შარდის გამოკვლევა იწყება მისი საერთო ანალიზით, რომელიც გამოხატავს შარდის ძირითად ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებს და მის მაკროსკოპულ შემადგენლობას. გამოკვლევის მიზნით სასურველია დილის, კონცეტრირებული შარდის შუა პორცია. შარდის ნალექის მიკროსკოპია უნდა ჩატარდეს შარდის შეგროვებიდან არაუგვიანეს 2 საათისა, ხოლო შარდის დაბალი ხვედრითი წონის შემთხვევაში (1010–ზე ნაკლები) – უშუალოდ მისი შეგროვების შემდეგ. შარდის საერთო ანალიზისას ისაზღვრება მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებები (შარდის ფერი, გამჭვირვალობა, ხვედრითი წონა, რეაქცია), ნალექის მიკროსკოპია, შარდში პათოლოგიური კომპონენტების არსებობა (ცილა, ერითროციტები, ლეიკოციტები და ა.შ)
საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.
შარდის საერთო ანალიზი – ფერი
ნორმაში ახლადგამოყოფილი შარდი გამჭვირვალე, ჩალისფერი–მოყვითალო ფერის სითხეა. პოლიურიის და თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს, შარდის შეფერილობა უფრო ნაკლები ინტენსივობისაა, ხოლო ცილების მომატებული კატაბოლიზმის შემთხვევაში (ცხელება, ჰიპერთირეოზი, ინფექცია, სიმსივნეები) უფრო მეტად გაჯერებული. შარდის შეფერილობის ცვლილება შესაძლებელია იყოს დაკავშირებული მთელ რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებთან. შარდის ფერი შეიძლება იყოს წითელი, ყავისფერი, მწვანე და სხვა. შარდის გამუქება მუქი ყავისფერამდე დამახასიათებელია სიყვითლისათვის, ხშირად ობტურაციული ან პარენქიმული, მაგალითად, ჰეპატიტის დროს. შარდის წითელი ან მოწითალო-მოვარდისფრო შეფერილობა განპირობებულია მასში სისხლის შერევით (მაკროჰემატურია), ეს შეიძლება შეინიშნებოდეს გლომერულონეფრიტის დროს. მუქი წითელი ფერი გამოწვეულია ჰემოგლობინურიით შეუთავსებელი სისხლის გადასხმის შედეგად, ჰემოლიზური კრიზის, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს და სხვა. გარდა ამისა შარდის წითელი ფერი დამახასიათებელია პორფირიისათვის. შარდში ცხიმების არსებობისას განზავებული რძის შესახედაობა აქვს, მონაცრისფრო – თეთრი ფერი შეიძლება განპირობებული იყოს მასში ჩირქის მინარევით (პიურია), მწვანე ან მოლურჯო ფერი აღინიშნება ნაწლავებში ლპობითი პროცესის მიმდინარეობისას, როდესაც შარდში ჩნდება დიდი რაოდენობით ინდოქსილსერინის მჟავა ან ორგანიზმში მეთილენის ლურჯის შეყვანისას.
შარდის შეფერილობის ცვლილების სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტის ან საკვები პროდუქტის გამოყენება. მაგალითად წითელი ფერი შეიძლება განპირობებული იყოს ჭარხლის, ამიდოპირინის, ანტიპირინის, სანტონინის, დიდი დოზებით ასპირინის მიღებით. სტაფილო, რიფამპიცინი, ფურანგინი, ფურადონინი იწვევს შარდის ნარინჯისფერ ფერს, მეტრონიდაზოლი – მუქ ყავისფერ შეფერილობას. ნორმაში შარდი გამჭვირვალეა, მისი შემღვრევა შეიძლება გამოიწვიოს მასში ბაქტერიების, ერითროციტების, უჯრედული ელემენტების, მარილების, ცხიმებისა და ლორწოს მოხვედრამ, რისი დადგენაც ხდება შარდის ნალექის მიკროსკოპიული გამოკვლევით.
