სასა მაგარი (palatum durum)

..

სასა მაგარი (palatum durum) – (სტომატ.) შედგება ყბათაშორისი ძვლისგან, სასის მორჩებისგან და სასის ძვლის ჰორიზონტალური ნაწილისგან. ყბათაშორისი ძვალი და სასის მორჩების ალვეოლური ნაწილი წარმოქმნიან ალვეოლური მორჩის ორალურ ნაწილს. მაგარი სასის უკანა კიდეს შიგნითა ბოლოებით შვერილის სახით შეერთებული 2 რკალის ფორმა აქვს და ცხვირის უკანა ქედი (spina nasalis posterior) ეწოდება. მაგარ სასას აქვს მილაკები და არხები, რომლებიც პირში იხსნებიან. მათში გადიან სისხლძარღვები და ნერვები. მაგარი სასის პირის ზედაპირი უსწორმასწოროა, შემაღლებებით, ჩაღრმავებებითა და წვრილი ღარებით სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის. ამის გამო, მისი მფარავი ლორწოვანი გარსი მასზე მჭიდროდ არის მიმაგრებული. ზედა ყბის და ძირითადად, ალვეოლური მორჩის ზრდისა და განვითარების შესაბამისად, მაგარი სასა იცვლის კონფიგურაციას: ის ბრტყელია ნაყოფში და მაღალი გუმბათი აქვს მოზრდილში. მისი ლორწოვანი გარსი წინა მესამედში მჭიდროდ არის შეზრდილი ძვლისსაზრდელასთან. სასის ნაკერის მიდამოში ის ძალიან თხელია, მგრძნობიარე ზეწოლისადმი. წინა მესამედში ლორწოვანი გარსი წარმოდგენილია მორგვის მსგავსი შემაღლებებით (rugae palatini). ახალშობილში მათ სასის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავთ, უკუგანვითარდება ასაკის მატებისას, ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით კბილების სრული დაკარგვის დროს, შეიძლება საერთოდ გაქრეს. მაგარი სასის შუა და უკანა ნაწილში, ნაკერის გვერდებზე არის გამოხატული ლორწქვეშა შრე, ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილი.       (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>