როდის ცდებიან მშობლები

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები ,,ამაზონზე”


როდის ცდებიან მშობლები

ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი მეთოდი გააჩნია.
მართალია, ზოგჯერ ყველაზე თავდაჯერებული მშობლებიც ითვალისწინებენ სხვის (მაგალითად, ფსიქოლოგების) რჩევებს, მაგრამ უმეტესად საკუთარ ოჯახში მიღებულ და აპრობირებულ პრაქტიკას ეყრდნობიან.

ასეთ მშობლებს განსაკუთრებით უჭირთ აღზრდისას დაშვებული შეცდომების აღიარება, რაც, პირველ რიგში, სწორედ შვილებს ვნებს.
ასეთი შეცდომები საკმაოდ ბევრია, ქვემოთ კი ყველაზე გავრცელებულ ათ შემთხვევას გთავაზობთ.

პირველი შეცდომა – მუქარა, რომ შვილი აღარ გეყვარებათ

მშობლის პოზიცია: ჩემს ნებისმიერ თხოვნას ეწინააღმდეგება.
ზოგჯერ მგონია, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. უბრალოდ არ ესმის, რას ველაპარაკები. აღარც მუქარა ჭრის. ისღა დამრჩენია ვუთხრა, რომ აღარ მეყვარება – იქნებ შეეშინდეს და ასე მაინც დამმორჩილდეს.
ფსიქოლოგის რჩევა: ეს არის მუქარა, რომელსაც ვერც ერთი მშობელი ვერ აასრულებს, ამიტომ ის აზრს კარგავს. ბავშვი კარგად ხვდება სიცრუესა და ტყუილ დაპირებას, რაც მომავალში თქვენდამი უნდობლობას უფრო გაუღრმავებს.
ამიტომ ჯობს, უთხრათ: \”ნებისმიერ შემთხვევაში მეყვარები, მაგრამ გახსოვდეს, რომ შენს ამ საქციელს არ ვამართლებ\”. ამგვარი გულწრფელობა და სიყვარულის გამოხატვა მასზე უფრო მეტად იმოქმედებს.

მეორე შეცდომა – გულგრილი დამოკიდებულება

მშობლის პოზიცია: ტყუილად რატომ დავიძაბო? ბავშვთან კამათს ხომ აზრი არ აქვს.
ჯობს, თავად ისწავლოს საკუთარი პრობლემების მოგვარება, ზრდასრული ცხოვრებისთვის ასე უკეთ მოემზადება და დამოუკიდებელიც გახდება, მე კი მშვიდად ვიქნები.
ფსიქოლოგის რჩევა: არასდროს აჩვენოთ, რომ თქვენთვის სულ ერთია.
ბავშვი ნებისმიერ ასაკში მშობელზეა დამოკიდებული, დედისა და მამის აზრი მისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ წაართმევთ ამ განცდას და ნურც თქვენ მოიკლებთ შვილთან სასიამოვნო ურთიერთობის სიამოვნებას.
თქვენ მისთვის მაგალითი ხართ, ამიტომ მშობლის ერთი სიტყვაც კი ბევრს ნიშნავს.
გულგრილობა ერთმანეთს დაგაშორებთ, რადგან მცირე ასაკის ბავშვი ვერ იაზრებს, რომ მის საქმეებში ჩაურევლობით მხოლოდ და მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის უნარის გამომუშავება გსურთ.
თუ მაინც თქვენს პოზიციაზე გსურთ დარჩენა და განზე დგომას ამჯობინებთ, შვილს ერთხელ მაინც უთხარით, რომ თუ ამის აუცილებლობა იქნება, ნებისმიერ დროს შეუძლია, დახმარებისა და რჩევისთვის მოგმართოთ. ამით ოდნავ მაინც გაუსვამთ ხაზს, რომ მის ცხოვრებაში ჯერ კიდევ არსებობთ.

მესამე შეცდომა – გადაჭარბებული სიმკაცრე

მშობლის პოზიცია: შვილი უსიტყვოდ უნდა მემორჩილებოდეს. ეს აზრი გასაჩივრებას არ ექვემდებარება და არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი 6 წლისაა თუ 16. თუ ერთხელ მაინც დაუთმობ, თავზე დაგაჯდებიან. ამას ვერ დავუშვებ!
ფსიქოლოგის რჩევა: ბავშვს ზუსტად უნდა ესმოდეს მის გარშემო რა, რატომ და როგორ ხდება.
ბოლომდე უნდა აცნობიერებდეს მშობლის მისდამი ამა თუ იმ დამოკიდებულების მნიშვნელობასა და მიზეზს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გვერდით მორჩილი იქნება, სხვაგან კი ისე მოიქცევა, როგორც თავად სურს.
ზედმეტი სიმკაცრე უკიდურესი ფორმაა – შვილთან ურთიერთობისთვის სიყვარული, მეგობრული დამოკიდებულება, ურთიერთგაგება და ზომიერი თანასწორობა უფრო გამოგადგებათ.