- აცეტონის სუნი – კეტონურია
- ფეკალური მასების სუნი – ნაწლავური ჩხირით განპირობებული ინფექცია
- მყრალი სუნი – ფისტულა საშარდე გზებსა და ჩირქოვან ღრუებსა და ნაწლავს შორის
- თაგვის სუნი – ფენილკეტონურია
- კომბოსტოს სუნი – მეთიონინის მალაბსორბცია
დამპალი თევზის სუნი – ტრიმეთილამინურია
შარდის საერთო ანალიზი – რეაქცია
შარდის რეაქცია ჩვეულებრივ მჟავეა. ტუტე რეაქცია აღინიშნება უხორცო, ხილ–ბოსტნეულით მდიდარი კვებითი რაციონის შემთხვევაში; შარდის pH–ის მყარი მომატება შეიძლება იყოს მილაკოვანი აციდოზის, ბაქტერიული ინფექციის (რომელსაც გააჩნია შარდოვანას ამონიუმამდე დაშლის უნარი) ნიშანი. შარდის მჟავა გარემოში ადვილად წარმოიქმნება კრისტალები ურატების და ოქსალატების მარილებისგან, ხოლო ტუტე გარემოში – ფოსფატური მარილებისგან.
შარდის საერთო ანალიზი – შარდში ცილის არსებობა (პროტეინურია )
ჯანმრთელ ადამიანებში ხარისხობრივი სინჯებით პროტეინურიის განსაზღვრა ჩვეულებრივ არ ხერხდება; დღე–ღამის განმავლობაში მისი მაჩვენებელი 50 მგ. არ აღემატება. ცილებზე ხარისხობრივი რეაქციები (სინჯები სულფოსალაცილის და აზოტის მჟავებით) დადებითი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შარდში ცილების რაოდენობა აღემატება 0,033 გ/ლ. თირკმლების დაზიანების სიმძიმის შეფასების და დიაგნოსტიკის მიზნით უფრო ინფორმაციულია სადღეღამისო პროტეინურიის განსაზღვრა, ვიდრე ცილის განსაზღვრა შარდის ერთჯერად ანალიზებში.
გამოყოფენ გორგოლოვან პროტეინურიას, რომელიც აღინიშნება გორგლოვანი აპარატის გამავლობის დარღვევის დროს, და ტუბულარულ პროტეინურიას, რომლის მიზეზიც მილაკების მიერ დაბალმოლეკულური ცილების რეაბსორბციის დარღვევაა. პროტეინურია დამახასიათებელია ქრონიკული და მწვავე გლომერულონეფრიტის, თირკმლების ამილოიდოზის, დიაბეტური ნეფროპათიისა და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებებისათვის. ტუბულარული პროტეინურია შეიძლება განპირობებული იყოს ინტერსტიციული ნეფრიტით, მილაკების ეპითელიუმის ტოქსიკური დაზიანებით, ასევე მემკვიდრული ტუბულოპათიით. გარდა ამისა შარდში ცილა შეიძლება აღინიშნოს შარდსასქესო გზების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობის, ორსულთა ნეფროპათიის, ცხელების დროს. უმნიშვნელო პროტეინურიის ხანმოკლე ეპიზოდები შეიძლება აღინიშნოს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, სხეულის მდებარეობის მკვეთრი ცვლილებისას, ორგანიზმის გადაცივების ან გადახურებისას.
შარდის ნალექის მიკროსკოპია საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ მასში ერითროციტები, ლეიკოციტები, ცილინდრები, ეპითელიუმის უჯრედები. ჯანმრთელ ადამიანებში, მიკროსკოპის მხედველობის არეში, მისი 40–ჯერადი გადიდების შემდეგ, აღინიშნება 1–2 ერითროციტი და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ლეიკოციტების რაოდენობა არ აღემატება 5–ს მხედველობის არეში; ზოგჯერ ვლინდება ერთეული ჰიალინური ცილინდრები (მაგ. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ), ნორმაში მარცვლოვანი და ცვილისებრი ცილინდრების აღმოჩენა შარდში არ ხდება.
