდ ცნობილი არაა. დაავადების განვითარებაზე პასუხისმგებელია ნერვული და ენდოკრინული დაზიანებები, შინაგანი ორგანოების დაავადებები, ასევე ჰიგიენის წესების დარღვევა პარსვის დროს, კანის მიკროტრავმები. როგორც წესი, ავადდებიან მამაკაცები.

უპირატესად ზიანდება სახის კანი წვერისა და ულვაშების მიდამოში; კერები შესაძლოა ლოკალიზდეს ცხვირის შესასვლელთან, ქუთუთოების კიდესთან, წარბებზე, განსაკუთრებით ქრონიკული რინიტებისა და კონიუნქტივიტებისას.

დაავადება იწყება წვრილი, მახვილწვეტიანი ფოლიკულური პუსტულების განვითარებით, რომელთა ცენტრშიც აღინიშნება თმის ბოლქვები; ისინი შეჯგუფებულია და გარშემორტყმულია ჰიპერემიის მცირე ზონით (ოსტეოფოლიკულიტი). მოგვიანებით აღინიშნება ახალი გამონაყარის გაჩენა; ხდება მათი შერწყმა, წარმოიქმნება ინფილტრირებული ფოლაქები არამკვეთრი კიდეებითა და მუქი წითელი ფერით. პუსტულების გახსნის შემდეგ ვითარდება ეროზიები, რომლებიც დაფარულია ჩირქოვანი ქერქით. ქერქები მალე ცილდება და არ ტოვებს მკვეთრ კვალს. როგორც წესი, გაქრობადი პუსტულების ადგილზე ჩნდება ახალი ელემენტები, პროცესი იღებს ქრონიკულ მიმდინარეობას. თმის ბოლქვების ამოღებისას ჩნდება ეროზიული დაწყლულებადი ძირი ფოლიკულისა, ხოლო თმის გარშემო – ნახევრადგამჭვირვალე შუშისებური მუფთა. ჩვეულებრივი სიკოზი შესაძლოა გრძელდებოდეს რამოდენიმე წელი, თუმცა შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიები. პაციენტები განიცდიან წვას, მცირედ ქავილს, რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს ჩვეულებრივი სიკოზის ეგზემატიზაციით.

დიაგნოზი ზოგადად ძნელი დასასმელი არაა. ჩვეულებრივი სიკოზი უნდა გავარჩიოთ პარაზიტარული სიკოზისგან, რომელიც ხასიათდება გამოხატული ანთებად-ჩირქოვანი ხასიათის მკვეთრად შემოსაზღვრული, დიდი ზომის კვანძებით, რომლებიც წამოწეულია კანიდან.

მკურნალობას ატარებს დერმტოლოგი ამბულატორიულად. ნაჩვენებია სედატიური საშუალებები, შრომისა და დასვენების რეჟიმის ნორმალიზება.

დიაგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა მოიცავს ჰიგიენური წესების დაცვას და კანის მოვლას, მიკროტრავმების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას. ჩვეულებრივი სიკოზის გავრცელების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია დაზიანების ირგვლივ კანისა და ხელის კანის გაწმენდა 2%-იანი სალიცილის ან კამფორის სპირტით. პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს კონიუნქტივიტისა და რინიტის მკურნალობას, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივი სიკოზის რისკ-ფაქტორს ქუთუთოების, კანისა და ცხვირის წვერის კანისათვის. ზოგადად კი, სიკოზის პროფილაქტიკა არ განსხვავდება პიოდერმიის სხვა ფორმების პროფილაქტიკისაგან.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.