როგორ მოვიქცეთ შემოქმედ ბავშვთან

როგორ მოვიქცეთ შემოქმედ ბავშვთან

ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მათი შვილი წარმატებულ და შემდგარ პიროვნებად გაიზარდოს, რისთვისაც ძალას არ იშურებენ, ზოგჯერ გადამეტებითაც ზრუნავენ და ბავშვს სასკოლო პროგრამის გარდა დამატებითი საგნებითაც ტვირთავენ.
ასეთ დროს ბევრი მშობელი უშვებს შეცდომას და შვილს ხატვაზე, ცეკვაზე, უცხო ენებზე, ცურვაზე, მათემატიკის წრეზე და კლდეზე ცოცვაზე ერთდროულად ატარებს.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჯერ ბავშვის შესაძლებლობები შევისწავლოთ, მისი სურვილები გავითვალისწინოთ და შესაბამისი მიმართულებით განვავითაროთ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ხელოვნება სწორედ ის სფერო გახლავთ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ბავშვს აინტერესებს და არც სხვა საგნების დაუფლებაში უშლის ხელს, ამიტომ მისი ამ სფეროთი დაინტერესებას აგდებულად ნუ მოეკიდებით, მიუხედავად იმისა, რომ გსურთ, ბავშვი ახალი მუსხელიშვილი ან ვეკუა გაიზარდოს – შემოქმედებითი აზროვნება მას ნებისმიერ სფეროში დაეხმარება.
ჩვენთან სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი არა ერთი სახელოვნებო სკოლა არსებობს, სადაც პროფესიულ განათლებას მისცემენ, თქვენ კი მისი მისწრაფებები უნდა წაახალისოთ, რადგან გამორიცხული არ არის, ვეკუას ნაცვლად ფალიაშვილი ან გუდიაშვილი გეზრდებოდეთ.
კარგი იქნება, თუ თქვენი მონაწილეობა მხოლოდ ბავშვის ამა თუ იმ წრეზე ტარებით არ შემოიფარგლება და შემოქმედებითი ჰორიზონტის დაფართოებაშიც დაეხმარებით. ეცადეთ, ყველაზე ტრივიალური მოვლენაც საინტერესო რაკურსით წარმოუდგინოთ. მაგალითად, წვიმა ნუ იქნება მხოლოდ ატმოსფერული მოვლენა – დაე, მასში შემდგომ მოსალოდნელი ცისარტყელა დაინახოს. ნურც ირეალური წარმოდგენის შექმნისა შეგეშინდებათ, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ ფანტაზიისა და ზღაპრების სამყაროში მოგზაურობა, რაც შემოქმდებით უნარებს განსაკუთრებული მიმართულებით ავითარებს.

იყავით ინტერაქტიული

რადგან შემოქმედ ადამიანებს ძალიან უყვართ, როდესაც მათ ნამუშევრებს აფასებენ. ნურც კრიტიკას მოერიდებით, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ისეთი დოზით, რომ ბავშვს ხატვის ან სიმღერის სურვილი დაეკარგოს. აუხსენით ბავშვს, რომ მის მიერ შექმნილი ნებისმიერი ნამუშევარი მისივე შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, ამიტომ ყველაზე უხეიროდ გამოსულიც უნდა უყვარდეს და აფასებდეს, რათა უკეთესის შექმნის მოტივაცია გაუჩნდეს.

ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური

დაე, თქვენი როლი მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნითა და შეფასებით შემოიფარგლოს – დანარჩენი მთლიანად პატარა შემოქმედს მიანდეთ. მიეცით უფლება, თავად გადაწყვიტოს, ბალახი მწვანე უნდა იყოს თუ წითელი, ყვავილებს პეპლების ფორმა ჰქონდეს თუ ჭიამაიების. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ბავშვის მიერ წარმოდგენილი სამყაროა, რომელიც ბევრად განსხვავდება ჩვენი წარმოდგენისგან და ვინ იცის – იქნებ, სწორედ ის გახლავთ სწორი…
დაუსრულებელი შენიშვნები და მითითებები ბავშვს დათრგუნავს და, შესაძლოა, ისიც აფიქრებინოს, რომ, ვთქვათ, რახან ხატვა არ შეუძლია, სხვა სფეროშიც წარუმატებელი იქნება, რაც ხელოვნების მიმართ ინტერესს დაუკარგავს. ასაკის მიუხედავად, ბავშვი უკვე გახლავთ პიროვნება, ამიტომ ნუ ეცდებით ზედმეტად დათრგუნოთ მასში ინდივიდუალიზმი და საკუთარი სამყაროს გამოხატვის სურვილი.
ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ ის უნიკალურია და ამის გამოხატვა საუკეთესოდ შეუძლია. დაე, დარწმუნდეს, რომ ფუნჯის ერთი მოსმით ან პლასტელინისგან გამოძერწილი ფიგურით სამყაროს შეცვლა შეუძლია. ეს მას საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს, რაც სხვა სფეროში წარმატებაშიც დაეხმარება. გადასვლა>>> ,,ბავშვი”