შარდის საერთო ანალიზი – ეპითელური უჯრედები შარდში
შარდში შეიძლება გამოვლინდეს ბრტყელი ეპითელიუმი (შარდის ბუშტის ზედა შრის ეპითელიუმი) ნორმაში აღინიშნება ერთეული მხედველობის არეში, თუ რაოდენობა მომატებულია, ეს მიუთითებს ცისტიტზე, დისმეტაბოლურ ნეფროპათიზე, მედიკამენტოზურ ნეფროპათიზე. ცილინდრული ან კუბური ეპითელიუმი (თირკმლის მილაკების, მენჯის, შარდსაწვეთის ამომფენი ეპითელიუმი), ნორმაში არ აღინიშნება, ვლინდება მხოლოდ ანთებითი დაავადებების დროს, ასევე გარდამავალი ეპითელიუმი, რომლითაც ამოფენილია საშარდე გზები, შარდის ბუშტი, აღინიშნება ცისტიტის, ურეთრიტის და შარდის გამომყოფი სისტემის სხვა ანთებითი დაავადებების დროს.
შარდის საერთო ანალიზი – ერითროციტები შარდში
შარდში ერითროციტები ნორმაში მამაკაცების შემთხვევაში არ არინიშნება, ქალებში კი ერთეული დასაშვებია. დიდი რაოდენობით ერითროციტები შარდში (მაკროჰემატურია) მიუთითებს თირკმლების ან შარდის ბუშტის დაავადებებზე ან შარდის გამომყოფი გზების რომელიმე ნაწილიდან სისხლდენაზე. ერითროციტები შეიძლება იყოს შეუცვლელი სახით, შეიცავდნენ ჰემოგლობინს ან შეცვლილი, თავისუფალი ჰემოგლობინისაგან, უფერო, ბეჭდის ფორმის. ასეთი ერითროციტები გვხვდება შედარებით დაბალი სიმკვრივის შარდში. მაღალი სიმკვრივის დროს ერითროციტები ნაოჭდება.
შარდის საერთო ანალიზი – ლეიკოციტები შარდში
ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა შარდში მიუთითებს ანთებით პროცესზე და ეწოდება ლეიკოციტურია, თუ ლეიკოციტების რაოდენობა 20-მდეა მხედველობის არეში და შარდი მაკროსკოპულად არ არის შეცვლილი, ხოლო მხედველობის არეში 60-ზე მეტი ლეიკოციტის არსებობისას – პიურია, ამ დროს შარდი მაკროსკოპულად მღვრიეა, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობისაა, მყრალი სუნით.
შარდის საერთო ანალიზი – შარდში ცილინდრების არსებობა (ცილინდრურია)
ჰიალინური ცილინდრები – ვლინდება ფიზიკური დატვირთვისას, ცხელების, ორთოსტატიკური პროტეინურიის, ნეფროზული სინდრომის, თირკმლების სხვადასხვა დაავადებების დროს
- მარცვლოვანი ცილინდრები – თირკმლის მილაკების დაშლილი უჯრედები ჰიალინურ ცილინდრებზე ან შრატის ცილებზე აგრეგირებული. ვლინდება მილაკების მძიმე დეგენერაციული დაზიანების დროს
- ცვილისებრი ცილინდრები – შეწებებული ცილები, რომლებიც ვლინდება მილაკების ეპითელიუმის დაზიანებისას, ხშირად აღინიშნება ქრონიკული, ნეფროზული სინდრომის დროს.
- ეპითელური ცილინდრები – თირკმლის ჩამოფცქვნილი ეპითელიუმი, დამახასაითებელია გლომერულონეფრიტის, ნეფროზული სინდრომის, მილაკების მძიმე დეგენერაციული ცვლილებებისას.
- ერითროციტები ცილინდრები – ერითროციტები, რომლებიც შრეებად არის განლაგებული ცილინდრებზე, უფრო ხშირად კი ჰიალინურ ცილინდრებზე. ვლინდება თირკმლისმიერი გენეზის ჰემატურიისას
- ლეიკოციტური ცილინდრები – ცილინდრებზე დაშრევებული ლეიკოციტები ან ლეიკოციტები კონგლომერატები ფიბრინთან და ლორწოსთან ერთად. აღინიშნება თირკმლისმიერი გენეზის ლეიკოციტურიის დროს. ანალიზები, დიაგნოსტიკა >>
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.