მეოთხე შეცდომა – განებივრება

მშობლის პოზიცია: ბავშვი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურება, ამიტომ მას ზედმეტად არ დავტვირთავ. ბავშვობა ხომ ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, ამიტომ რა საჭიროა ყოფითი საკითხებით მისი შეწუხება.
მე მას ყველა პრობლემისგან გავანთავისუფლებ, ყველა სურვილს შევუსრულებ და ასე უფრო ბედნიერი იქნება.
ფსიქოლოგის რჩევა: განებივრებულ ბავშვებს ძალიან უჭირთ რეალურ ცხოვრებასთან შეგუება და ადაპტირება.
მშობლის გადაჭარბებული მზრუნველობის ქვეშ გაზრდილი ბავშვი მომავალში ბევრ პრობლემას აწყდება – ციცქნა კენჭიც კი უზარმაზარ ლოდად ეჩვენება, რაც მას გამუდმებით სტრესში ამყოფებს, თავს დაუცველად და მარტოსულად აგრძნობინებს, აკლია თავდაჯერება და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა.
თუ ბავშვი თავადაა თქვენზე დამოკიდებული, მაშინ ასეთ ტაქტიკას გთავაზობთ: სთხოვეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაგრამ დაჰპირდით, რომ თუ წინაღობას წააწყდება, აუცილებლად დაეხმარებით. ეს მას გამბედაობასაც შეჰმატებს და მშობლის იმედსაც არ დაუკარგავს.

მეხუთე შეცდომა – საკუთარი როლის გაზვიადება

მშობლის პოზიცია: შვილი ჩემთვის ყველაფერია და, შესაბამისად, მეც მის ცხოვრებაში უმთავრეს როლს ვთამაშობ.
მასთან ნებისმერ თემაზე შემიძლია საუბარი, ყველგან ერთად დავდივართ, რაც ორივეს ძალიან გვახარებს.
ჩვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვართ. მას ჩემი ზრდასრულივით ესმის.
ფსიქოლოგის რჩევა: მართლაც, შვილები ყველანაირად ცდილობენ მშობლებს ასიამოვნონ, მათნაირი იყვნენ, დიდებივით იაზროვნონ, ოჯახის ყოფითი პრობლემები გაიზიარონ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მათ საკუთარი სამყარო გააჩნიათ და პირადი პრობლემების განხილვაც თანატოლებთან ურჩევნიათ.
მშობელი არასდროს დაკარგავს ადგილს შვილის ცხოვრებაში, მაგრამ ნუ ეცდებით ამ ცხოვრების სრულ ოკუპაციას – ბალანსი ნებისმიერი საკითხის სწორად გადაჭრის წინაპირობაა.

მეექვსე შეცდომა – ფულთან დამოკიდებულება

მშობლის პოზიცია: ფინანსურად არც ისე ძლიერი ოჯახი მყავს, ამიტომ თავს შვილის განებივრების უფლებას ვერ მივცემ, ბევრ რამეზე უარს ვეუბნები, მუდამ გამონაცვალი აცვია. ვფიქრობ, უფრო მეტი ფული რომ გვქონდეს, უკეთესი მშობელი ვიქნებოდი.
ფსიქოლოგის რჩევა: ბანალურია გამონათქვამი, რომ სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ფაქტია. ნუ დაისჯით თავს იმის გამო, რომ შვილისთვის ყველა სურვილის ასრულებას ვერ ახერხებთ.
ძვირფასი საჩუქრები შეგიძლიათ მასთან ერთად გატარებული დროით, საერთო გართობით, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებით ჩაანაცვლოთ.
შვილს, პირველ რიგში, თქვენ უყვარხართ და მერე სხვა დანარჩენი, მით უფრო თქვენი საფულე. ამრიგად მცირე შემოსავლის გამო თავს ნუ დაისჯით – ასეთი მშობელი არც ერთ შვილს არ უნდა.

