სკლერედემა

მოზრდილთა სკლერედემა

მოზრდილთა სკლერედემა (scleroedema adultorum; ბერძ. მაგარი, მკვრივი + oidēma შეშუპება; სინონიმები: შეშუპებითი სკლერედერმია, ბუშკეს სკლერედემა) უცნობი ეტიოლოგიის კანის იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დერმის და კანქვეშა უჯრედისის მკვრივი, დიფუზური შეშუპებით. როგორც წესი, ვითარდება მწვავე ინფექციური დაავადებების შემდეგ, მიდრეკილია თანდათანობითი სპონტანური რეგრესით. ტერმინი „მოზრდილთა სკლერედემა“ წარუმატებელია, რადაგაც ავადმყოფთა თითქმის 1/3-ს დაავადება უვითარდებათ 10 წლის ასაკამდე.

მოზრდილთა სკლერედემის განვითარების მიზეზი ცნობილი არაა, არსებობს მოსაზრება დროებითი ლიმფოსტაზის განვითარების შესახებ ჰიპერრეგრესული სტრეპტოკოკული ანთების, პერიფერიული ნერვული სისტემის ან ჰიპოფიზის დისფუნქციის შედეგად. დაავადების მიმდინარეობის ზოგიერთი მწვავე მიმდინარეობა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან. აღწერილია ოჯახური შემთხვევები. ხშირად ავადმყოფობენ მდედრობითი სქესის ადამიანები.

ჰისტოლოგიური გამოკვლევისას შეინიშნება დერმის მკვეთრი გასქელება, ეპიდერმისი შეუცვლელია. აღინიშნება კოლაგენის ბოჭკოების შეშუპება და გაფაშრება შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების მოჭარბებული დაგროვების გამო. პროცესი ვრცელდება კანქვეშა უჯრედისზე. დაზიანების უბნებში გამოვლინდება მეტაქრომაზია გლიკოზამინოგლიკანების დაგროვების გამო.

დაავადების დასაწყისი შესაძლოა იყოს სპონტანური; უხშირესად რამოდენიმე დღეში ან კვირაში პაციენტს აღენიშნება გრიპი ან სხვა ნებისმიერი მწვავე რესპირატორული ინფექცია, ანგინა, ფარინგიტი, წითელა, ყივანახველა, პიოდერმია. კანის გასქელების გამოვლინებამდე შესაძლებელია პროდრომული მოვლენები. თანდათანობით ვითარდება კანის შეშუპებითი ინდურაცია, რომელიც, როგორც წესი, სიმეტრიულია, იწყება კისრის უკანა ან გვერდითი ზედაპირებიდან ან სახის მიდამოდან; სახე ხდება ამიმიური, გაძნელებულია შუბლის კანის მოჭმუხვნა, პირის გაღება. მოგვიანებით პროცესში ერთვება მხრის, წინამხრის, ტანის ზედა ნაწილის, იშვიათად კი მუცლისა და ქვედა კიდურების კანის დაზიანება. დაზიანებული ადგილების კანი გლუვია, ცვილისებური შეფერილობის, გასქელებულია და მკვეთრად გამკვრივებული, ზეწოლისას არ ტოვებს ჩანაჭდევებს. დაზიანების კერების კიდეები არასწორია. შესაძლებელია აღინიშნოს სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა. აღინიშნება ერითროციტების დალექვის სიჩქარისა და ანტისტრეპტოლიზინ-О-ს მნიშვნელოვანი მატება.

 ძირითადი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს პროცესის სწრაფად განვითარებას, მამანდე არსებული ინფექციის არსებობას, დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. მკურნალობა ტარდება სტაციონარში (დერმატოლოგიური ან თერაპიულ განნყოფილებაში). ინიშნება კორტიკოსტეროიდები შიგნით მისაღებად, ანტიბიოტიკები ან ლიდაზას პრეპარატები, ჰიპერბარიული ოქსიგენაციის განმეორებითი კურსები, სითბური აბაზანები, მასაჟი, ზოგადი ულტრაიისფერი დასხივება. პროგნოზი კეთილსაიმედოა. როგორც წესი, რამოდენიმე თვის შემდეგ დგება სპონტანური გამოჯანმრთელების პერიოდი, თუმცა ზოგჯერ პროცესი იწელება რამოდენიმე წელი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988