მითები ბავშვთა სტომატოლოგიის შესახებ

მითები ბავშვთა სტომატოლოგიის შესახებ

მრავალ მშობელს არასრული და ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვს ბავშვთა სტომატოლოგიის შესახებ. ამის მიზეზია ჩვენს ცნობიერებაში ჩაბეჭდილი მცდარი აზრები, რომლებიც ხშირად ხელს გვიშლიან ბავშვის კბილების დროულ მკურნალობაში.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

პირველი მითი

სარძევე კბილების კარიესის მკურნალობა არ ღირს, ისინი მაინც მოსაცვლელია. ამიტომ, სჯობს მათი ამოღება კარიესის განვითარებისთანავე.
ბავშვთა სტომატოლოგები განუწყვეტლივ ამტკიცებენ, რომ სარძევე კბილების ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია მომავალში მუდმივი კბილების მდგომარეობა. კბილის ამოღებით პრობლემას ვერ მოაგვარებ – კარიესით დაზიანებული სარძევე კბილის ამოღების შემდეგ გვერდით მდგომი კბილები იწყებენ გადაადგილებას და ავსებენ ცარიელ სივრცეს. შედეგად, მუდმივი კბილის ამოჭრისთვის კბილთა მწკრივში შეიძლება ადგილი აღარ დარჩეს, რის გამოც კბილი დაიკავებს არასწორ მდებარეობას. გარდა ამისა, სარძევე კბილების ნაადრევი ამოღების გამო შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს კუჭიც, რომელიც იძულებულია მოინელოს ცუდად დაღეჭილი საკვები.

მეორე მითი

ბავშვისთვის აუცილებელი არ არის საბავშვო კბილის პასტის გამოყენება, გამოდგება ნებისმიერი ხარისხიანი კბილის პასტა, რომლითაც სარგებლობენ ბავშვის მშობლები.

ბავშვის კბილების გაწმენდა აუცილებელია სწორედ სპეციალური საბავშვო პასტით, რომლის მწარმოებლებმაც გაითვალისწინეს ბავშვების კბილების ჩამოყალიბების ყველა თავისებურება. ამ პასტებს სასიამოვნო გემო აქვთ, შეიცავენ დამცავ მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს მოზრდილთა კბილის პასტებში.

მესამე მითი

ყველაზე მთავარია ბავშვმა საკმარისი რაოდენობით მიიღოს საკვები და ჭამოს რაც უნდა. კვების რაციონი კბილების ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს.

ექიმების მტკიცებით, არასწორი კვება ბავშვთა ასაკში კბილების დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუ ბავშვი 2-3 წლის ასაკიდან დიდი რაოდენობით იღებს კანფეტებს, ჩიფსებს და ტკბილ სასმელებს, მას არ ექნება ჯანმრთელი კბილები.

მეოთხე მითი

არ ღირს სპეციალიზებული ბავშვთა კლინიკის ძებნა, ბავშვს კბილებზე უმკურნალებს ნებისმიერი კარგი სტომატოლოგი – მაგალითად, ოჯახის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს ემსახურება.

ბავშვებთან მუშაობის დროს სტომატოლოგები, ძირითადად, იყენებენ სპეციალურ ინსტრუმენტებს, მასალებსა და პრეპარატებს, რადგან ბავშვთა სტომატოლოგია მაქსიმალურად უმტკივნეულო უნდა იყოს. კბილების გასაბურღად ხშირად გამოიყენება უხმო ლაზერი, რომელიც შეიძლება არ ჰქონდეთ მოზრდილთა კლინიკაში. ხოლო მოზრდილთა ექიმმა, რომელმაც არ იცის ბავშვის ფსიქოლოგია, შეიძლება ბავშვთან სწორი მიდგომა ვერ მოძებნოს.

მეხუთე მითი

ბავშვების კბილების დაბჟენა შეუძლებელია კომპოზიტური მასალებით, რადგან მათი სწორი გამოყენება დროს საჭიროებს.

სპეციალიზებულ ბავშვთა კლინიკებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვი მკურნალობისთვის აუცილებელ პერიოდში მშვიდად იჯდეს სავარძელში. სათამაშოები, მულტფილმები და მუსიკა ბავშვს დაეხმარება მოდუნებაში, ხოლო ექიმს – მკურნალობის ხარისხიანად ჩატარებაში.

მეექვსე მითი

თანკბილვის პრობლემებს მაშინ მივხედავთ, როდესაც დამთავრდება სარძევე კბილების შეცვლა მუდმივებით.

არასწორი თანკბილვა შეიძლება გახდეს ზურგისა და კისრის ტკივილების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სუნთქვის პრობლემების მიზეზი, ასევე გამოიწვიოს ღრძილების დაავადებები. ამიტომ, ნუ დაველოდებით მუდმივი კბილების ამოსვლას და დროულად მივმართოთ ექიმს სარძევე კბილების მდებარეობის ნებისმიერი პრობლემის დროს.

მეშვიდე მითი

ბავშვის კბილების მკურნალობა სპეციალიზებულ ბავშვთა კლინიკაში შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს.

სტომატოლოგიური მკურნალობა იაფი არ არის არც მოზრდილთათვის და არც ბავშვებისთვის. მაგრამ, სჯობს გადაიხადოთ გარკვეული თანხა სათანადო დონის მომსახურებაში, როდესაც ექიმი, რომელთანაც ბავშვი არ განიცდის არანაირ შიშს და დისკომფორტს, ითვალისწინებს ბავშვებში კბილების განვითარების ყველა თავისებურებებს, ვიდრე მრავალგზის ეცადოთ ბავშვის მკურნალობას მოზრდილთა ჩვეულებრივ კლინიკაში. გადასვლა >>სტომატოლოგია 2. ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.