მეშვიდე შეცდომა – გრანდიოზული გეგმები

მშობლის პოზიცია: ბავშვობაში ბალერინობაზე (ექიმობაზე, კოსმონავტობაზე, პიანისტობაზე, ფეხბურთელობაზე) ვოცნებობდი, მაგრამ ვერ შევძელი.
საბედნიეროდ, მაქვს შანსი ჩემი ოცნება ნაწილობრივ მაინც ავისრულო და შვილს საუკეთესო განათლება მივცე. შეიძლება, ეს პროფესია სულაც არ აინტერესებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ მისთვის საუკეთესო მინდა.
ფსიქოლოგის რჩევა: შვილები ყოველთვის არ იზიარებენ მშობლის სურვილებს, უბრალოდ სხვა ინტერესები გააჩნიათ, ამიტომ ძალით მუსიკაზე ტარება მათი უფლებების შელახვის ტოლფასია.
ვიდრე ბავშვი პატარაა, მისი დამორჩილება კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მოზარდი ამგვარ დამოკიდებულებას გაცილებით მძაფრად განიცდის და მშობლის გავლენისგან თავის დახსნის სურვილი უჩნდება, რაც შეიძლება პროტესტის მიუღებელ ფორმაშიც გამოიხატოს (სახლიდან გაქცევა, ნარკოტიკი, ჩხუბი, ალკოჰოლის მიღება და სხვა). ამრიგად ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი, პირველ რიგში, ინდივიადუალური პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი ინტერესები და სურვილები გააჩნია.

მერვე შეცდომა – სითბოს სიმცირე

მშობლის პოზიცია: შვილებმა ისედაც იციან, რომ მიყვარს, ამიტომ რა საჭიროა ზედმეტი ალერსისა და სითბოს გამოჩენა.
ფსიქოლოგის რჩევა: ელემენტარული სითბოს დემონსტრირება ბავშვს კიდევ უფრო უმყარებს აზრს, რომ მშობლებს ის ძალიან უყვართ, რაც სიმშვიდესა და თავდაჯერებას ჰმატებს.
ზოგი ბავშვი ძალიან ალერსიანია, უყვარს მშობლებთან და და-ძმასთან ჩახუტება, კოცნა – თქვენც იმავეთი უპასუხეთ, მაგრამ ნურც ზედმეტი სიყვარულის თავს მოხვევას შეეცდებით. ზომიერება ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავით.

მეცხრე შეცდომა – მშობლის ხასიათი

მშობლის პოზიცია: სამსახურში უსიამოვნება მაქვს, რაც ჩემს ხასიათზე აისახება.
ამის გამო ოჯახში მუდამ დაძაბული ვითარებაა, შვილსაც ვეჩხუბები, მაგრამ ეს არაფერია – როდესაც ყველაფერი მოგვარდება, კარგ საჩუქარს ვუყიდი და ისიც დამშვიდდება.
ფსიქოლოგის რჩევა: თქვენი ხასიათის ცვლილება ყველაზე ნაკლებად სწორედ შვილზე უნდა აისახებოდეს. განვიხილოთ მაგალითი: კარგ ხასიათზე ყოფნისას შინ გვიან მოსვლის უფლებას აძლევთ, ხასიათის გაფუჭების შემდეგ კი გასვლას საერთოდ უკრძალავთ.
ასეთ დროს ბავშვი იბნევა, ჰგონია, რომ თავად დააშავა რაღაც.
თუ საკუთარი განწყობის კონტროლს ვერ ახერხებთ, მაშინ ჯობს, ბავშვს წინასწარ აუხსნათ, რომ თქვენი ხასიათის ცვლილებებისთვის მზად იყოს. ეს ოდნავ მაინც აგაცილებთ შვილთან გაუცხოებისა და ურთიერთობის გაფუჭების საშიშროებას.

მეათე შეცდომა – დროის სიმცირე

მშობლის პოზიცია: სამსახური იმდენ დროს მართმევს, რომ შვილთან ყოფნას პრაქტიკულად ვერ ვახერხებ. ვუვლი, ვუმზადებ საჭმელს, ვურეცხავ, სკოლისთვის/ბაღისთვის/უნივერსიტეტისთვის ვამზადებ, მაგრამ არ მაქვს დრო, რომ მასთან ერთად გავისეირნო, კინოში წავიყვანო, წავუკითხო და ა.შ.
ფსიქოლოგის რჩევა: თქვენ მშობელი ხართ, თქვენი მთავარი სამსახური შვილის აღზრდაა, ამიტომ კვირაში ერთხელ ნახევარი საათი მაინც უნდა გამოძებნოთ, რათა მასთან ურთიერთობა შეძლოთ.
ბავშვი, რომელსაც გამუდმებით ესმის, რომ უფროსებს მისთვის დრო არ აქვთ, სითბოსა და ყურადღების ძიებას სხვაგან იწყებს ან საკუთარ თავში იკეტება.
სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც რომ ჰკითხოთ, თუ როგორ გრძნობს თავს, საკმარისი იქნება.
ნუ მოიკლებთ შვილებთან ურთიერთობის სიამოვნებას – ამას ვერც ერთ სამსახურში ვერ აგინაზღაურებენ. 
გადასვლა>>> ,,ბავშვი”

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1389959858