აორტოკორონარული შუნტირება

აორტოკორონარული შუნტირება საშუალებას იძლევა აღდგეს სისხლის მიმოქცევა გულის მკვებავ არტერიებში შევიწროებული არტერიის გვერდის ავლით შუნტის მეშვეობით.

გულის იშემიური დაავადების დროს გულის კუნთისათვის ჟანგბადის მიწოდების შემცირების მიზეზი  კორონარული არტერიების შევიწროებაა, რომლის დროსაც ნაჩვენებია კორონაროგრაფია და  სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე ხდება მკურნალობის მეთოდის შერჩევა. რიგ შემთხვევაში შევიწროებული არტერიის გაფართოება შესაძლებელია ბალონური ანგიოპლასტიკისა და სტენტირების მეშვეობით, თუმცა ხშირად დგება აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების საჭიროება. დროული ოპერაციული ჩარევა თავიდან გვაცილებს გულის კუნთში შეუქცევად ცვლილებების განვითარებას და უმეტეს შემთხვევაში აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვით ფუნქციას.

დღეისათვის აორტოკორონარული შუნტირების ოპერაციისათვის გამოიყენება გულმკერდის შიგნითა არტერიის (მამაროკორონარული შუნტირება), სხივის არტერიის (აუტოარტერიული შუნტირება), ქვემო კიდურის დიდი კანქვეშა ვენის (აუტოვენოზური აორტოკორონარული შუნტირება).

აორტოკორონარული შუნტირება ტარდება სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატის გამოყენებით, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მის გარეშეც გულის ფუნქციონირების პირობებშიც. თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს აორტოკორონალური შუნტირება, გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, კორონარული არტერიების დაზიანების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, გარდა ამისა დამოკიდებულია დამატებითი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე (სარქვლების რეკონსტრუქცია ან პროტეზირება, ანევრიზმის მოცილება და სხვა).

ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გარეშე აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების უპირატესობებია:

  • სისხლის უჯრედების ტრავმული დაზიანების თავიდან აცილება
  • ოპერაციის ნაკლები ხანგრძლივობა
  • სისხლის მიმოქცევის ხელოვნურ აპარატთან დაკავშირებული გართულებების თავიდან აცილება
  • ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დროის შემცირება

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..